რატომ უნდა ვიცოდეთ ის, რაც ედემში მოხდა?
რატომ უნდა ვიცოდეთ ის, რაც ედემში მოხდა?
ედემის ბაღთან დაკავშირებით მეცნიერების მიერ გამოთქმულ საწინააღმდეგო აზრებს შორის ყველაზე დიდ გაკვირვებას იწვევს განაცხადი იმის შესახებ, რომ წიგნ „დაბადების“ გარდა ბიბლიის დანარჩენ წიგნებში ედემის ბაღი არსადაა მოხსენიებული. მაგალითად, რელიგიათმცოდნე პროფესორი პოლ მორისი წერს: „დანარჩენ ბიბლიაში ედემის ისტორია პირდაპირ არსად არის ნახსენები“. ამ პროფესორის შეხედულებას შეიძლება ბევრი „ექსპერტი“ დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.
სინამდვილეში, ბიბლია არაერთხელ ახსენებს ედემის ბაღს, ადამს, ევასა და გველს. * მაგრამ ამ მეცნიერების მიერ დაშვებული შეცდომები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც რელიგიური ბელადები და ბიბლიის კრიტიკოსები უშვებენ. ვინაიდან როცა ეს უკანასკნელნი საჯაროდ ამბობენ, რომ „დაბადებაში“ ედემის ბაღის შესახებ ჩანაწერები საეჭვოა, ფაქტობრივად, ამით მთლიან ბიბლიას უწევენ დისკრედიტაციას. ვნახოთ, როგორ.
მთლიანი ბიბლიის გასაგებად აუცილებელია, ვიცოდეთ, რა მოხდა ედემის ბაღში. ღვთის სიტყვის დახმარებით შეგვიძლია მივიღოთ ზოგადსაკაცობრიო კითხვებზე პასუხი. ეს კითხვები ისევ და ისევ ედემში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება. განვიხილოთ ამ კითხვებიდან ზოგიერთი.
● რატომ ვბერდებით და ვკვდებით? ადამი და ევა მარადიულად იცხოვრებდნენ, თუ იეჰოვას დაემორჩილებოდნენ. ისინი მხოლოდ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაიხოცებოდნენ. მართლაც, რა დღესაც ისინი ღმერთს ეურჩნენ, იმ დღიდან სიკვდილს დაექვემდებარნენ (დაბადება 2:16, 17; 3:19). მათ დაკარგეს სრულყოფილება და თავიანთ შთამომავლებს ცოდვა და არასრულყოფილება გადასცეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელები 5:12).
● რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას? ედემის ბაღში სატანამ ღმერთი მატყუარა გამოიყვანა, თითქოს ის თავის ქმნილებებს რაღაც კარგს უმალავდა (დაბადება 3:3—5). მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას მმართველობის სამართლიანობა. ადამი და ევა სატანის კვალს გაჰყვნენ, უარყვეს იეჰოვა, როგორც უზენაესი ხელისუფალი და არჩიეს თავად დაედგინათ, რა იყო კარგი და რა — ცუდი. იეჰოვამ, რომელიც სრულყოფილად სამართლიანი და ბრძენი ღმერთია, იცოდა, რომ ამ საკამათო საკითხს მხოლოდ და მხოლოდ დრო გადაჭრიდა. მან ადამიანებს დრო მისცა, თავიანთი სურვილისამებრ, საკუთარი თავის ბატონ-პატრონები ყოფილიყვნენ. სატანის ხელშეწყობით დედამიწაზე ბოროტება მომძლავრდა და შედეგად ნელ-ნელა გამოაშკარავდა უდიდესი ჭეშმარიტება: ადამიანს არ შეუძლია ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება (იერემია 10:23).
● რა განიზრახა ღმერთმა დედამიწისთვის? დედამიწაზე ედემის ბაღი იეჰოვამ სილამაზის ეტალონად შექმნა. ღმერთმა ადამსა და ევას დაავალა, ის თავიანთი შთამომავლებით აევსოთ და ‘დაპატრონებოდნენ’ მას, რათა მთელი პლანეტა ედემის ბაღივით ლამაზი ყოფილიყო (დაბადება 1:28). აქედან გამომდინარე, ღვთის განზრახვაა, დედამიწის სამოთხედ გადაქცევა, სადაც ერთ ოჯახად იცხოვრებენ ადამისა და ევას სრულყოფილი შთამომავლები. ბიბლიის უდიდესი ნაწილი ეთმობა იმას, თუ რა საშუალებებს იყენებს ღმერთი თავისი პირვანდელი განზრახვის განსახორციელებლად.
● რატომ მოევლინა იესო ქვეყნიერებას? ადამისა და ევას დაუმორჩილებლობამ სიკვდილი მოუტანა როგორც მათ, ისე მათ შთამომავლებს, მაგრამ მოსიყვარულე ღმერთს უიმედოდ არ დავუტოვებივართ. ღმერთმა დედამიწაზე თავისი ძე გამოგზავნა, რათა მას, როგორც ბიბლია ამბობს, გამოსასყიდი გაეღო (მათე 20:28). რას ნიშნავს ეს? იესო იყო „უკანასკნელი ადამი“. მას ადამისგან განსხვავებით არ შეუცოდავს. განკაცებული იესო იეჰოვას მორჩილი იყო და სრულყოფილება შეინარჩუნა. შემდეგ მან ნებაყოფლობით გაიღო თავისი სიცოცხლე მსხვერპლად ანუ გამოსასყიდად, რათა ღვთის ყველა ერთგულ ადამიანს ცოდვების პატიება მიეღო და საბოლოოდ ისეთი ცხოვრება ჰქონოდა, როგორიც ადამსა და ევას ჰქონდათ ედემის ბაღში შეცოდებამდე (1 კორინთელები 15:22, 45; იოანე 3:16). მაშასადამე, იესოს მსხვერპლი იმის გარანტიაა, რომ იეჰოვა თავის განზრახვას შეასრულებს და ჩვენს დედამიწას ედემის მსგავს სამოთხედ აქცევს. *
ღვთის განზრახვა არ არის ბუნდოვანი; ის არც აბსტრაქტულ თეოლოგიურ კონცეფციას ჰგავს. ის რეალურია. ედემის ბაღი რეალურად არსებობდა დედამიწაზე, სადაც ნამდვილად ცხოვრობდნენ ცხოველები და ადამიანები. მსგავსად ამისა, ღვთის დაპირება მომავალში რეალობად იქცევა. როგორი იქნება თქვენი მომავალი? ეს უმეტესწილად თქვენზეა დამოკიდებული. ღმერთს სურს, რომ ყველას ჰქონდეს ბედნიერი მომავალი, მათაც კი, ვინც გზასაცდენილია (1 ტიმოთე 2:3, 4).
ძელზე გაკრული იესო ელაპარაკა კაცს, რომლის ცხოვრებაც უკუღმართად წარიმართა. ეს კაცი ბოროტმოქმედი იყო. მან იცოდა, რომ სიკვდილს იმსახურებდა, მაგრამ ნუგეშის მისაღებად იესოს მიმართა. რა უპასუხა იესომ? „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:43). თუკი იესოს უნდა, რომ ამ ყოფილმა ბოროტმოქმედმა აღდგომის შემდეგ ედემის მსგავს სამოთხის ბაღში მარადიულად იცხოვროს, განა თქვენთვისაც იგივეს არ მოისურვებს? რა თქმა უნდა! ეს იესოს მამასაც სურს. თუ გინდათ, რომ გქონდეთ ასეთი მომავალი, ყველანაირად შეეცადეთ, მეტი გაიგოთ იმ ღმერთის შესახებ, რომელმაც ედემის ბაღი გააშენა.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 მაგალითად, იხილეთ დაბადების 13:10; კანონის 32:8; 2 სამუელის 7:14; 1 მატიანეს 1:1; ესაიას 51:3; ეზეკიელის 28:13; 31:8, 9; ლუკას 3:38; რომაელების 5:12—14; 1 კორინთელების 15:22, 45; 2 კორინთელების 11:3; 1 ტიმოთეს 2:13, 14; იუდას 14 და გამოცხადების 12:9.
^ აბზ. 8 თუ გსურთ ქრისტეს გამოსასყიდის შესახებ მეტის გაგება, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 5. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[ჩარჩო⁄სურათები 10 გვერდზე]
წინასწარმეტყველება, რომელიც მთელ ბიბლიას აერთიანებს
„მტრობას ჩამოვაგდებ შენსა [გველს] და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15).
ეს არის პირველი ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომელიც ღმერთმა ედემში წარმოთქვა. ვინ არის ქალი და მისი შთამომავლობა ან გველი და მისი შთამომავლობა? რა მტრობას უნდა ეარსება მათ შორის?
გველი
სატანა ეშმაკი (გამოცხადება 12:9).
ქალი
ზეციერი ქმნილებებისგან შემდგარი იეჰოვას ორგანიზაცია (გალატელები 4:26, 27). ესაიამ „ქალზე“ იწინასწარმეტყველა, რომ მას უნდა ეშვა მომავალი სულიერი ერი (ესაია 54:1; 66:8).
გველის შთამომავლობა
ისინი, ვინც სატანის ნებას ასრულებენ (იოანე 8:44).
ქალის შთამომავლობა
უპირველესად იესო ქრისტე, რომელიც იეჰოვას ზეციერმა ორგანიზაციამ შობა. შთამომავლობაში შედიან აგრეთვე ქრისტეს სულიერი ძმები, რომლებიც მასთან ერთად მმართველობენ ზეცაში. ეს ცხებული ქრისტიანები შეადგენენ სულიერ ერს, ანუ „ღვთის ისრაელს“ (გალატელები 3:16, 29; 6:16; დაბადება 22:18).
ქუსლში დაგესვლა
მესიისთვის მიყენებული მტკივნეული დარტყმა, მაგრამ არა სამუდამო. სატანამ გამოიწვია იესოს სიკვდილი დედამიწაზე, მაგრამ ღმერთმა ის აღადგინა.
თავის გაჭეჭყვა
სატანისთვის მიყენებული სასიკვდილო დარტყმა. იესო სამუდამოდ მოსპობს სატანას. მანამდე კი ის აღმოფხვრის იმ ბოროტებას, რომელსაც ედემის ბაღში სატანამ მისცა დასაბამი (1 იოანე 3:8; გამოცხადება 20:10).
თუ გსურთ მოკლე ინფორმაციის მიღება ბიბლიის მთავარი თემის შესახებ, გაეცანით ბროშურას „რას გვამცნობს ბიბლია?“. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათი 11 გვერდზე]
ადამმა და ევამ ცოდვის საშინელი ნაყოფი მოიმკეს