არსებობს ეშმაკი?
მკითხველები გვეკითხებიან
არსებობს ეშმაკი?
ბიბლია გვასწავლის, რომ სატანა ეშმაკი არსებობს და ის რეალური პიროვნებაა. მაგრამ ბიბლიის კრიტიკოსებს ეს სიცილად არ ჰყოფნით. მათი აზრით, ეშმაკი უბრალოდ ადამიანებში არსებული ბოროტებაა.
უნდა გაგვიკვირდეს, რომ სატანის შესახებ სხვადასხვაგვარი შეხედულება არსებობს? რა თქმა უნდა, არა. მოვიყვანოთ მაგალითი: ბოროტმოქმედმა დანაშაულის ადგილზე შეიძლება წაშალოს თავისი კვალი, რომ მისი ვინაობა არ დაადგინონ და მან კვლავაც შეძლოს ფარულად დანაშაულის ჩადენა. მსგავსადვე, სატანაც ბოროტმოქმედია, რომელიც ფარულად მოქმედებს და ხალხის ზნეობრივად გახრწნას უწყობს ხელს. იესომ ნათლად თქვა, რომ სატანა პასუხისმგებელია ყველა იმ ბოროტებაზე, რაც დღეს ხდება. იესომ სატანას „ქვეყნიერების მმართველი“ უწოდა (იოანე 12:31).
როგორ გაჩნდა ეშმაკი? თავდაპირველად, ის ღმერთმა სრულყოფილ სულიერ ქმნილებად შექმნა ზეცაში. ეს ანგელოზი ეშმაკი მას შემდეგ გახდა, რაც სურვილი გაუჩნდა, რომ ადამიანებს ღვთის ნაცვლად მისთვის ეცათ თაყვანი, და ღმერთის წინააღმდეგ წავიდა. დედამიწაზე იესოსა და სატანას შორის გამართული საუბრიდან, რომელიც ბიბლიაშია ჩაწერილი, ნათლად ვიგებთ, თუ როგორი ეგოისტური სურვილები აქვს ეშმაკს. სატანას სურდა, რომ იესო ‘დამხობილიყო და თაყვანი ეცა’ მისთვის (მათე 4:8, 9).
სატანის მოტივები კარგად ჩანს იობის წიგნიდანაც, რომელშიც სატანისა და ღმერთის საუბარია აღწერილი. ამ საუბრიდან ვიგებთ, რომ სატანა მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა, რათა ადამიანებს ზურგი ექციათ ღვთისთვის (იობი 1:13—19; 2:7, 8).
დაფიქრდით: თუ სატანა იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს ელაპარაკა, განა შეიძლება, რომ ის უბრალოდ ადამიანებში არსებული ბოროტება იყოს?! ღმერთსა და მის ძეში არანაირი ბოროტება არ არსებობს. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ სატანა რეალური პიროვნებაა — ბოროტი სულიერი ქმნილება, რომელიც იეჰოვასა და მის ძეს პატივს არ მიაგებს.
ეშმაკის არსებობას ისიც ადასტურებს, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი ბოროტება ხდება. მრავალ ქვეყანაში დიდი რაოდენობით საკვები პროდუქტი ფუჭდება, მაშინ როცა ამ ქვეყნების მოსახლეობა შიმშილობს. სახელმწიფოები მასობრივი განადგურების იარაღს იმარაგებენ. ადამიანები გარემოს აბინძურებენ. მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ არც კი იცის, ვინ დგას ამ საშინელი საქმეების უკან.
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სატანამ „დაუბრმავა გონება“ ურწმუნოებს (2 კორინთელები 4:4). ხალხის შეცდომაში შესაყვანად სატანა თავის უხილავ ორგანიზაციას იყენებს. ის ‘დემონების მმართველია’ (მათე 12:24). მაგალითად, როგორც ბანდის მეთაურს შეუძლია ბანდის წევრებს დაავალოს, დაიქირაონ ხალხი დანაშაულის ჩასადენად ისე, რომ ამ უკანასკნელებმა არაფერი იცოდნენ მეთაურის ვინაობის შესახებ, სატანაც იყენებს თავის ცბიერ ორგანიზაციაში მყოფ ბოროტ ანგელოზებს, რათა ზეგავლენა მოახდინონ ხალხზე, რომელთაგანაც უმრავლესობამ არაფერი იცის ეშმაკის ვინაობის შესახებ.
ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ბიბლია სიმართლეს გვიმჟღავნებს ეშმაკსა და მის ორგანიზაციაზე! ამის წყალობით შეგვიძლია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ეშმაკს. ბიბლია მოგვიწოდებს: „დაემორჩილეთ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7).