არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

იცოდით თუ არა?

რა დაემართა სინამდვილეში შეთანხმების კიდობანს?

შეთანხმების კიდობანი ღვთის ისრაელებთან ყოფნაზე მიუთითებდა (გამოსვლა 25:22). ეს იყო ოქროთი მოვარაყებული წმინდა სკივრი, რომელშიც მოსემ ქვის ორი ფილა ჩადო. ამ ფილებზე ღვთის კანონი ეწერა. ისრაელების უდაბნოში ყოფნისას კიდობანი შეხვედრის კარვის წმინდათაწმინდაში ინახებოდა (გამოსვლა 26:33). ბოლოს, კიდობანი სოლომონის ტაძრის წმინდათაწმინდაში მოათავსეს (1 მეფეები 6:19).

კიდობანი უკანასკნელად 2 მატიანეს 35:3-ში მოიხსენიება, კერძოდ, მაშინ როცა მეფე იოშიამ ძვ. წ. 642 წელს ტაძარში დააბრუნა. კიდობანი, შესაძლოა, ტაძრიდან იოშიას წინამორბედმა, განდგომილმა მენაშემ გაიტანა, რომლის ადგილზეც კერპი დადგა; ან შეიძლება კიდობანი დაცვის მიზნით ტაძრიდან მაშინ გაიტანეს, როცა იოშია მის აღდგენას შეუდგა (2 მატიანე 33:1, 2, 7; 34:1, 8—11). ცნობილი არ არის, რა მოუვიდა კიდობანს ამის შემდეგ, რადგან იგი არ მოიხსენიება იმ საგნებს შორის, რომლებიც ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დაპყრობისას ბაბილონელებმა ტაძრიდან გაიტანეს (2 მეფეები 25:13—17).

წმინდა წერილებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, დაუბრუნდა თუ არა კიდობანი ზერუბაბელის მიერ აღდგენილ ტაძარს, ან გააკეთეს თუ არა მისი მსგავსი კიდობანი (ეზრა 1:7—11).

ვინ იყვნენ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სახელი იაკობით ცნობილი მამაკაცები?

ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ოთხი იაკობია მოხსენიებული და ადვილად შეიძლება ერთმანეთში აგერიოთ. * ერთ-ერთი მათგანი მოციქულ იუდას (არა იუდა ისკარიოტელის) მამა იყო, ვის შესახებაც მეტი არაფერია ცნობილი (ლუკა 6:16; საქმეები 1:13).

იაკობის სახელით ცნობილი კიდევ ერთი კაცი ზებედეს ვაჟი, იგივე იოანეს ძმა იყო; იაკობიცა და იოანეც იესოს მოციქულები იყვნენ (მათე 10:2). იაკობის დედას, როგორც ჩანს, სალომე ერქვა, რომელიც იესოს დეიდა იყო (შეადარეთ მათეს 27:55, 56 მარკოზის 15:40, 41-სა და იოანე 19:25-თან). თუ ეს ასეა, გამოდის, რომ იაკობი იესოს დეიდაშვილი იყო. ის და თავისი ძმა მეთევზეობით იყვნენ დაკავებული პეტრესა და ანდრიასთან ერთად (მარკოზი 1:16—19; ლუკა 5:7—10).

კიდევ ერთი იაკობი, ალფეს ვაჟი, იესოს ერთ-ერთი მოციქული იყო (მარკოზი 3:16—18). ის მარკოზის 15:40-ში „იაკობ მცირედ“ მოიხსენიება. ეს შეიძლება იმიტომ, რომ ზებედეს ვაჟზე, იაკობზე ტანდაბალი ან ასაკით პატარა იყო.

იოსებისა და მარიამის ვაჟს, იუდას ძმასა და იესოს ნახევარძმასაც იაკობი ერქვა (მარკოზი 6:3; გალატელები 1:19). ეს იაკობი დედამიწაზე იესოს მსახურების დროს მისი მოწაფე არ ყოფილა (მათე 12:46—50; იოანე 7:5). მაგრამ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულამდე იერუსალიმში იაკობმა დედასთან, თავის ძმებთან და მოციქულებთან ერთად ზემოთა ოთახში ილოცა (საქმეები 1:13, 14). მოგვიანებით იაკობი იერუსალიმის კრების ერთ-ერთი სამაგალითო წევრი გახდა. მან დაწერა ბიბლიის ერთ-ერთი წიგნი, რომელიც მის სახელს ატარებს (საქმეები 12:17; იაკობი 1:1).

[სქოლიო]

^ აბზ. 7 ბიბლიაში იაკობი იმ მონაკვეთებშიცაა მოხსენიებული, სადაც წერია „აბრაამი, ისაკი და იაკობი“, მათეს 1:16-ში კი იაკობი მარიამის ქმრის, იოსების მამას ჰქვია.