არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რაზე ჩივიან მეუღლეები და რა გამოსავალი არსებობს?

რაზე ჩივიან მეუღლეები და რა გამოსავალი არსებობს?

რაზე ჩივიან მეუღლეები და რა გამოსავალი არსებობს?

ბიბლია არ ამბობს იმას, რომ ცოლქმრული ცხოვრება ადვილია. პავლე მოციქულმა ღვთივშთაგონებით დაწერა, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გასაჭირი“ ექნებოდათ (1 კორინთელები 7:28). თუმცა პრობლემების შესამცირებლად და ერთმანეთის ბედნიერებისთვის წყვილებს შეუძლიათ ბევრი რამ გააკეთონ. განვიხილოთ ის ექვსი პრობლემა, რაზეც ყველაზე ხშირად ჩივიან მეუღლეები და გავიგოთ, როგორ დაეხმარება მათ ბიბლიური პრინციპები.

1

„ორივე ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ“.

ბიბლიური პრინციპი:

„დარწმუნდით, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10).

ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანია. მას საპატიო ადგილი უნდა ეკავოს თქვენს ცხოვრებაში. ასე რომ, გადახედეთ თქვენს ყოველდღიურ განრიგს — ხომ არ აძლევთ მეუღლეს ჩივილის მიზეზს? არ დაუშვათ, რომ ყოველდღიურმა საქმეებმა ერთმანეთს დაგაშოროთ. რასაკვირველია, სამსახურისა და გადაუდებელი საქმეების გამო ყოველთვის ერთად ვერ იქნებით, მაგრამ სხვა შემთხვევებში დრო უნდა გააკონტროლოთ, მაგალითად ის დრო, რომელსაც მეგობრებთან ურთიერთობას ან ჰობის უთმობთ.

თუმცა არიან ისეთი წყვილები, რომლებიც ოღონდაც მეუღლის გვერდით არ იყვნენ და მზად არიან დამატებით იმუშაონ ან რაღაცით გაერთონ. ასეთები განა ვერ იცლიან ერთმანეთისთვის, უბრალოდ განზრახ არიდებენ თავს ოჯახურ პრობლემებს. თუ თქვენ ან თქვენი მეუღლე ასეთი წყვილების კატეგორიას მიეკუთვნებით, ჯერ გაარკვიეთ პრობლემების მთავარი მიზეზი და შემდეგ მათ მოგვარებაზე იფიქრეთ. იცოდეთ, ერთმანეთს მხოლოდ ერთად გატარებული დრო დაგაახლოებთ და „ერთი ხორციც“ სრული გაგებით მაშინ გახდებით (დაბადება 2:24).

როგორ გამოადგა ზოგს ეს რჩევა: ავსტრალიელი წყვილი, ენდრუ * და ტანჯი 10 წელია შეუღლებულები არიან. ენდრუ ამბობს: „მივხვდი, რომ ბევრმა მუშაობამ, გართობამ ან მეგობრებთან ხშირმა ურთიერთობამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ქორწინებას. ამიტომ, მე და ჩემი ცოლი ერთმანეთთან სასაუბროდ და გრძნობების გასაზიარებლად დროს გამოვყოფთ ხოლმე“.

დეივი და ჯეინი, რომლებიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობენ, 22 წელია დაქორწინებულები არიან. ყოველ საღამოს, როცა ისინი სახლში ბრუნდებიან, ნახევარი საათი ერთმანეთს განვლილი დღის შესახებ უყვებიან. ჯეინი ამბობს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი დროა და ვცდილობთ, ხელი არაფერმა შეგვიშალოს“.

2

„იმას ვერ ვიღებ, რასაც ველოდი“.

ბიბლიური პრინციპი:

„თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24).

ის, ვინც მხოლოდ იმაზეა კონცენტრირებული, რა მიიღოს ქორწინებიდან, რამდენჯერაც არ უნდა დაქორწინდეს, ბედნიერი მაინც ვერ იქნება. წყვილი ბედნიერი მაშინაა, როცა ორივე გაცემაზე ფიქრობს და არა მიღებაზე. ამის მიზეზი იესომ ასე ახსნა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

როგორ გამოადგა ზოგს ეს რჩევა: მარია და მარტინი მექსიკაში ცხოვრობენ. ისინი უკვე 39 წელია ცოლ-ქმარი არიან, თუმცა მათი ცხოვრება ყოველთვის ია-ვარდებით მოფენილი არ ყოფილა. მათ დღემდე ახსოვთ, როგორ დაეძაბათ ერთმანეთთან ურთიერთობა. მარია გვიამბობს: „ერთხელ ცხარე კამათის დროს მარტინს შეურაცხმყოფელი სიტყვები ვუთხარი. ის ძალიან გაბრაზდა. მერე ვცდილობდი, ამეხსნა, რომ სინამდვილეში იმას არ ვგულისხმობდი, რაც ვთქვი, უბრალოდ გაღიზიანებული ვიყავი. მაგრამ ქმარს ჩემი მოსმენა აღარ სურდა“. მარტინი ამბობს: „მაშინ ფიქრი იმაზე დავიწყე, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო და ოჯახის შენარჩუნების მცდელობას აზრი აღარ ჰქონდა“.

მარტინი ცოლისგან პატივისცემას ელოდა. მარიას სურდა, ქმარს გაეგო მისთვის. არც ერთი არ იღებდა იმას, რაც სურდა.

როგორ მოაგვარეს მათ ეს პრობლემა? „დრო დამჭირდა, რომ დავმშვიდებულიყავი. ერთმანეთს პატივისცემითა და თავაზიანად რომ მოვპყრობოდით, ორივემ გადავწყვიტეთ, ბიბლიის ბრძნული რჩევებისთვის მიგვემართა. წლები დაგვჭირდა იმის სასწავლად, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ ცოლ-ქმარი დახმარებისთვის ლოცვით ღმერთს მიმართავს და ბიბლიურ რჩევებს გამოიყენებს“, — ამბობს მარტინი (ესაია 48:17, 18; ეფესოელები 4:31, 32).

3

„ჩემი მეუღლე არ ასრულებს თავის მოვალეობებს“.

ბიბლიური პრინციპი:

„ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (რომაელები 14:12).

უდავოა, ცოლ-ქმარი ბედნიერი და შეხმატკბილებული ვერ იქნება, თუ ამისკენ მხოლოდ ერთი ისწრაფვის. უფრო უარესი კი ის იქნება, თუ ორივე გაურბის პასუხისმგებლობებს და ამაში ერთმანეთს ადანაშაულებს.

თუ მარტო იმაზე ფიქრობთ, რისი გაკეთება ევალება თქვენს მეუღლეს, ბედნიერი ვერასოდეს იქნებით. განსაკუთრებით, თუ მეუღლის შეცდომებს იმიზეზებთ, რომ საკუთარი მოვალეობების შესრულებაზე უარი თქვათ. მეორე მხრივ, თუ ცდილობთ, იყოთ კარგი ქმარი ან კარგი ცოლი, თქვენი ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდება (1 პეტრე 3:1—3). რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღმერთი დაინახავს, რომ პატივს სცემთ მის მიერ დაფუძნებულ ქორწინების ინსტიტუტს და თქვენი საქმეებით გულს გაუხარებთ მას (1 პეტრე 2:19).

როგორ გამოადგა ზოგს ეს რჩევა: კიმი და მისი მეუღლე კორეაში ცხოვრობენ. ისინი 38 წელია, რაც შეუღლებულები არიან. კიმი გვიყვება: „ზოგჯერ მეუღლე მიბრაზდება, აღარ მელაპარაკება და არც კი ვიცი, რატომ. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ აღარ ვუყვარვარ. ხანდახან გულში მითქვამს: რატომ ითხოვს, რომ გავუგო, როცა თვითონ სულ არ ცდილობს, გამიგოს?“.

კიმს შეუძლია იფიქროს, რომ უსამართლობის მსხვერპლია და ყურადღება იმაზე გაამახვილოს, რასაც მისი ქმარი არ აკეთებს. მაგრამ ის სხვანაირად იქცევა. „გულში ბოღმის ჩადების ნაცვლად, მივხვდი, რომ საუკეთესო გამოსავალია, გამოიჩინო ინიციატივა მშვიდობის აღსადგენად. როცა ორივე ვმშვიდდებით, ერთმანეთს წყნარად ველაპარაკებით“, — დასძენს კიმი (იაკობი 3:18).

4

„ცოლი არ მემორჩილება“.

ბიბლიური პრინციპი:

„ყოველი კაცის თავი ქრისტეა“ (1 კორინთელები 11:3).

თუ ქმარი ფიქრობს, რომ ცოლი არ ემორჩილება, ის პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დაუკვირდეს, თავად თუ ემორჩილება იესო ქრისტეს, ვინც მისი თავია. ქმარი იესოს ემორჩილება, თუ მას ჰბაძავს.

პავლე მოციქულმა დაწერა: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის“ (ეფესოელები 5:25). იესო არ ბატონობდა თავის მოწაფეებზე (მარკოზი 10:42—44). ის მათ ნათელ მითითებებს აძლევდა და როცა საჭირო იყო, უხსნიდა, როგორ მოქცეულიყვნენ. ის თავის მიმდევრებს არასდროს ეუხეშებოდა, კეთილად ეპყრობოდა და მეტისმეტს არ სთხოვდა (მათე 11:29, 30; მარკოზი 6:30, 31; 14:37, 38). იესო მოწაფეების ინტერესებს ყოველთვის საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებდა (მათე 20:25—28).

ქმარმა ყოველთვის უნდა დაუსვას საკუთარ თავს შემდეგი კითხვა: ჩემი შეხედულება ოჯახის მეთაურობაზე და, ზოგადად, ქალის როლზე, ბიბლიას ეფუძნება თუ ადგილობრივ ტრადიციას? მაგალითად, რას იფიქრებდით ქალზე, რომელიც არ იზიარებს ქმრის აზრს, მაგრამ მტკიცედ და ამავე დროს პატივისცემით გამოხატავს თავის შეხედულებას? ბიბლიაში მოხსენიებული აბრაამის ცოლი, სარა, ცოლებს მორჩილების კარგ მაგალითს აძლევს (1 პეტრე 3:1, 6). თუმცა, როცა საჭირო იყო, სარა თავის აზრს გამოთქვამდა. მაგალითად, როდესაც აბრაამმა ვერ დაინახა საფრთხე, რომლის წინაშეც მათი ოჯახი იდგა, სარამ საკუთარი აზრის გამოთქმისგან თავი არ შეიკავა (დაბადება 16:5; 21:9—12).

აშკარაა, რომ სარას არ ეშინოდა ქმართან თავისი აზრის გამოთქმის. აბრაამი ტირანი ქმარი არ ყოფილა. მსგავსადვე, ქმარი, რომელიც ბიბლიის რჩევებს ითვალისწინებს, ცოლს არ დააშინებს და არ მოსთხოვს, რომ ყველა მისი ახირება შეასრულოს. ცოლის პატივისცემას ქმარი იმ შემთხვევაში დაიმსახურებს, თუ თანამგრძნობი მეთაური იქნება.

როგორ გამოადგა ზოგს ეს რჩევა: ჯეიმზი, რომელიც ინგლისში ცხოვრობს და რვა წელია დაქორწინებულია, ამბობს: „დღემდე ვსწავლობ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მანამ არ მივიღო, სანამ ცოლის აზრს არ გავიგებ. ვცდილობ, მარტო საკუთარ თავზე არ ვიფიქრო. მიზანი მაქვს, მეუღლის ინტერესები ჩემს ინტერესებზე წინ დავაყენო“.

ჯორჯი შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და 59 წელია, რაც დაოჯახებულია. ის ამბობს: „ვცდილობ, ჩემს ცოლს ისე მოვეპყრო, როგორც გონიერ და მარჯვე პარტნიორს, და არა როგორც ჩემზე დაბლა მდგომს“ (იგავები 31:10).

5

„ჩემი ქმარი არ იჩენს ინიციატივას“.

ბიბლიური პრინციპი:

„ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს, უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს“ (იგავები 14:1).

თუ თქვენი ქმარი გადაწყვეტილებების მიღებისას პასიურობს და ოჯახს სათანადოდ ვერ უძღვება, სულ ცოტა სამი არჩევნის წინაშე დგახართ: 1) შეგიძლიათ წამდაუწუმ უძახოთ, რომ არაფერი გამოსდის, 2) ოჯახის მართვის სადავეები თავად აიღოთ ხელში ან 3) გულწრფელად შეაქოთ იმისთვის, რასაც აკეთებს. თუ პირველ ან მეორე ვარიანტს აირჩევთ, ოჯახს საკუთარი ხელით დაანგრევთ, ხოლო თუ მესამეს — ოჯახს ააშენებთ და ცოლქმრულ კავშირს განამტკიცებთ.

ბევრი კაცი სიყვარულს პატივისცემას ამჯობინებს. ასე რომ, თუ ქმარს პატივს სცემთ, ანუ აგრძნობინებთ, რომ ოჯახს კარგად უძღვება და აფასებთ მის მონდომებას, ის უეჭველად ეცდება, თავისი მოვალეობა უკეთ შეასრულოს. რასაკვირველია, ზოგ საკითხში ქმარს შეიძლება ვერ დაეთანხმოთ. ასეთ დროს, უნდა დასხდეთ და იმსჯელოთ (იგავები 18:13). მაგრამ გახსოვდეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს სიტყვებისა და ტონის შერჩევას, რადგან ოჯახის აშენება ან დანგრევა ამაზეცაა დამოკიდებული (იგავები 21:9; 27:15). პატივისცემით გამოხატეთ საკუთარი აზრი და იმედი იქონიეთ, რომ სასურველი შედეგი არ დააყოვნებს — თქვენი ქმარი გამოიჩენს ინიციატივას.

როგორ გამოადგა ზოგს ეს რჩევა: შეერთებულ შტატებში მცხოვრები მიშელი 30 წელია, რაც დაქორწინებულია. ის ამბობს: „მე და ჩემი დები დედამ უმამოდ გაგვზარდა, ამიტომ ის ძლიერი და დამოუკიდებელი ქალი იყო. მეც მას დავემსგავსე, რის გამოც მუდმივად მორჩილებაზე ვმუშაობ. ვისწავლე, ქმართან შეუთანხმებლად არ მივიღო გადაწყვეტილებები“.

ავსტრალიელი რეიჩელი 21 წელია, რაც მარკის ცოლია. აღზრდამ მასზეც დიდი გავლენა მოახდინა. „დედა არასოდეს ემორჩილებოდა მამას, — იხსენებს რეიჩელი. — კამათი და უპატივცემულო მოპყრობა ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქორწინების პირველ წლებში მეც დედასავით ვიქცეოდი. მაგრამ წლების შემდეგ დავაფასე ბიბლიის ის რჩევა, რომელიც პატივისცემას ეხება. დღეს მე და მარკი უფრო ბედნიერები ვართ“.

6

„მეუღლის ჩვევები მაღიზიანებს“.

ბიბლიური პრინციპი:

„მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლოსელები 3:13).

როცა თქვენს მომავალ მეუღლეს ხვდებოდით, ალბათ მარტო მის კარგ თვისებებს ხედავდით და ნაკლს ვერც კი ამჩნევდით. შეგიძლიათ დღესაც ასე გააკეთოთ? შეიძლება ჩივილის მიზეზი ნამდვილად გაქვთ, მაგრამ აბა დაფიქრდით, რა ჯობია, მეუღლის კარგ თვისებებს მიაქციოთ ყურადღება თუ ცუდს?

იესომ ძლიერი მაგალითი მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ სხვების ნაკლს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. მან ასეთი კითხვა დასვა: „რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ?“ (მათე 7:3). ბალახის ღერი მორთან შედარებით, რომელსაც სახლის გადახურვის დროს იყენებენ, ძალიან პატარაა. რას გვირჩევს იესო? „ჯერ საკუთარი თვალიდან ამოიღე მორი და მერე უკეთ დაინახავ, როგორ ამოუღო შენს ძმას თვალიდან ბალახის ღერი“ (მათე 7:5).

ამ მაგალითის მოყვანის შემდეგ იესო სერიოზულ გაფრთხილებას იძლევა: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით“ (მათე 7:1, 2). თუ გინდათ, რომ ღმერთმა თვალი დახუჭოს თქვენს ნაკლოვანებებზე ანუ არ შეამჩნიოს „მორი“, რომელიც თვალში გაქვთ, არც თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება მეუღლის ნაკლოვანებებს (მათე 6:14, 15).

როგორ გამოადგა ზოგს ეს რჩევა: ინგლისში მცხოვრები ჯენი და სიმონი ცხრა წელია შეუღლებულები არიან. ჯენი ამბობს: „ყველაზე მეტად ის მაღიზიანებს, რომ ჩემი ქმარი არაფერს გეგმავს წინასწარ და ბოლო მომენტში წყვეტს, რა გააკეთოს. არადა სასაცილოა, სანამ დავქორწინდებოდით მომწონდა მისი სპონტანურობა. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მეც ბევრი ნაკლი მაქვს, მაგალითად, მიყვარს ჩემს ჭკუაზე სხვების ტარება. მე და სიმონი ვცდილობთ, ერთმანეთის არასრულყოფილებასა და პატარა შეცდომებს ყურადღება არ მივაქციოთ“.

ზემოხსენებული მიშელის ქმარი, კურტი, ამბობს: „თუ მეუღლის გამაღიზიანებელ თვისებებს მეტისმეტ ყურადღებას მიაქცევთ, მისი ნაკლი უფრო დიდი მოგეჩვენებათ. ვამჯობინებ, ყურადღება მიშელის იმ თვისებებს მივაქციო, რითაც თავი შემაყვარა“.

წარმატების საიდუმლო

აქ განხილული მაგალითებიდან დავინახეთ, რომ ქორწინებაში პრობლემები გარდაუვალია, მაგრამ არა მოუგვარებელი. მაშ, რაშია წარმატების საიდუმლო? შეიყვარეთ ღმერთი და გამოიყენეთ მის სიტყვაში, ბიბლიაში, ჩაწერილი რჩევები.

ნიგერიაში მცხოვრებმა ალექსმა და ითოანმა, რომლებიც 20 წელზე მეტია, რაც ცოლ-ქმარი არიან, იციან თავიანთი ოჯახის წარმატების საიდუმლო. ალექსი ამბობს: „მივხვდი, რომ ოჯახში თითქმის ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება, თუ წყვილი ბიბლიურ პრინციპებს იყენებს“. მისი ცოლი ამბობს: „ერთმანეთი მთელი გულით რომ გვყვარებოდა და მომთმენები ვყოფილიყავით, ჩვენ კარგად გავითავისეთ, რომ ერთად რეგულარული ლოცვა და ბიბლიური რჩევების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლა ნაკლები პრობლემები გვაქვს, ვიდრე მაშინ, როცა დავქორწინდით“.

თუ გსურთ მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ბიბლიურ რჩევებს ოჯახური კვანძების განმტკიცება, სთხოვეთ იეჰოვას მოწმეებს, განიხილონ თქვენთან მე-14 თავი წიგნიდან „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 57 გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ

[სურათი 4 გვერდზე]

ვუთმობთ ერთმანეთს დროს?

[სურათი 5 გვერდზე]

ვცდილობ, რომ მეტი გავცე, ვიდრე მივიღო?

[სურათი 6 გვერდზე]

ვიჩენ ინიციატივას, რომ უთანხმოება მოგვარდეს?

[სურათი 7 გვერდზე]

გადაწყვეტილების მიღებამდე ვითვალისწინებ ცოლის აზრს?

[სურათი 9 გვერდზე]

ვცდილობ, ჩემს მეუღლეში კარგი თვისებები დავინახო?