რა არის ღვთის სამეფო?
ისწავლეთ ღვთის სიტყვიდან
რა არის ღვთის სამეფო?
ამ სტატიაში დასმულია კითხვები, რომლებზეც შესაძლოა არაერთხელ გიფიქრიათ, და მითითებულია ის ბიბლიური მუხლები, რომლებიც ამ კითხვებს სცემს პასუხს. იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით იმსჯელებენ თქვენთან ერთად ამ ბიბლიურ მუხლებზე.
1. რა არის ღვთის სამეფო?
ღვთის სამეფო არის ზეციერი ხელისუფლება. ეს სამეფო შეცვლის ყველა სხვა სამეფოს და ღვთის ნება სწორედ ისე შესრულდება დედამიწაზე, როგორც ზეცაში. აქედან გამომდინარე, სწორედ ღვთის სამეფოა საუკეთესო ხელისუფლება, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს (წაიკითხეთ დანიელის 2:44; მათეს 6:9, 10).
ამ სამეფოს ჰყავს მეფე. იეჰოვა ღმერთმა თავისი ძე, იესო დანიშნა თავისი სამეფოს მეფედ (წაიკითხეთ ლუკას 1:30—33).
2. რატომ არის იესო იდეალური მმართველი?
ღვთის ძე იდეალური მმართველია, რადგან კეთილია, მტკიცედ დგას სიმართლის მხარეს და საკმაოდ დიდ ძალას ფლობს იმისათვის, რომ ხალხს დაეხმაროს (მათე 11:28—30). მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ავიდა ზეცაში და იეჰოვას მარჯვნივ დაჯდა (ებრაელები 10:12, 13). ბოლოს, ღმერთმა მისცა მას ძალაუფლება, რათა ზეციდან დაეწყო მმართველობა (წაიკითხეთ დანიელის 7:13, 14).
3. კიდევ ვინ იმმართველებს იესოსთან ერთად?
იესოსთან ერთად ზეცაში იმმართველებენ „წმინდები“, რომლებიც ღმერთმა ამოირჩია (დანიელი 7:27). პირველები, ვინც წმინდები უნდა გამხდარიყვნენ, იესოს ერთგული მოციქულები იყვნენ. იეჰოვა დღემდე ირჩევს ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც წმინდების რიგებს შეუერთდებიან. იესოს მსგავსად, ისინიც სულიერი სხეულით აღდგებიან (წაიკითხეთ იოანეს 14:1—3; 1 კორინთელების 15:42—45).
რამდენი ადამიანი ავა ზეცაში? იესომ მათ უწოდა „მცირე სამწყსო“ (ლუკა 12:32). მათმა რიცხვმა საბოლოოდ უნდა შეადგინოს 144 000; ისინი იესოსთან ერთად მთელ დედამიწაზე იმეფებენ (წაიკითხეთ გამოცხადების 5:9, 10; 14:1).
4. როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?
იესო გამეფდა 1914 წელს. * ცოტა ხანში მან სატანა და დემონები დედამიწაზე გადმოყარა (გამოცხადება 12:7—10, 12). მას შემდეგ კაცობრიობას სულ უფრო მეტი უბედურება ატყდება თავს. ომები, მიწისძვრები, შიმშილი, ეპიდემიები და უკანონობა ქვეყნიერების ბოლო დღეებისთვის დამახასიათებელი ნიშნის ნაწილია (2 ტიმოთე 3:1—5). ყველას, ვისაც სურს, ღვთის სამეფოს მეშვეობით კურთხევები მიიღოს, უნდა გაიგოს, როგორ გახდეს ამ სამეფოს მეფის, იესოს მიმდევარი (წაიკითხეთ ლუკას 21:7, 10, 11, 31, 34, 35).
5. რას გააკეთებს ღვთის სამეფო?
ღვთის სამეფო მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით მთელ მსოფლიოში მილიონებს ეხმარება, გაიგონ იეჰოვას განზრახვის შესახებ (მათე 24:14). ღვთის სამეფო დაიცავს „უამრავ ხალხს“, იესოს ერთგულ მიმდევრებს, როცა გაანადგურებს ბოროტ ქვეყნიერებას (წაიკითხეთ გამოცხადების 7:9, 10, 13—17).
ათასწლიანი მმართველობის დროს ღვთის სამეფო თანდათანობით დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. ბოლოს, იესო სამეფოს მამას გადასცემს (1 კორინთელები 15:24—26). იცნობთ ისეთ ვინმეს, ვისთანაც მოისურვებდით ღვთის სამეფოზე საუბარს? (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:10, 11, 29).
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-8 და მე-9 თავები. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სქოლიო]
^ აბზ. 13 დაწვრილებით რომ გაიგოთ, რა მნიშვნელობა აქვს 1914 წელს ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, გვერდები 215—218. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.