ის ლამაზ მუსიკასავით ჟღერდა
წერილი მადაგასკარიდან
ის ლამაზ მუსიკასავით ჟღერდა
მე და ჩემი ქმარი თვალცრემლიანი დავემშვიდობეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს და მისიონერული მსახურებისთვის კუნძულ მადაგასკარზე გავეშურეთ. დარწმუნებული ვიყავით, რომ იეჰოვა ღმერთი ყველგან აკურთხებდა ჩვენს მსახურებას.
ვერასოდეს დავივიწყებთ მადაგასკარზე პირველი კრების შეხვედრას. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ძმა, რომელიც „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ატარებდა, სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა. რადგან ენა არ გვესმოდა, მათი სიტყვები მუსიკის ჰანგებივით ჩაგვესმოდა ყურში. ალბათ, დიდი დრო დაგვჭირდებოდა იმის მისახვედრად, თუ რაზე ლაპარაკობდნენ ისინი.
პირველად, როცა წამყვანის მიერ დასმული დამატებითი კითხვა გავიგე, პასუხი ჩემდაუნებურად წამოვიძახე, რაც გვერდით მსხდომმა და-ძმებმა გაიგონეს. მე გამეცინა და სახეზე ხელები ავიფარე. მართალია, თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ გამიხარდა, რომ რაღაც გავიგე.
ნაცვლად იმისა, რომ სხვებს მსახურებაში დავხმარებოდი, ვგრძნობდი, რომ თავად მჭირდებოდა დახმარება. და-ძმებმა მასწავლეს მარტივი შეთავაზება და ის, თუ რა უნდა მეთქვა შემდეგ და რომელი მუხლი გამომეყენებინა.
მახსოვს, ერთხელ მსახურებაში ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა „ვაზაჰა“, „ვაზაჰას“ ძახილი დაიწყო. მალაგასიურ ენაზე ეს სიტყვა უცხოელს ნიშნავს. ნაბიჯს ავუჩქარეთ, რომ მას სხვა ბავშვებიც არ აჰყოლოდნენ. მაგრამ მოულოდნელად ერთმა ბიჭმა მას ყვირილი შეაწყვეტინა და უთხრა: „ის არ არის უცხოელი, ის ჩვენს ენაზე ლაპარაკობს!“. დამ, რომელიც ჩემ გვერდით იყო, მათი ნათქვამი გადამითარგმნა, რადგან ისინი ისე სწრაფად ლაპარაკობდნენ, რომ ვერაფერი გავიგე. მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვიყავი, რადგან ენას ნელ-ნელა ვითვისებდი. როგორც იქნა, მადაგასკარზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში.
სამეფო დარბაზში, როცა მოწყენილი ვიყავი, არაერთხელ მოსულან ჩემთან ბავშვები და თავიანთი პაწია ხელებით ხელზე შემხებიან. ისინი მომღიმარი სახით შემომყურებდნენ და თვალებით
მეუბნებოდნენ, რომ ჩემი დანახვა ძალიან უხაროდათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთის კარგად არ გვესმოდა. ბავშვები, მართლაც, კურთხევაა კრებისთვის. ერთ-ერთი მათგანი, სახელად ჰასინა, რომელიც უკვე მონათლულია, ჩემი პირადი თარჯიმანი გახდა. ზოგჯერ, როცა ვიღაცას რაღაცას ვერ ვაგებინებ, ჰასინა ხვდება, რისი თქმა მინდა. ის არაერთხელ დამხმარებია თანაქრისტიანებთან საუბრისას.კრება, რომელშიც მე და ჩემი ქმარი ვიყავით, მალე უნდა გაყოფილიყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბიბლიის ზოგიერთი შემსწავლელისთვის სხვა მაუწყებელს მოუწევდა შესწავლის ჩატარება, რადგან ისინი ახალი კრების ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ერთმა დამ მთხოვა, მისი ბიბლიის შემსწავლელისთვის შესწავლა მე ჩამეტარებინა. პასუხისმგებლობის აღებას ვერ ვბედავდი და ვეუბნებოდი, რომ ჯერ ამისთვის მზად არ ვიყავი. მაგრამ ის არ მომეშვა და დამარწმუნა, რომ იეჰოვას დახმარებით ყველაფერი გამომივიდოდა. კეთილი თვალებითა და მარტივი სიტყვებით მან მითხრა, რომ მალე შევძლებდი სხვებისთვის ისე სწავლებას, როგორ მსურდა. მისმა სიტყვებმა ძალიან გამამხნევა.
მალე იმ ქალმა, რომელსაც ბიბლიის შესწავლას ვუტარებდი, სულიერად წინ წაიწია. ერთხელ, როცა ქუჩაში მივდიოდი, მას და მის მეუღლეს შევხვდი, რომლებიც ქორწინების რეგისტრაციაში გასატარებლად მიდიოდნენ. მის მეუღლეს ბიბლიის შესწავლა დაეწყო. მათ მითხრეს, რომ სულიერი მიზნები ჰქონდათ დასახული და მონათვლას აპირებდნენ. ამ ამბავმა ძალიან გამახარა, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ჩემი კი არა, იეჰოვას დამსახურება იყო.
მადაგასკარზე მისიონერად მსახურებამ ბევრი რამ გვასწავლა. მართალია, მეგობრები და ოჯახის წევრები გვენატრება, მაგრამ ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ისინიც ჩვენთან არიან. ადგილობრივ და-ძმებს იმდენად ხშირად ვუყვებით ჩვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების შესახებ, რომ ისინი უკვე მათ ამბებს გვეკითხებიან. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა ისინი ერთმანეთს შეხვდებიან.
მადაგასკარელთა საუბარი კვლავაც მუსიკასავით ჩამესმის ყურში. თუმცა ახლა უკვე მესმის ზოგიერთი სიტყვის მნიშვნელობა. ერთი სული მაქვს, როდის შევძლებ გამართულად ლაპარაკს, რომ მათ ლამაზ ენას მეც შევუწყო ხმა. იესომ თქვა: „ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე — ხვალინდელ დღეს თავისი საწუხარი ექნება“ (მათე 6:34). ვცდილობთ, თითო ჯერზე თითო „ნოტი“ ანუ თითო სიტყვა ვისწავლოთ. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ჩვენი მზრუნველი და მოსიყვარულე და-ძმებივით თავისუფლად შევძლოთ ამ ენაზე ლაპარაკი.
[სურათი 25 გვერდზე]
მე და ჰასინა ქადაგებისას