ღმერთი ‘დიდებული საქმეების მოქმედია’ როგორ დავრწმუნდი ამაში
ღმერთი ‘დიდებული საქმეების მოქმედია’ როგორ დავრწმუნდი ამაში
მოგვითხრო მორის რაჯმა
ჩემი ოჯახი ათასობით იმიგრანტთან ერთად გაიქცა, რათა მეორე მსოფლიო ომის დროს თავიდან აეცილებინა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი თავდასხმა. რამდენიმე დღე ბირმის გაუვალ ჯუნგლებში დავდიოდით და ღამეს ხის ძირში ვათევდით. მაშინ ცხრა წლის ვიყავი. ზურგზე პატარა ბოხჩა მქონდა აკიდებული, რაც მთელი ჩემი ავლადიდება იყო. წინ კიდევ ბევრი სირთულე მელოდა.
იდგა 1942 წელი. მსოფლიო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული. ჩვენ იაპონელების მოიერიშე არმიას გავურბოდით. მათ ბირმა, ახლანდელი მიანმა, ახალი დაპყრობილი ჰქონდათ და ქალაქ იენანიაუნგის ნავთობის საბადოებს აკონტროლებდნენ. სანამ ინდოეთის საზღვარს მივაღწევდით, იაპონელმა ჯარისკაცებმა დაგვაკავეს და გვაიძულეს, სახლში დავბრუნებულიყავით.
ბავშვობა იენანიაუნგში გავატარე. იქ მამა „ბირმის ნავთობკომპანიაში“ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც იაპონელებმა მიანმას ოკუპირება მოახდინეს, იენანიაუნგის ნავთობის საბადოები ბრიტანელთა სამხედრო ავიაციის სამიზნე გახდა და ინტენსიურად იბომბებოდა. ერთხელ მთელი ოჯახი სამი დღე თხრილში ვიმალებოდით, რადგან ჩვენ გარშემო ყველაფერს ბომბავდნენ. ბოლოს, ნავით გავცურეთ აიარვადეს, იგივე ირავადის მდინარის ნაპირას გაშენებულ პატარა ქალაქ სალეში. მადლობა ღმერთს, ცოცხლები გადავრჩით. იქ ომის დამთავრებამდე დავრჩით.
ტრაგედიამ ჭეშმარიტებამდე მიმიყვანა
1945 წელს, როცა მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, ჩემი უმცროსი ძმა დაიბადა. მამამ ძალიან გაიხარა სიბერის შვილის დაბადებით. სამწუხაროდ, მისი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. სამი თვის შემდეგ ბავშვი დაიღუპა. მამა დარდს გადაჰყვა და მალე ისიც დაიღუპა.
მეგობრები მამხნევებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მამაჩემი და ჩემი ძმა ღმერთმა თავისთან წაიყვანა ზეცაში. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა მათთან ყოფნა! ჩვენი ოჯახი კათოლიკურ ეკლესიაში დადიოდა და რელიგიაში ჩემი გათვითცნობიერებაც იქ დაიწყო. იქ მასწავლეს, რომ სიკვდილის შემდეგ მღვდლები და ბერმონაზვნები პირდაპირ ზეცაში მიდიოდნენ, სხვა ადამიანები კი განსაწმენდელში, დროებით სატანჯველში, მოხვდებოდნენ, სადაც ცოდვებისგან უნდა განწმენდილიყვნენ. ძალიან მინდოდა, ზეცაში მამასა და ძმას შევხვედროდი, ამიტომ გადავწყვიტე, მაიმიოში, ახლანდელ პინ ო ლვინში არსებულ კათოლიკურ სემინარიაში მესწავლა, რომელიც ჩვენი სახლიდან დაახლოებით 210 კილომეტრით იყო დაშორებული.
სემინარიაში ჩასაბარებლად კარგი განათლება უნდა მქონოდა. იმიგრანტი ვიყავი და სკოლაში მხოლოდ ორი წელი ვიარე. ომის პერიოდში ყველა სკოლა დახურული იყო. მაგრამ, მერე როცა სკოლები გაიხსნა, ჩვენს ოჯახს ეკონომიკურად ძალიან უჭირდა. დედა ჩემ და ჩემი ორი უფროსი ძმის გარდა, თავისი გარდაცვლილი დის სამ
ბავშვს უვლიდა. ამიტომ იმდენი ფული არ გვქონდა, რომ ბიჭებს სკოლაში გვევლო.უფროსმა ძმამ მუშაობა დაიწყო. მუშაობა მეც მინდოდა, მაგრამ მხოლოდ 13 წლისა ვიყავი და ბევრი არაფრის გაკეთება შემეძლო. მამაჩემის ძმა მანუელ ნათანი ქალაქ სალესთან ახლოს ჩაუკში ცხოვრობდა. ვიფიქრე, თუ სახლიდან წავიდოდი, ოჯახს ერთით ნაკლები მჭამელი ეყოლებოდა. ამიტომ საცხოვრებლად ბიძასთან გადავედი ჩაუკში.
თურმე ბიძაჩემს იეჰოვას მოწმეებთან დაუწყია ურთიერთობა. ის დიდი მონდომებით მიყვებოდა იმას, რასაც ბიბლიიდან სწავლობდა. ბიძა ცოტ-ცოტას მასწავლიდა. ჯერ ლოცვის, „მამაო ჩვენოს“ მნიშვნელობა ამიხსნა. ეს ლოცვა ასე იწყება: „მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი“ (მათე 6:9, 10, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
„როგორც ხედავ, ღმერთს სახელი აქვს, — მითხრა ბიძამ. — მას იეჰოვა ჰქვია“. შემდეგ ღვთის სახელი ბიბლიიდან ამომაკითხა. მინდოდა, უფრო მეტი გამეგო ღმერთზე, მაგრამ კითხვა მიჭირდა. ჩემს მშობლიურ ტამილურ ენაზეც ძლივს ვკითხულობდი, ბიძაჩემს კი ბიბლია და ბიბლიური ლიტერატურა ინგლისურ ენაზე ჰქონდა, რომელიც კარგად არ ვიცოდი. ცუდი განათლების მიუხედავად, ნელ-ნელა გავერკვიე ბიბლიურ სწავლებებში (მათე 11:25, 26). თვალი ამეხილა და დავინახე, რომ მრავალი მოძღვრება, რომელსაც მასწავლიდნენ, არ იყო ბიბლიაზე დაფუძნებული. ბიძაჩემს ვუთხარი, ეს ჭეშმარიტებაა-მეთქი.
თექვსმეტი წლისა ნასწავლს უკვე სხვებს ვუზიარებდი. იმ დროს მიანმაში მხოლოდ 77 იეჰოვას მოწმე იყო. ცოტა ხნის შემდეგ ჩაუკში ბიძაჩემს ეწვია რობერტ კერკი, რომელიც მისიონერად მსახურობდა მიანმის დედაქალაქ რანგუნში, ახლანდელ იანგონში. რობერტს ვუთხარი, რომ იეჰოვასთვის თავი მქონდა მიძღვნილი და მონათვლა მსურდა. ამრიგად, 1949 წლის 24 დეკემბერს ღვთისადმი მიძღვნის ნიშნად მდინარე აიარვადეში მოვინათლე.
დაბრკოლებების გადალახვა
ამის შემდეგ მალე სამუშაოს მოსაძებნად ქალაქ მანდალაიში გადავედი. ჩემი მიზანი იყო, პიონერი, ანუ სრული დროით მსახური გავმხდარიყავი. ერთხელ, როცა ფეხბურთის მატჩს ვუყურებდი, კრუნჩხვები დამემართა. აღმოჩნდა, რომ ეპილეფსიით ვიყავი დაავადებული, მოვლა მესაჭიროებოდა და შინ უნდა დავბრუნებულიყავი.
რვა წლის განმავლობაში შეტევები პერიოდულად მქონდა. როცა გამოვკეთდი, მუშაობაზე დავიწყე ფიქრი. დედა მეუბნებოდა, რომ ჩემი მდგომარეობის გამო სრული დროით მსახურებისგან თავი შემეკავებინა. მაგრამ ერთხელაც ვუთხარი: „მეტს ვეღარ მოვიცდი. პიონერად უნდა ვიმსახურო. იეჰოვა არ მიმატოვებს!“
1957 წელს საცხოვრებლად იანგონში გადავედი და პიონერად მსახურება დავიწყე. საოცარია, მაგრამ 50 წლის განმავლობაში, 2007 წლამდე, შეტევას არ შევუწუხებივარ. დღეს შემიძლია მედიკამენტების მეშვეობით ვაკონტროლო ჩემი დაავადება. 1958 წელს სპეციალურ პიონერად დავინიშნე. ყოველთვიურად 150 საათი უნდა მექადაგა.
თავიდან იანგონის ჩრდილო-დასავლეთით, 110 კილომეტრის მოშორებით, სოფელ კიონშაში გამამწესეს. იქ რამდენიმე კაცს ჩვენი ბიბლიური ლიტერატურა ჰქონდა წაკითხული და მეტის გაგება სურდა. მე და რობერტი რომ მივედით, ბევრი ხალხი შეიკრიბა. ჩვენ მათ უამრავ კითხვას გავეცით პასუხი და ვაჩვენეთ, როგორ ტარდებოდა შეხვედრები. მალე ზოგი მათგანი სამქადაგებლო საქმეში შემოგვიერთდა. მე სოფელში დარჩენა მთხოვეს. რამდენიმე თვეში პატარა ჯგუფი
კრებად ჩამოყალიბდა. დღეს იმ სოფელში 150-ზე მეტი მოწმეა.მოგვიანებით მიმომსვლელ მსახურად დამნიშნეს. კრებებსა და დაშორებულ ჯგუფებს ვინახულებდი მთელ მიანმაში. სატვირთო მანქანის ძარაზე შემომჯდარი ასობით კილომეტრს გავდიოდი მტვრიან გზებზე. მიხდებოდა ჯუნგლების გავლა, მდინარეების გადაცურვა და მთიანი ადგილების გადაკვეთა. მართალია, ფიზიკურად სუსტი ვიყავი, მაგრამ იეჰოვა მაძლიერებდა (ფილიპელები 4:13).
„იეჰოვა დაგეხმარება“
1962 წელს იანგონში იეჰოვას მოწმეების ფილიალში მიმიწვიეს, სადაც რობერტმა რაღაც-რაღაცებში გამარკვია. ძალიან მალე მთავრობამ გამოსცა ბრძანება, რომ ყველა უცხოელ მისიონერს მიანმა დაეტოვებინა. ორი კვირის განმავლობაში მათ ქვეყანა დატოვეს. ჩემდა გასაკვირად, ფილიალის ზედამხედველობა ჩამაბარეს.
როგორ უნდა გავუძღვე ამ საქმეს, როცა არც საკმარისი განათლება მაქვს და არც გამოცდილება? — ჩემთვის ვფიქრობდი. ჩემი აღელვება რამდენიმე ხანდაზმულმა ძმამ შენიშნა და მითხრა: „მორის, ნუ ნერვიულობ, იეჰოვა დაგეხმარება! ჩვენც შენ გვერდით ვართ“. მათმა სიტყვებმა ძალიან დამამშვიდა. რამდენიმე თვის შემდეგ იეჰოვას მოწმეების 1967 წლის „წელიწდეულისათვის“ მიანმის სამქადაგებლო მსახურების წლიური ანგარიში უნდა შემედგინა. მომდევნო 38 წლის განმავლობაში წლიურ ანგარიშს ყოველთვის მე ვადგენდი. დროთა განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა უფრო მეტად დამარწმუნა, რომ ჩვენს საქმიანობას იეჰოვა წარმართავდა.
მაგალითად, ადრე, როცა მიანმის მოქალაქეობაზე განცხადება შევიტანე, პირადობის მოწმობის ასაღებად 450 კიატი * დამაკლდა. გადავწყვიტე, ცოტა მომეცადა. ერთხელ, იმ ოფისს ჩავუარე, სადაც წლების წინ ვმუშაობდი. ჩემმა ყოფილმა უფროსმა დამინახა და დამიძახა: „გამარჯობა, რაჯ, მოდი, შენი ფული წაიღე! სამსახურიდან რომ წახვედი, ფული ასაღები დაგრჩა“. თანხა ზუსტად 450 კიატს შეადგენდა.
გზაში იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რისი ყიდვა შემეძლო 450 კიატად. ვინაიდან ეს თანხა ზუსტად იმდენი იყო, რამდენიც პირადობის მოწმობის ასაღებად იყო საჭირო, მივხვდი რომ იეჰოვას ნება იყო, მოწმობა ამეღო. ამაზე უკეთეს გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდი, რადგან როგორც მიანმის მოქალაქეს, შემეძლო ქვეყანაში დავრჩენილიყავი, თავისუფლად გადავაადგილებულიყავი, ლიტერატურა შემომეტანა და მიანმაში სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საქმეები შემესრულებინა.
ჩრდილოეთში ჩატარებული კონგრესი
1969 წლისთვის მიანმას ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მიტკინაში ჩვენი საქმიანობა სწრაფად მიიწევდა წინ. ამიტომ კონგრესის ჩატარება ამ ქალაქში გადავწყვიტეთ. ყველაზე რთული ამოცანა სამხრეთში მცხოვრები და-ძმების ჩამოყვანა იყო. ჩვენ ვილოცეთ და მიანმის რკინიგზის სადგურის უფროსს ექვსი ვაგონის დაჯავშნა ვთხოვეთ. ძალიან გაგვიკვირდა, რომ ჩვენი თხოვნა დააკმაყოფილეს.
კონგრესის ჩასატარებლად ყველაფერი მზად იყო. დელეგატების დასახვედრად რკინიგზის სადგურში წავედით. მატარებელი 14:30 წუთზე უნდა
ჩამომდგარიყო. ამ დროს რკინიგზის სადგურის უფროსმა დეპეშა გადმოგვცა, სადაც ეწერა: «საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ დაჯავშნული ექვსი ვაგონი მოვხსენით». უფროსმა გვითხრა, რომ დამატებითი ვაგონებით მატარებელი აღმართზე ვერ ავიდოდა.ახლა რა უნდა გვექნა? პირველი, რაც აზრად მოგვივიდა, კონგრესის გადადება იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ არაერთი ნებართვა უნდა აგვეღო, რასაც კვირები დასჭირდებოდა. დავიწყეთ მხურვალედ ლოცვა. ამასობაში მატარებელიც ჩამოდგა. თვალებს არ ვუჯერებდით — ექვსივე ვაგონი მოწმეებით იყო სავსე! ისინი გვიღიმოდნენ და ხელს გვიქნევდნენ. როცა ვკითხეთ, თუ რა მოხდა, ერთ-ერთმა მათგანმა გვიპასუხა: „ექვსი ვაგონი მართლა ჩახსნეს, მაგრამ არა ის ექვსი, რომელშიც ჩვენ ვიყავით“.
1967—1971 წლებში მიანმაში იეჰოვას მოწმეების რიცხვი გაორმაგდა და თითქმის 600-ს მიაღწია. 1978 წელს ფილიალის თანამშრომლები ორსართულიან შენობაში გადავიდნენ. 20 წლის შემდეგ მოწმეების რიცხვმა 2 500-ს გადააჭარბა. შემდგომში ფილიალი კიდევ გაფართოვდა. 2000 წლის 22 იანვარს, შეერთებული შტატებიდან ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ჯონ ბარი ჩამოვიდა. მან სამსართულიანი ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობის მიძღვნის მოხსენება წაიკითხა.
კურთხევები
დღეს იანგონის ფილიალში 52 მოხალისე ცხოვრობს და მსახურობს. მთელ მიანმაში დაახლოებით 3 500 მოწმე 74 კრებასა და ჯგუფში მსახურობს. მინდა გითხრათ, რომ 1969 წელს, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, დედაჩემი იეჰოვას მოწმე გახდა.
ერთი პიონერი და, დორის ბა აი 60-იან წლებში ფილიალში, მთარგმნელობით განყოფილებაში მიიწვიეს. მან 1959 წელს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 32-ე კლასი დაამთავრა. ეს სკოლა იეჰოვას მოწმეებს მისიონერებად ამზადებს. მისმა ბუნებრივმა სილამაზემ, მხიარულმა ბუნებამ და სულიერობამ ჩემი გული დაიპყრო. ჩვენ 1970 წელს დავქორწინდით. დღემდე იეჰოვასა და ერთმანეთის ერთგულები ვართ.
ექვს ათეულ წელზე მეტია, რაც საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ აკურთხა იეჰოვამ ამ ქვეყანაში სამქადაგებლო საქმე. იეჰოვა ჭეშმარიტად დიდებული და დიდად საქები ღმერთია. ის ‘დიდებული საქმეების მოქმედია’, რაშიც თავად დავრწმუნდი (ფსალმუნი 106:21).
[სქოლიო]
^ აბზ. 23 იმ დროისათვის 450 კიატი 95 აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო, რაც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენდა.
[სურათი 27 გვერდზე]
მსახურების დროს. რანგუნი (ბირმა). დაახლოებით 1957 წელი
[სურათი 28 გვერდზე]
მივდივარ კალემიოში (ბირმა) იეჰოვას მოწმეთა კონგრესზე დასასწრებად. 70-იანი წლების მიწურული
[სურათი 29 გვერდზე]
ჩვენი ახალი ფილიალის შენობა, რომლის მიძღვნაც 2000 წელს მოხდა
[სურათი 29 გვერდზე]
დორისთან ერთად დღეს
[სურათი 29 გვერდზე]
კარდაკარ მსახურებისას