ნუთუ ეს ღვთის სასჯელია?
„ჩემი აზრით, ეს ღვთის სასჯელია, მაგრამ ძალიან ვწუხვარ მათ გამო, ვინც სტიქიური უბედურებების დროს დაზარალდა“, — თქვა ერთმა ცნობილმა იაპონელმა პოლიტიკოსმა მას შემდეგ, რაც 2011 წლის მარტში მის ქვეყანაში 9-ბალიანი მიწისძვრა და ცუნამი მოხდა.
2010 წლის იანვარში ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის დროს 220 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მაშინ ერთმა ცნობილმა ტელეევანგელისტმა განაცხადა, რომ ამ უბუდურების მიზეზი ის იყო, რომ „ისინი ეშმაკთან იყვნენ შეკრულნი“ და „ღმერთთან დაბრუნებას“ საჭიროებდნენ.
„ღმერთს სურს, რომ გამოაღვიძოს ჩვენი გაუხეშებული და უგრძნობი სინდისი“, — განაცხადა კათოლიკე მღვდელმა მაშინ, როცა მანილაში (ფილიპინები) ჭყლეტის დროს 79 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთი იუწყებოდა, რომ „სრულწლოვანთა 21 პროცენტს სჯერა, რომ ღმერთი თავის რისხვას ადამიანებზე იმით ანთხევს, რომ მეწყერს, ტაიფუნსა და სხვა ბუნებრივ კატაკლიზმებს იწვევს“; მსგავსი უბედურებები კი ხშირად ატყდება თავს ამ ქვეყანას.
დიდი ხანია ადამიანებს სჯერათ, რომ ღმერთი სტიქიური უბედურებებით სჯის ბოროტებს. 1755 წელს, როცა დაახლოებით 60 000 ადამიანი დაიღუპა მიწისძვრის, ხანძრისა და ცუნამის დროს ლისაბონში (პორტუგალია), კარგად ცნობილმა ფილოსოფოსმა ვოლტერმა ასეთი კითხვა დასვა: „განა უფრო დიდი ბოროტება ხდებოდა ლისაბონში პარიზთან შედარებით, სადაც ხალხი ავხორც განცხრომას ეძლეოდა?“ მილიონებს აინტერესებს, მართლა ღვთისგან მოვლენილი სასჯელია სტიქიური უბედურებები? ბევრ ქვეყანაში ამას მართლაც ღვთის ხელს მიაწერენ.
აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: სინამდვილეში სჯის ღმერთი ხალხს სტიქიური უბედურებებით? ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურებები იყო თუ არა ღვთისგან მოვლენილი სასჯელი?
ზოგიერთები ბიბლიურ მონაკვეთებს იშველიებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ღმერთი ბუნებრივი კატაკლიზმებით სჯის ადამიანებს (დაბადება 7:17—22; 18:20; 19:24, 25; რიცხვები 16:31—35). მაგრამ თუ ამ ბიბლიურ მონაკვეთებს კარგად გამოვიკვლევთ, დავინახავთ, რომ ეს უბედურებები სამი მთავარი მიზეზის გამო ხდებოდა. პირველი, თითოეულ შემთხვევაში წინასწარ აფრთხილებდნენ ხალხს. მეორე, დღევანდელი სტიქიური უბედურებებისგან განსხვავებით, რომელიც კეთილსა და ბოროტს განურჩევლად ანადგურებს, ღვთის რისხვის დროს მხოლოდ გამოუსწორებელი ბოროტები ან ის ადამიანები ნადგურდებოდნენ, რომლებიც არაფრად აგდებდნენ გაფრთხილებებს. მესამე, ღმერთი ყოველთვის ზრუნავდა, რომ უდანაშაულო ხალხი გადარჩენილიყო (დაბადება 7:1, 23; 19:15—17; რიცხვები 16:23—27).
მართალია, დღეს არაერთმა სტიქიურმა უბედურებამ მილიონების სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ღმერთს მივაწეროთ ეს კატასტროფები. მაშ, ვინ დგას ამ ბუნებრივი კატაკლიზმების მიღმა, რომლებსაც ბოლო არ უჩანს? რა ზომებს უნდა მივმართოთ? დადგება დრო, როცა სტიქიური უბედურებები წარსულს ჩაჰბარდება? ამ კითხვებზე პასუხებს მომდევნო სტატიებში გავიგებთ.