არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?

ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?

ერეოდა თავად იესო პოლიტიკაში?

სახარებების დამწერებმა იესოს მსახურებიდან რამდენიმე შემთხვევა მოიხსენიეს, საიდანაც გამოჩნდა, რომ ხალხმა არაერთხელ სცადა, იესო პოლიტიკაში ჩაებათ. მაგალითად, მას შემდეგ, რაც 30 წლის იესო მოინათლა, ეშმაკმა მას შესთავაზა, გამხდარიყო მთელი მსოფლიოს მმართველი. მოგვიანებით ხალხმა მოისურვა მისი გამეფება. ცოტა ხნის შემდეგ კი მორიგი მცდელობა ჰქონდათ, რომ იესო პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაებათ. როგორ მოიქცა იესო? მოდი, ახლა დაწვრილებით ვისაუბროთ თითოეულ ამ შემთხვევაზე.

მთელი მსოფლიოს მმართველი. როგორც სახარებებიდან ვიგებთ, ეშმაკმა იესოს შესთავაზა, „მსოფლიოს ყველა სამეფოს“ მმართველი გამხდარიყო. წარმოიდგინეთ, რამხელა სიკეთის გაკეთებას შეძლებდა იესო გაწამებული ხალხისთვის, მთელი მსოფლიოს მმართველი რომ გამხდარიყო! ხალხის კეთილდღეობით დაინტერესებული რომელი პოლიტიკოსი იტყოდა უარს ასეთ შემოთავაზებაზე?! იესომ ამ წინადადებაზე ცივი უარი განაცხადა (მათე 4:8—11).

მეფე. იესოს თანამედროვეთაგან ბევრი ნატრობდა ისეთ მმართველს, რომელიც სიდუხჭირისგანაც იხსნიდა მათ და რომის მონური უღლისგანაც გაათავისუფლებდა. ხალხი მოხიბლული იყო იესოს განსაკუთრებული უნარით და ამიტომაც სურდათ მისი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმა. რას ფიქრობდა თავად იესო ამაზე? სახარების დამწერი იოანე ამბობს: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოანე 6:10—15). აშკარაა, რომ იესო უარს ამბობდა პოლიტიკაში ჩაბმაზე.

პოლიტიკური აქტივისტი. ყურადღება მიაქციეთ, რა მოხდა იესოს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე. ფარისეველთა მოწაფეები, რომელთაც სურდათ რომის უღლის გადაგდება, და ჰეროდეს მომხრეები, რომლებიც რომის იმპერიას უჭერდნენ მხარს, იესოსთან მივიდნენ. მათ უნდოდათ, იესოს თავისი პოლიტიკური პოზიცია დაეფიქსირებინა. მათ ჰკითხეს, უნდა გადაეხადათ თუ არა იუდეველებს რომისთვის გადასახადები.

მარკოზმა თავის სახარებაში დაწერა, თუ რა პასუხის გასცა იესომ მათ: «„რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“. მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს“» (მარკოზი 12:13—17). ერთი წიგნი იესოს პასუხის თაობაზე შემდეგ კომენტარს აკეთებს: „იესომ უარი განაცხადა, რომ პოლიტიკური მესია ყოფილიყო. მან ცალსახად გამიჯნა კეისრისა და ღვთის მსახურება“ (Church and State—The Story of Two Kingdoms).

იესო გულგრილად ვერ უყურებდა იმას, რომ იუდეველებს უწევდათ ისეთ პრობლემებთან ჭიდილი, როგორიც იყო სიღარიბე, მოქრთამვა და უსამართლობა. ბიბლიიდან ჩანს, რომ იესოს გული ეწვოდა, როცა თავის გარშემო გაწამებულ ხალხს ხედავდა (მარკოზი 6:33, 34). მაგრამ იმ დროს იესოს უსამართლობის წინააღმდეგ არ გაულაშქრია მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცდილობდა მის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმას.

ამ შემთხვევებიდან აშკარად დავინახეთ, რომ იესო არ ერეოდა პოლიტიკაში. რა შეიძლება ითქვას დღევანდელ ქრისტიანებზე? როგორ უნდა იქცეოდნენ ისინი?