არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გლობალური პრობლემების გადაჭრა

გლობალური პრობლემების გადაჭრა

გლობალური პრობლემების გადაჭრა

ბევრ ადამიანს გულთან ახლოს მიაქვს გაჭირვებულთა მდგომარეობა. მაგალითად, მედპერსონალი საათობით მუშაობს საავადმყოფოებში, რომ ავადმყოფებსა თუ დასახიჩრებულებს დაეხმარონ. მეხანძრეები, პოლიციელები, კანონმდებლები და მაშველები ცდილობენ, სხვებს ტანჯვა შეუმსუბუქონ ან თავიდან აარიდონ. ისინი გარკვეულ შედეგსაც აღწევენ, მაგრამ გლობალური მასშტაბით პრობლემების მოგვარება არც ერთ ადამიანსა თუ ორგანიზაციას არ შეუძლია. მათგან განსხვავებით ღმერთს შესწევს ამის ძალა და გადაჭრის კიდეც ყველა პრობლემას.

ამაში გვარწმუნებს ბიბლიის ბოლო წიგნში ჩაწერილი სიტყვები: „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“ (გამოცხადება 21:4). ღვთის განზრახვის თანახმად, ყოველგვარი ტანჯვა აღმოიფხვრება, როცა ღმერთი მთელ დედამიწაზე მოსპობს ომებს, შიმშილს, ავადმყოფობასა და უსამართლობას ყველა ბოროტთან ერთად. ამის გაკეთება არც ერთ ადამიანს არ შეუძლია.

რას მოიმოქმედებს ღვთის სამეფო?

ღმერთი თავის განზრახვას განახორციელებს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ღვთის შემდეგ სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი პიროვნებაა. მოდის დრო, როცა მთელ დედამიწაზე მხოლოდ იესო იმეფებს. ადამიანები აღარ იმმართველებენ — აღარ იარსებებენ მეფეები, პრეზიდენტები თუ პოლიტიკოსები. იმმართველებს მხოლოდ ერთი ხელისუფლება — ღვთის სამეფო.

ეს სამეფო მოსპობს ყველა ადამიანურ მთავრობას. ბიბლიაში დიდი ხნის წინათ ნაწინასწარმეტყველები იყო: „ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც არასოდეს დაიქცევა. ეს სამეფო სხვა ხალხს არ გადაეცემა. ის დააქცევს და ბოლოს მოუღებს ყველა ამ სამეფოს, თავად კი მარადიულად იდგება“ (დანიელი 2:44). მთელი დედამიწის ხალხებზე მხოლოდ ერთი — ღვთის სამართლიანი სამეფო იმმართველებს.

როდესაც იესო დედამიწაზე იყო, მან არაერთხელ ისაუბრა ამ სამეფოს შესახებ. სწორედ ეს სამეფო მოიხსენია მან თავისი მოწაფეებისთვის ნიმუშად მიცემულ ლოცვაში: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ამ ლოცვის თანახმად, დედამიწაზე ღვთის განზრახვას ეს სამეფო შეასრულებს, რადგან მხოლოდ მას შესწევს ძალა, ბოლო მოუღოს ტანჯვას.

ღვთის სამართლიანი მმართველობა ისეთ კურთხევებს მოიტანს, როგორიც არასდროს მოუტანია ადამიანურ მმართველობას. გაიხსენეთ, რომ ღმერთმა საკუთარი ძე შესწირა, რათა ადამიანებს მარადიული სიცოცხლის მიღების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები გასრულყოფილდებიან. იმ დროს იეჰოვა „სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს და ყველა სახიდან მოსწმენდს ცრემლს“ (ესაია 25:8).

ზოგმა შეიძლება იკითხოს: „აქამდე რატომ არაფერი გააკეთა ღმერთმა? რას ელოდება?“ იეჰოვას დიდი ხნით ადრე შეეძლო, ბოლო მოეღო ტანჯვისთვის. მაგრამ ის უშვებს ბოროტებას არა საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის, არამედ იმიტომ, რომ მისმა მიწიერმა შვილებმა მარადიულად გაიხარონ დედამიწაზე. მოსიყვარულე მშობლებმა შეიძლება დაუშვან, რომ შვილები დროებით დაიტანჯონ, თუ ეს მათ მომავალში ხანგრძლივ ბედნიერებას მოუტანთ. მსგავსად, არსებობს იმის საფუძვლიანი მიზეზი, თუ რატომ უშვებს იეჰოვა დროებით ადამიანთა ტანჯვას. ეს მიზეზები ბიბლიაშია მოყვანილი. ესენია: ნების თავისუფლება, ცოდვა და იეჰოვას უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხი. ბიბლიიდან აგრეთვე ვიგებთ, რომ ბოროტ სულიერ ქმნილებას დედამიწაზე მმართველობისთვის მცირე დრო მიეცა. *

მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია რამდენიმე ფურცელზე ყველა იმ მიზეზის დაწვრილებით განხილვა, რომლებიც იმედს გვინერგავს და გვამხნევებს, შეგვიძლია ვისაუბროთ ორ მათგანზე. პირველი, იეჰოვას კურთხევები ნებისმიერ ტანჯვას გადაწონის. უფრო მეტიც, ღმერთი გვარწმუნებს, რომ ‘აღარ გაგვახსენდება წინანდელი და არც გულში გავივლებთ’ (ესაია 65:17). ღმერთი სამუდამოდ აღმოფხვრის ყოველგვარ ტანჯვას, რაც ბოროტების დროებით არსებობამ გამოიწვია.

მეორე, ტანჯვის აღმოსაფხვრელად ღმერთმა დრო დანიშნა და არ შეცვლის მას. გაიხსენეთ, რომ წინასწარმეტყველმა აბაკუმმა ღმერთს ჰკითხა, როდემდე დაუშვებდა ძალადობასა და დავას. იეჰოვამ უპასუხა: „ეს ხილვა დანიშნული დროისთვისაა . . . არ დააგვიანდება“ (აბაკუმი 2:3). შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, რომ „დანიშნული დრო“ ახლოსაა.

[სქოლიო]

^ აბზ. 9 დაწვრილებითი ინფორმაციისთვის, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, იხილეთ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 11.

[ჩარჩო 7 გვერდზე]

იმედის მომცემი ბიბლიური მუხლები

ომები წარსულს ჩაჰბარდება:

„მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები! რა საოცრებები მოახდინა დედამიწაზე. ის წყვეტს ომებს დედამიწის კიდეებამდე“ (ფსალმუნი 46:8, 9).

საყვარელი ადამიანები მკვდრეთით აღდგებიან:

„იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15).

საკვები უხვად იქნება:

„უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:16).

დაავადებები აღარ იარსებებს:

„არც ერთი მცხოვრები არ იტყვის, ავად ვარო“ (ესაია 33:24).

ბოროტები განადგურდებიან:

„ხოლო ბოროტები მოისპობიან დედამიწიდან და ვერაგები აღმოიფხვრებიან მისგან“ (იგავები 2:22).

სამართლიანობა იზეიმებს:

„აი, სიმართლისთვის იმეფებს მეფე [იესო ქრისტე] და სამართლიანობისთვის იმმართველებენ მთავრები“ (ესაია 32:1).

[სურათები 7 გვერდზე]

ღვთის სამეფო ტანჯვის ნებისმიერ კვალს წაშლის