არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აქვს ღმერთს ორგანიზაცია?

აქვს ღმერთს ორგანიზაცია?

აქვს ღმერთს ორგანიზაცია?

ღვთის შემოქმედებაში ყველგან ჩანს წესრიგი. მაგალითად, საფუვრის „მარტივი“ უჯრედი საოცრად ორგანიზებულია. უხეშად რომ ვთქვათ, საფუვრის უჯრედი იმდენივე ელემენტისგან შედგება, რამდენი დეტალისგანაც ავიალაინერი „ბოინგ 777“-ი. ამისდა მიუხედავად, უჯრედის შემადგენელ ყველა ელემენტს განსაზღვრული ადგილმდებარეობა უკავია და ის ზომით იმდენად პატარაა, რომ მისი დიამეტრი მხოლოდ 5 მიკრონია. * ავიალაინერისგან განსხვავებით, საფუვრის უჯრედებს გამრავლება შეუძლიათ. მართლაც აღტაცებას იწვევს ასეთი წესრიგი და ორგანიზებულობა (1 კორინთელები 14:33).

ორგანიზებულობა მხოლოდ ფიზიკურ ქმნილებებში როდი შეიმჩნევა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სულიერ სამყაროშიც გამაოგნებელი ორგანიზებულობაა. წინასწარმეტყველმა დანიელმა ხილვაში უთვალავი ანგელოზი იხილა ღვთის წინაშე: „ათასობით ათასი ემსახურებოდა მას და ათი ათასობით ათი ათასი იდგა მის წინაშე“ (დანიელი 7:9, 10). წარმოიდგინეთ, რა ორგანიზებულობაა იმ ადგილას, სადაც ას მილიონზე მეტი ანგელოზი დგას და ღვთის მითითებებს ელის, რათა მათ მხარი დაუჭირონ ღვთის მსახურებს დედამიწაზე! (ფსალმუნი 91:11).

სამყაროს შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, ყველაფერს იდეალურად უწევს ორგანიზებას. მიუხედავად ამისა, ის არ არის ცივი და მხოლოდ კანონებით არ ხელმძღვანელობს. ის მოსიყვარულე, ბედნიერი ღმერთია, რომელიც თავისი ქმნილებების კეთილდღეობით არის დაინტერესებული (1 ტიმოთე 1:11; 1 პეტრე 5:7). ეს კარგად გამოჩნდა იქიდან, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა ძველად ისრაელ ერს და პირველი საუკუნის ქრისტიანებს.

ძველი ისრაელი — კარგად ორგანიზებული ერი

იეჰოვა ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელი ერი მოამზადა, რომ ორგანიზებულად ეცათ ჭეშმარიტი ღვთისთვის თაყვანი. დავფიქრდეთ, რა ორგანიზებულად ბანაკდებოდნენ ისინი სინას უდაბნოში. ნამდვილად ქაოსი იქნებოდა, თუ ყველა ოჯახი იქ გაშლიდა კარავს, სადაც მოისურვებდა. იეჰოვამ მათ კონკრეტული მითითებები მისცა, თუ სად უნდა დაბანაკებულიყო თითოეული ტომი (რიცხვები 2:1—34). მოსეს კანონში ასევე მოცემული იყო ჯანმრთელობასა და კვებასთან დაკავშირებული ზუსტი მითითებები, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი მითითება ეხებოდა ექსკრემენტების მიწაში ჩაფვლას (კანონი 23:12, 13).

როცა ისრაელი აღთქმულ მიწაზე შევიდა, ის საკმაოდ ორგანიზებული ერი იყო, რაც ბევრ რამეში ვლინდებოდა. ერი 12 ტომად იყო დაყოფილი და თითოეულს თავისი სამკვიდრო მიწა ჰქონდა. მოსეს მეშვეობით მიცემული ღვთის კანონი ეხებოდა ცხოვრების ნებისმიერ სფეროს: თაყვანისმცემლობას, ქორწინებას, ოჯახს, განათლებას, სამუშაოს, კვებას, სოფლის მეურნეობას, ცხოველებზე ზრუნვას და ასე შემდეგ. * მართალია ზოგი კანონი კონკრეტული და დეტალური იყო, მაგრამ ყველა მათგანი იეჰოვას მზრუნველობაზე მეტყველებდა და ხალხის ბედნიერებას უწყობდა ხელს. ისრაელი ერი ღვთის განსაკუთრებული კეთილგანწყობით ისარგებლებდა, თუ იეჰოვას მითითებებს შეასრულებდა (ფსალმუნი 147:19, 20).

მართალია მოსე უნარიანი წინამძღოლი იყო, მაგრამ მისი წარმატება თუ წარუმატებლობა მის უნარზე კი არა, იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად უერთგულებდა ღვთის ორგანიზაციას. მაგალითად, როგორ გადაწყვიტა მოსემ, რომელი გზით წაეყვანა ხალხი უდაბნოში? მას ხალხი იქით მიჰყავდა, საითაც იეჰოვა მიუთითებდა: დღისით ღრუბლის სვეტი მიუძღოდა, ღამით კი — ცეცხლის სვეტი (გამოსვლა 13:21, 22). იეჰოვა თავის ხალხს წინამძღოლებად ადამიანებს უყენებდა, სინამდვილეში კი, მათ თავად უწევდა ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას. ასე ხდებოდა პირველ საუკუნეშიც.

პირველი ქრისტიანები — კარგად ორგანიზებული ხალხი

პირველ საუკუნეში იესოს მოციქულებისა და მოწაფეების გულმოდგინე ქადაგების შედეგად აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ქრისტიანული კრებები ჩამოყალიბდა. ეს კრებები სხვადასხვა ადგილას იყო მიმოფანტული, მაგრამ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი არ ყოფილან. კრებები კარგად იყო ორგანიზებული და მოციქულების ზრუნვისა და მეთვალყურეობის შედეგად ყველა მხნევდებოდა. მაგალითად, მოციქულმა პავლემ ტიტეს დაავალა კრეტაში „გამოესწორებინა ნაკლოვანებები“ (ტიტე 1:5). პავლემ კორინთის კრებას მისწერა, რომ ზოგ ძმას „მართვის უნარი“ ჰქონდა (1 კორინთელები 12:28). მაგრამ ვინ იდგა ასეთი წესრიგის უკან? პავლე ამბობს, რომ „ღმერთმა შექმნა“ ანუ „ორგანიზება გაუწია“ კრებას (1 კორინთელები 12:24, The Riverside New Testament).

ქრისტიანულ კრებაში დანიშნული ზედამხედველები თანამორწმუნეებზე არ ბატონობდნენ. ისინი თანამსახურები იყვნენ და ღვთის სულის ხელმძღვანელობას მიჰყვებოდნენ. ისინი „მაგალითი [უნდა] ყოფილიყვნენ სამწყსოსთვის“ (3 იოანე 8; 1 პეტრე 5:2, 3). ქრისტიანული „კრების თავი“ მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეა და არა რომელიმე მოკვდავი კაცი ან ჯგუფი (ეფესოელები 5:23).

როცა კორინთის კრებაში სხვა კრებებისგან რადიკალურად განსხვავებული რამ ხდებოდა, პავლემ მათ მისწერა: „როგორ? განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა და განა მხოლოდ თქვენამდე მოაღწია?“ (1 კორინთელები 14:36). პავლეს სურდა, მათ აზროვნება შეეცვალათ და მიმხვდარიყვნენ, რომ დამოუკიდებლად არ უნდა ემოქმედათ. კრებები იზრდებოდა და მტკიცდებოდა, როცა ქრისტიანები მიჰყვებოდნენ მოციქულების მითითებებს (საქმეები 16:4, 5).

ღვთის სიყვარულის მაჩვენებელი

რისი თქმა შეიძლება დღეს? ზოგს შეიძლება არ სურს, რომ რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წევრი იყოს. მაგრამ ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ თავისი განზრახვის განსახორციელებლად ღმერთი ყოველთვის თავის ორგანიზაციას იყენებდა. ის ორგანიზებას უწევდა თავის თაყვანისმცემლებს როგორც ძველ ისრაელში, ისე პირველ საუკუნეში.

აქედან გამომდინარე, განა ლოგიკური არ არის დავასკვნათ, რომ იეჰოვა ღმერთი თავის ხალხს დღესაც ისე ხელმძღვანელობს, როგორც წარსულში? მართლაც, ღვთის თაყვანისმცემლების ერთიანობა და ორგანიზებულობა, მის მზრუნველობაზე მეტყველებს. დედამიწაზე თავისი განზრახვის განსახორციელებლად იეჰოვა დღეს თავის ორგანიზაციას იყენებს. როგორ გავიგოთ, რომელია ღვთის ორგანიზაცია? ამაში ქვემოთ მოცემული კრიტერიუმები დაგვეხმარება.

ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებულნი არიან ღვთის დავალების შესასრულებლად. (მათე 24:14; 1 ტიმოთე 2:3, 4). იესომ თავის მიმდევრებს დაავალა, ყველა ერისთვის ექადაგათ ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ქრისტეს მიმდევრებს ამ საქმის შესრულება გაუჭირდებოდათ, რომ არა მსოფლიო ორგანიზაცია. მაგალითისთვის: ერთი პიროვნების გამოკვება რთული არ არის, მაგრამ ათასობით ადამიანის ან მილიონების გამოკვებას სჭირდება კარგად ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრებიც ერთმანეთთან შეთანხმებულად ითანამშრომლებენ. ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთი დავალების შესასრულებლად მხარდამხარ ანუ ერთსულოვნად მსახურობენ (სოფონია 3:9). განა შეიძლება სხვადასხვა ერის, ენისა და რასის ადამიანებს უქადაგო ერთიანი და ჰარმონიული ორგანიზაციის არსებობის გარეშე? პასუხი ნათელია.

ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებულნი არიან ერთმანეთის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად. როცა ალპინისტი დამოუკიდებლად ადის მთაზე, მას შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რომელი მიმართულებით წავიდეს. ამ დროს მას გამოუცდელ მთამსვლელებზეც არ უწევს ზრუნვა. მაგრამ თუ გზაზე რამე შეემთხვევა, ის სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, რადგან ვერავინ დაეხმარება. აქედან გამომდინარე, განმარტოება ნამდვილად არ არის გონივრული (იგავები 18:1). ქრისტიანები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ და მხარში ამოუდგნენ, რათა იესოს დავალება შეასრულონ (მათე 28:19, 20). ქრისტიანული კრება ბიბლიაზე დაფუძნებული მითითებებითა და სწავლებებით უზრუნველყოფს ქრისტიანებს და ამხნევებს, რომ პრობლემების მიუხედავად ფარ-ხმალი არ დაყარონ. სად ისწავლიდა ქრისტიანი იეჰოვას გზებს, რომ არ არსებობდეს ორგანიზებული ქრისტიანული შეხვედრები? (ებრაელები 10:24, 25).

ჭეშმარიტი ქრისტიანები ორგანიზებულნი არიან, რათა ღმერთს გაერთიანებულად ემსახურონ. როცა იესოს ცხვარი ისმენს მის ხმას, ისინი „ერთი სამწყსო“ ხდებიან, რომელსაც თავად მიუძღვის (იოანე 10:16). ისინი სხვადასხვა ეკლესიებსა და რელიგიურ გაერთიანებებში არ არიან მიმოფანტულნი; არც მათი სწავლებები განსხვავდება ერთმანეთისგან. „ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობს“ (1 კორინთელები 1:10). ერთობაში რომ ვიცხოვროთ, საჭიროა წესრიგი, წესრიგი კი თავისთავად ორგანიზებას მოითხოვს. ღვთის კურთხევას მხოლოდ ერთიანი საძმო იღებს (ფსალმუნი 133:1, 3).

ღვთისა და ბიბლიური ჭეშმარიტების ნამდვილმა სიყვარულმა მილიონები მიიზიდა ორგანიზაციაში, რომელიც აკმაყოფილებს ამ და სხვა ბიბლიურ მოთხოვნებს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით იეჰოვას მოწმეები ორგანიზებულად და გაერთიანებულად ასრულებენ ღვთის ნებას. მათ სჯერათ ღვთის დანაპირების: „დავმკვიდრდები მათ შორის და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“ (2 კორინთელები 6:16). ამ დიდებულ კურთხევას თქვენც მიიღებთ, თუ იეჰოვა ღმერთს თაყვანს სცემთ მის ორგანიზაციასთან ერთად.

[სქოლიოები]

^ აბზ. 2 მიკრონი ანუ მიკრომეტრი მეტრის მემილიონედი ნაწილია.

^ აბზ. 7 იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი 2, გვერდები 214—220 (ინგლ.). გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[სურათი 13 გვერდზე]

ისრაელები ორგანიზებულად იყვნენ დაბანაკებულნი

[სურათები 14, 15 გვერდებზე]

მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის შესასრულებლად აუცილებელია ორგანიზება

კარდაკარ მსახურება

სტიქიით დაზარალებულთა დახმარება

კონგრესები

თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი დარბაზების მშენებლობა