იცოდით თუ არა?
იცოდით თუ არა?
ღვინის გარდა, კიდევ რომელ ალკოჰოლურ სასმელს ამზადებდნენ ბიბლიურ დროში?
▪ ბიბლიაში ხშირად არის მოხსენიებული „ღვინო და სხვა მათრობელი სასმელი“ (კანონი 14:26; ლუკა 1:15). სიტყვა „მათრობელი“ მაინცდამაინც იმაზე არ მიანიშნებს, რომ ამ სასმელებს ხდიდნენ. გამოხდის პროცესი საუკუნეების შემდეგ გამოიგონეს. ალკოჰოლურ სასმელს არა მხოლოდ ყურძნისგან, ფინიკისგან, ლეღვისგან, ვაშლისგან და ბროწეულისგან ამზადებდნენ, არამედ თაფლისგანაც.
„მათრობელ სასმელში“ შესაძლოა ლუდიც იგულისხმებოდეს. აქადური წარმოშობის ებრაული სიტყვა, რომელიც „მათრობელ სასმელად“ არის ნათარგმნი, კარგად ცნობილ მესოპოტამიურ ქერის ლუდზე მიუთითებს. ამ სასმელს ალკოჰოლის არცთუ ისე დიდი შემცველობა ჰქონდა, თუმცა დიდი რაოდენობის მიღების შემთხვევაში მათრობელიც იყო (იგავები 20:1). ძველი ეგვიპტის სამარხებში იპოვეს თიხის ლუდსახდელის ნიმუშები და ნახატები, რომლებზეც ლუდის გამომხდელები იყვნენ გამოსახული. ბაბილონში, სასახლეებსა თუ ღარიბთა სახლებში, ლუდი ყოველდღიური სასმელი იყო. მსგავსი სასმელი ფილისტიმელებსაც ჰქონდათ. პალესტინის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს თიხის დოქები, რომლებსაც საწვეთი ძაბრები ჰქონდა. ასეთი ჭურჭლიდან იწრიტებოდა ლუდი, ჩენჩო კი ჭურჭელში რჩებოდა. ამგვარად მიიღებოდა სასიამოვნო სასმელი.
რატომ იყო განსაკუთრებით სახიფათო ზღვით მგზავრობა პავლე მოციქულის დროს წლის ზოგიერთ პერიოდში?
▪ გემს, რომლითაც პავლე მოციქული მგზავრობდა, მცირე აზიის სანაპიროს გასწვრივ პირქარის გამო უჭირდა გადაადგილება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ცურვა სახიფათო გახდა, რადგან გამოსყიდვის დღის მარხვაც გასული იყო“. პავლემ თავის თანამგზავრებს უთხრა, რომ მგზავრობის გაგრძელება სარისკო იყო, რადგან „მარტო ტვირთსა და ხომალდს კი არა, საკუთარ სულებსაც“ დაკარგავდნენ (საქმეები 27:4—10).
გამოსყიდვის დღის მარხვა იწყებოდა სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში. რომაელმა მეზღვაურებმა იცოდნენ, რომ 27 მაისიდან 14 სექტემბრამდე ზღვით მგზავრობა უსაფრთხო იყო, 14 სექტემბრიდან 11 ნოემბრამდე სარისკო, ხოლო 11 ნოემბრიდან 10 მარტამდე პრაქტიკულად შეუძლებელი. როგორც ჩანს, პავლეს შემდეგი მოგზაურობისას სწორედ ამინდის ცვალებადობა გახდა ხომალდის დამსხვრევის ერთ-ერთი მიზეზი (საქმეები 27:13—44). ზღვაზე მგზავრობისას ყოველთვის არსებობდა შტორმში მოყოლის საშიშროება. ასეთ დროს ღრუბლები დღისით მზეს ფარავდა, ხოლო ღამით — ვარსკვლავებს. წვიმა და ნისლი ხილვადობას ამცირებდა და მოსალოდნელ საფრთხეს მეზღვაურები ვეღარ ამჩნევდნენ.
[სურათი 23 გვერდზე]
ეგვიპტური ლუდის ჭურჭელი
[საავტორო უფლება]
Erich Lessing/Art Resource, NY
[სურათი 23 გვერდზე]
რომაული სატვირთო გემი (დაახლოებით ახ. წ. 100—200 წელი)
[საავტორო უფლება]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.