დაუახლოვდით ღმერთს
„მე არ დაგივიწყებ“
ნამდვილად ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე? თუ დიახ, რამდენად შესტკივა მათზე გული? ამ კითხვაზე პასუხის გაგება მხოლოდ მისი სიტყვიდან შეიძლება. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რას გრძნობს იეჰოვა. განვიხილოთ ესაიას 49:15-ში ჩაწერილი სიტყვები.
იმის საჩვენებლად, თუ რა ძლიერ უყვარდა იეჰოვას თავისი ხალხი, იეჰოვამ ესაიას მეშვეობით ისრაელს ამაღელვებელი მაგალითი მოუყვანა. მან დამაფიქრებელი კითხვა დაუსვა მათ: „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?!“ ერთი შეხედვით, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია. განა შეიძლება, რომ დედამ თავისი ჩვილი დაივიწყოს? მისი პატარა ხომ მთლიანად მასზეა დამოკიდებული და ყოველთვის თავს ახსენებს, როცა ყურადღება სჭირდება. მაგრამ იეჰოვას კითხვაში უფრო მეტი იგულისხმება.
რატომ ზრუნავს დედა თავის ჩვილზე და მოვლა-პატრონობას არ აკლებს ყოველდღე? მხოლოდ იმიტომ, რომ მტირალი ბავშვი დააწყნაროს? რასაკვირველია, არა. დედას, ჩვეულებრივ, ებრალება „თავის მუცლის ნაშიერი“. „შებრალებად“ ნათარგმნი ეს ებრაული ზმნა „მოწყალების გამოვლენასაც“ ნიშნავს (გამოსვლა 33:19; ესაია 54:10). ამ ებრაულ სიტყვაში შეიძლება იგულისხმებოდეს უმწეო ადამიანის მიმართ უდიდესი თანაგრძნობის გამოვლენა. გრძნობა, რომელსაც დედა ავლენს ჩვილის მიმართ, ყველაზე ძლიერი გრძნობაა.
სამწუხაროდ, ყველა დედა არ ავლენს სიბრალულს თავისი ბავშვის მიმართ, რომელსაც ძუძუს აწოვებს. იეჰოვა ესაიას მეშვეობით იმასაც ამბობს, რომ დედებმაც შეიძლება დაივიწყონ თავიანთი შვილები. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, სადაც კაცები თუ ქალები „ორგულები, თბილ გრძნობებს მოკლებულები“ არიან (2 ტიმოთე 3:1—5). ზოგჯერ ვიგებთ, რომ დედები თავიანთ ახალდაბადებულ შვილებს უყურადღებოდ ტოვებენ, ცუდად ექცევიან ან საერთოდ უარს ამბობენ მათზე. ბიბლიის ერთ ნაშრომში ესაიას 49:15-ის შესახებ წერია: „დედები ცოდვილები არიან და ზოგჯერ მათ სიყვარულს მანკიერებები სძლევს. ყველაზე ძლიერმა სიყვარულმაც კი შეიძლება განიცადოს მარცხი“.
მაგრამ იეჰოვა გვარწმუნებს: „მე არ დაგივიწყებ“. ახლა უკვე ნათელია, რატომ წამოჭრა იეჰოვამ ასეთი კითხვა ესაიას 49:15-ში. მან ეს შედარება იმ მიზნით მოიყვანა, რომ ჩვენთვის ეს დიდი სხვაობა დაენახვებინა. არასრულყოფილი დედისგან განსხვავებით, რომელმაც შეიძლება არ შეიბრალოს თავისი უმწეო ჩვილი, იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს თავის თაყვანისმცემლებს და საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის გამოავლენს უდიდეს თანაგრძნობას მათ მიმართ. ზემოთ მოხსენიებულ ნაშრომში ესაიას 49:15-ზე მართებულად არის ნათქვამი: „მთელ ძველ აღთქმაში ამ მუხლში მოყვანილი სიტყვები ღვთის სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოხატულებაა“.
განა არ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ ღმერთი „უდიდესი თანაგრძნობის“ წყაროა? (ლუკა 1:78). კარგი იქნება, თუ გაიგებთ, როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ იეჰოვას. ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს არწმუნებს: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5).
თებერვალში წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთი: