მკითხველები გვეკითხებიან
განადგურდება დედამიწა?
▪ ზოგს სჯეროდა, რომ დედამიწა 2011 წლის 21 ოქტომბერს განადგურდებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ასე რომ, ვერ გამართლდა შეერთებული შტატების ერთ-ერთი რადიოს დიქტორის, ჰაროლდ ქემფინგის, წინასწარმეტყველება. ის წინასწარმეტყველებდა, რომ სასამართლოს დღე 2011 წლის 21 მაისს დაიწყებოდა — მოხდებოდა დამანგრეველი მიწისძვრა მთელ დედამიწაზე და ხუთი თვის შემდეგ, კერძოდ, 21 ოქტომბერს, დედამიწა მოისპობოდა.
მაგრამ სინამდვილეში დედამიწა არასოდეს განადგურდება. დედამიწის შემოქმედი ამას არასდროს დაუშვებს. მის სიტყვაში აღნიშნულია: „მყარად დაგიფუძნებია დედამიწა, რომ იდგეს“ (ფსალმუნი 119:90).
ბიბლიის ზოგიერთი მკითხველი კი ფიქრობს, რომ დედამიწა ცეცხლით განადგურდება. ამის დასტურად მათ 2 პეტრეს 3:7, 10-ში ჩაწერილი სიტყვები მოჰყავთ: „ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვით ცეცხლისთვის არის გამზადებული და შემონახული უღვთოთა გასამართლებისა და დაღუპვის დღისთვის . . . იეჰოვას დღე ქურდივით მოვა. მაშინ ცა გრგვინვით სწრაფად გადაივლის, ხოლო შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება, დედამიწა და მისი საქმეები კი გამოაშკარავდება“. პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ პეტრე მოციქულის სიტყვები?
რა თქმა უნდა, არა. თუ გვინდა, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობას ჩავწვდეთ, პეტრეს ნათქვამი მისი წერილისა და მთლიანი ბიბლიის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. თუ პირდაპირ გავიგებთ ამ სიტყვებს, მაშინ გამოდის, რომ ზეცა — მასში არსებული მილიარდობით ვარსკვლავი და სხვა ციური სხეულები — ცეცხლით განადგურდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უზარმაზარ სამყაროში ერთ პატარა პლანეტაზე ბოროტი ადამიანები ცხოვრობენ. განა კილომეტრებზე გადაჭიმულ სანაპირო ზოლს მხოლოდ იმიტომ გაანადგურებდით, რომ ქვიშის ერთი მარცვალი არ მოგწონთ?! რა თქმა უნდა, არა, რადგან ეს აზრს მოკლებული იქნებოდა. არც იეჰოვა გაანადგურებს თავის შექმნილ სამყაროს მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ერთ-ერთი ქმნილება დაუპირისპირდა.
გარდა ამისა, ასეთი თვალსაზრისი ეწინააღმდეგება იესოს სიტყვებს, რომელმაც თქვა: „ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5; ფსალმუნი 37:29). განა ააშენებდა მოსიყვარულე მამა კეთილმოწყობილ სახლს თავისი ოჯახისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ დაეწვა იგი?! (ფსალმუნი 115:16). მოსიყვარულე მამა ამას არასდროს გააკეთებდა. იეჰოვა ღმერთი მხოლოდ შემოქმედი კი არა, მოსიყვარულე მამაც არის (ფსალმუნი 103:13; 1 იოანე 4:8).
პეტრე სიტყვა „დედამიწას“ გადატანითი მნიშვნელობით იყენებს და მასში ადამიანებს გულისხმობს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი — ბოროტ ადამიანებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტრე პარალელს ავლებს ნოეს დროს მომხდარ წარღვნასთან (2 პეტრე 3:5, 6). იმ დროს მხოლოდ ბოროტები განადგურდნენ; დედამიწა, მართალი ნოე და მისი ოჯახი კი გადარჩა. პეტრე სიტყვა „ცასაც“ სიმბოლური მნიშვნელობით იყენებს. ამ შემთხვევაში „ცაში“ იგულისხმება ადამიანთა მმართველობა უღვთო ხალხზე. ასე რომ, გამოუსწორებელი ბოროტები და მათი მმართველობები მოისპობიან, ხოლო მათ ადგილს ღვთის ზეციერი მთავრობა ანუ სამეფო დაიკავებს (დანიელი 2:44).
აქედან გამომდინარე, განადგურდება ჩვენი პლანეტა დედამიწა? რასაკვირველია, არა. სინამდვილეში მხოლოდ სიმბოლური დედამიწა ანუ ბოროტი ადამიანები განადგურდებიან. დედამიწა და ღვთისმოშიში ადამიანები კი მარადიულად იარსებებენ (იგავები 2:21, 22).