არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ უნდა მოერიოთ უარყოფით გრძნობებს?

როგორ უნდა მოერიოთ უარყოფით გრძნობებს?

როგორ უნდა მოერიოთ უარყოფით გრძნობებს?

არასდროს გაგჩენიათ უარყოფითი გრძნობები? ცოტა თუ იტყვის, რომ არა. ჩვენს დროში ხალხს ცხოვრება უწევს ეკონომიკურ სიდუხჭირეში, ძალადობით სავსე და უსამართლო გარემოში. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ ბევრი ძალიან დადარდიანებულია, თავს მეტისმეტად იდანაშაულებს ან უღირსად გრძნობს.

ასეთი გრძნობები სახიფათოა. მათ შეუძლიათ დაგვაკარგვინონ საკუთარი თავის რწმენა, განსჯის უნარი და სიხარული. ბიბლიაში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“ (იგავები 24:10). ძალისა და ენერგიის გარეშე ვერ შევძლებთ ამ მძიმე გარემოში ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია ასეთი გრძნობების გაკონტროლება. *

ბიბლია უარყოფით გრძნობებთან გასამკლავებლად სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობს. იეჰოვა ღმერთს, ყოველივე ცოცხალის შემოქმედს, არ უნდა, რომ სასოწარკვეთილებას მივეცეთ (ფსალმუნი 36:9). მოდი განვიხილოთ, რა სამი საშუალებით გვეხმარება ღვთის სიტყვა უარყოფით გრძნობებთან გამკლავებაში.

გახსოვდეთ, რომ ღვთისთვის სულერთი არა ხართ

ზოგის აზრით ღმერთი იმდენად დაკავებულია, რომ მას ჩვენი გრძნობებისთვის არ სცალია. თქვენც ასე ფიქრობთ? ბიბლია გვარწმუნებს, რომ ჩვენს შემოქმედს აღელვებს ჩვენი გრძნობები. ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18). რა მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი ახლოს არის, როცა გვიჭირს.

ღმერთი გულცივი არ არის და არც ჩვენგან უჭირავს შორს თავი. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). მას უყვარს ადამიანები და თანაუგრძნობს მათ, ვინც იტანჯება. მაგალითად, მაშინ როცა ისრაელები დაახლოებით 3 500 წლის წინ ეგვიპტის მონობაში იყვნენ, ღმერთმა თქვა: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან. ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან“ (გამოსვლა 3:7, 8).

ღმერთს კარგად ესმის ჩვენი განცდები, რადგან „თვითონ კი არ შეგვიქმნია ჩვენი თავი, მან შეგვქმნა“ (ფსალმუნი 100:3). მაშინაც კი, როცა ადამიანებს ჩვენი არ ესმით, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვას კარგად ესმის ჩვენი. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ღმერთი ისე არ უყურებს, როგორც ადამიანი, რადგან ადამიანი იმას ხედავს, რასაც თვალი ხედავს, იეჰოვა კი გულს ხედავს“ (1 სამუელი 16:7). ღმერთმა კარგად იცის ჩვენი გულისნადები.

ფაქტია, რომ იეჰოვასთვის არც ჩვენი სისუსტეებია უცნობი. მაგრამ უნდა დავაფასოთ, რომ ჩვენი შემოქმედი, რომელმაც სიყვარულით შეგვქმნა, მიმტევებელია. შემდეგი სიტყვები ბიბლიის ერთ-ერთ დამწერს, დავითს ეკუთვნის: „როგორც მამა იწყალებს შვილებს, იეჰოვაც ისე იწყალებს თავის მოშიშებს. მან კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმუნი 103:13, 14). ზოგჯერ ჩვენ უფრო კრიტიკულები ვართ საკუთარი თავის მიმართ, ვიდრე ღმერთი. ის ჩვენში კარგს ეძებს და ყურადღებას არ ამახვილებს ცუდზე იმ შემთხვევაში, თუ შეცდომებს ვინანიებთ (ფსალმუნი 139:1—3, 23, 24).

ასე რომ, უღირსობის გრძნობას თავი არ უნდა დავაჩაგვრინოთ და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როგორ გვიყურებს ღმერთი (1 იოანე 3:20).

განავითარეთ ღმერთთან მეგობრული ურთიერთობა

რაში დაგვეხმარება, თუ ღვთის თვალით შევძლებთ საკუთარი თავის დანახვას? ეს გაგვიადვილებს უარყოფითი გრძნობების გასამკლავებლად შემდეგი ნაბიჯის გადადგმას, ანუ ღმერთთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებას. ნუთუ ეს მართლა შესაძლებელია?

როგორც მოსიყვარულე მამას, იეჰოვა ღმერთს სურს დაგვეხმაროს მასთან დაახლოებაში. ბიბლია მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8). დაფიქრდით, ჩვენ, სუსტ და ცოდვილ ადამიანებს შეგვიძლია ვიმეგობროთ სამყაროს უზენაესს მმართველთან!

ღმერთი თავს ბიბლიის მეშვეობით გვაცნობს. მისი რეგულარული კითხვა დაგვეხმარება ღვთის შესანიშნავი თვისებების დანახვაში. * თუ წაკითხულზე ვიფიქრებთ, უფრო მეტად დავუახლოვდებით იეჰოვას და დავრწმუნდებით, რომ ის მართლაც მოსიყვარულე და თანამგრძნობი მამაა.

რაც უფრო მეტად ვფიქრობთ ბიბლიაში წაკითხულზე, მით უფრო მეტ სარგებელს ვიღებთ. ჩვენს ზეციერ მამას უფრო მეტად დავუახლოვდებით, თუ მის სიტყვებს ჩავიბეჭდავთ გულსა და გონებაში და საშუალებას მივცემთ გამოგვასწოროს, გვანუგეშოს და გვიხელმძღვანელოს. ეს განსაკუთრებით მაშინ გვჭირდება, როდესაც მშფოთვარე ფიქრები და უარყოფითი გრძნობები მოგვეძალება. ფსალმუნმომღერალმა ეს აზრი ასე ჩამოაყალიბა: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმუნი 94:19). ღვთის სიტყვას საოცრად შეუძლია ჩვენი ნუგეშისცემა. თუ მასში ჩაწერილ ჭეშმარიტებას თავმდაბლურად მივიღებთ, უარყოფით გრძნობებს ღვთისგან მომდინარე მშვიდობა და ნუგეში ჩაანაცვლებს. იეჰოვა ისევე გვანუგეშებს, როგორც მოსიყვარულე მშობელი გულნატკენ და განაწყენებულ ბავშვს.

ღმერთთან მეგობრობის კიდევ ერთი საშუალება, მასთან რეგულარული საუბარია. ბიბლია გვარწმუნებს, რომ „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის [ღმერთი] გვისმენს“ (1 იოანე 5:14). რაც არ უნდა იყოს ჩვენი შიშისა და წუხილის მიზეზი, შეგვიძლია ვილოცოთ და ღმერთს დახმარება ვთხოვოთ. თუ ღმერთს გულს გადავუშლით, შინაგან სიმშვიდეს ვიგრძნობთ. მოციქული პავლე წერდა: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7).

თუ მიჰყვებით ბიბლიის კითხვის გეგმას, იფიქრებთ წაკითხულზე და ილოცებთ, აუცილებლად იგრძნობთ, რომ უფრო და უფრო უახლოვდებით ზეციერ მამას. ღმერთთან ახლო ურთიერთობა კი ძლიერი იარაღივითაა, რომელიც გვეხმარება წინააღმდეგობა გავუწიოთ უარყოფით გრძნობებს. კიდევ რა შეიძლება აღმოჩნდეს დამხმარე?

იფიქრე მომავლის იმედზე

ურთულეს სიტუაციაშიც კი გონება კარგზე ფიქრით უნდა დავაკავოთ. მაგრამ როგორ? ღმერთი მომავლის უტყუარ იმედს გვაძლევს. მოციქულმა პეტრემ ეს შესანიშნავი იმედი ასეთი სიტყვებით შეაჯამა: „ჩვენ მისი [ღვთის] დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). რას შეიძლება ნიშნავდეს ეს?

გამოთქმა „ახალ ცაში“ იგულისხმება ხელისუფლება, ანუ ღვთის ზეციერი სამეფო, რომლის მეფეც იესო ქრისტეა. „ახალ დედამიწაში“ იგულისხმება დედამიწაზე იმ ადამიანთა ახალი საზოგადოება, რომელთაც ღვთის მოწონება დაიმსახურეს. „ახალი ცის“ მმართველობის დროს დედამიწაზე ადამიანები გათავისუფლდებიან ყველაფრისგან, რაც უარყოფით გრძნობებს იწვევს. იმ დროს მცხოვრებ ერთგულ ადამიანებთან დაკავშირებით ბიბლიაში ნათქვამია: „მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხადება 21:4).

ალბათ ეთანხებით, რომ ეს მართლაც სასიამოვნო და იმედისმომცემი სიტყვებია. ამიტომაც უწოდებს ბიბლია „მშვენიერ იმედს“ იმას, რასაც ღმერთი ჭეშმარიტ ქრისტიანებს ჰპირდება (ტიტე 2:13). ჩვენ გავუმკლავდებით უარყოფით გრძნობებს, თუ ვიფიქრებთ, რას ჰპირდება ღმერთი ადამიანებს მომავალში და რატომ არის ეს დანაპირები სარწმუნო (ფილიპელები 4:8).

ბიბლია ჩვენი ხსნის იმედს მუზარადს ადარებს (1 თესალონიკელები 5:8). ძველად ჯარისკაცი საბრძოლველად მუზარადის გარეშე არ გავიდოდა. მან იცოდა, რომ მუზარადი დაიცავდა ძლიერი დარტყმისგან და მისკენ მოქნეული იარაღის ასხლეტვაში დაეხმარებოდა. როგორც მუზარადი იცავს თავს, ასევე იმედი იცავს ჩვენს გონებას. იმედის მომცემ საკითხებზე ფიქრი უარყოფითი, პესიმისტური და შიშის მომგვრელი ფიქრებისგან დაგვიცავს.

ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მოერიოთ უარყოფით გრძნობებს. დაფიქრდით, როგორ გიყურებთ ღმერთი, დაუახლოვდით მას და ნუ დაკარგავთ მომავლის იმედს. მაშინ თავადაც დარწმუნდებით, რომ ერთ დღესაც უარყოფითი გრძნობები სამუდამოდ გაქრება (ფსალმუნი 37:29).

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 მათ, ვისაც დიდხანს უგრძელდება დეპრესია, შეიძლება ექიმის დახმარება დასჭირდეთ (მათე 9:12).

^ აბზ. 14 2009 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“ მოცემულია ბიბლიის კითხვის პრაქტიკული გეგმა.

[ჩანართი 19 გვერდზე]

„კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამოსვლა 3:7, 8)

[ჩანართი 20 გვერდზე]

„როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმუნი 94:19)

[ჩანართი 21 გვერდზე]

„ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“ (ფილიპელები 4:7)

[ჩარჩო⁄სურათი 20, 21 გვერდებზე]

მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები იეჰოვა ღმერთის შესახებ

„იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამოსვლა 34:6).

„იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“ (2 მატიანე 16:9).

„იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის“ (ფსალმუნი 34:18).

„კარგი ხარ, იეჰოვა, და მზად ხარ პატიებისთვის“ (ფსალმუნი 86:5).

„კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმუნი 145:9).

„მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ესაია 41:13).

„კურთხეული იყოს . . . თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორინთელები 1:3).

„გვეცოდინება, რომ ჭეშმარიტებისგან ვართ და გულდაჯერებულები ვიქნებით მის წინაშე ყველაფერში, რაშიც ჩვენი გული გვდებს მსჯავრს, რადგან ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოანე 3:19, 20).

[ჩარჩო⁄სურათები 22 გვერდზე]

მათ შეძლეს უარყოფით გრძნობებთან გამკლავება

„მამაჩემი ბევრს სვამს და ცხოვრებას მიმწარებს. რაც თავი მახსოვს, სულ უღირსობის გრძნობა მაწუხებდა. მაგრამ როცა იეჰოვას მოწმეებთან დავიწყე ბიბლიის შესწავლა, გავიგე, რომ ღმერთი დედამიწაზე მარადიულ სიცოცხლეს გვპირდება. ამ იმედმა გული სიხარულით ამივსო. ბიბლიის კითხვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ბიბლია სულ თან დამაქვს და როცა უარყოფითი გრძნობები მომეძალება, გამამხნევებელ მუხლებს ვკითხულობ. ღვთის შესანიშნავ თვისებებზე კითხვისას ვრწმუნდები, რომ ღმერთი მაფასებს“ (კატია, 33 წლის). *

„ბევრს ვსვამდი, ვეწეოდი მარიხუანას, ვიღებდი კოკაინს, კრეკს და ვსუნთქავდი წებოს. რაც მქონდა, ყველაფერი დავკარგე და მათხოვრობა დავიწყე. მაგრამ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ღმერთი ჩემთვის რეალური გახდა. ზოგჯერ ახლაც მაწუხებს დანაშაულისა და უღირსობის გრძნობა, მაგრამ ვცდილობ შევიხსენო, რომ ღმერთი გულმოწყალე და კეთილია. დარწმუნებული ვარ, ღმერთი ყოველთვის გამაძლიერებს და დამეხმარება უარყოფითი გრძნობების დაძლევაში. ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება საუკეთესო რამ იყო ჩემს ცხოვრებაში“ (რენატო, 37 წლის).

„პატარაობიდანვე საკუთარ თავს ჩემს უფროს ძმას ვადარებდი. ის ყოველთვის ჩემზე უკეთესი მეგონა. ახლაც თავი ზოგჯერ უსუსური მგონია და ეჭვი მეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. მაგრამ გადაწყვეტილი მაქვს, ხელი არ ჩავიქნიო. განუწყვეტლივ ვლოცულობ და ვთხოვ იეჰოვას, რომ დამეხმაროს არასრულფასოვნების გრძნობის დაძლევაში. მანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ღმერთს მართლა ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე“ (რობერტა, 45 წლის).

[სქოლიო]

^ აბზ. 45 ზოგი სახელი შეცვლილია.