არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საუბრები ბიბლიურ თემებზე — მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

საუბრები ბიბლიურ თემებზე — მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

საუბრები ბიბლიურ თემებზე — მიდის ყველა კარგი ადამიანი ზეცაში?

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით ესაუბრებიან ადამიანებს ბიბლიურ საკითხებზე. გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.

ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთი იეჰოვას მოწმე, სახელად გიორგი, ესაუბრება ერთ მამაკაცს, დათოს.

რას გააკეთებენ ისინი, ვინც ზეცაში წავლენ?

გიორგი: როდესაც მომავალზე ფიქრობთ, როგორ გგონიათ, მდგომარეობა გაუმჯობესდება, გაუარესდება თუ უცვლელი დარჩება?

დათო: ვფიქრობ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება. მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა ზეცაში უფალთან ვიქნები.

გიორგი: კარგის მოლოდინი გქონიათ. ბიბლიაში არაერთ ადგილასაა მოხსენიებული ზეცა და ის, თუ რამხელა პატივია იქ მოხვედრა. გიფიქრიათ, რას გააკეთებენ ისინი, ვინც ზეცაში წავლენ?

დათო: ჩვენ ღმერთთან ვიქნებით და უსასრულოდ შევასხამთ ხოტბას.

გიორგი: ერთობ შთამბეჭდავი იმედია. საგულისხმოა ისიც, რომ ბიბლია არა მხოლოდ იმაზე საუბრობს, თუ რამხელა პატივი ხვდებათ წილად ზეცად ასულებს, არამედ იმაზეც, თუ რაოდენ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას დააკისრებს ეს მათ.

დათო: რა პასუხისმგებლობას გულისხმობთ?

გიორგი: ამ პასუხისმგებლობის შესახებ გამოცხადების 5:10-დან ვიგებთ: „ჩვენი ღვთის სამეფოდ და მღვდლებად გახადე [იესო] ისინი და მეფეები იქნებიან, დედამიწის მმართველები“. დათო, შენიშნეთ, რა დაევალებათ ზეცაში ასულთ?

დათო: ამ მუხლიდან ჩანს, რომ ისინი ზეციდან დედამიწაზე იმეფებენ.

გიორგი: საინტერესოა, არა?!

ვისზე იმმართველებენ ზეცაში ასულები?

გიორგი: ალბათ, დამეთანხმებით, რომ თუ ზეცად ასულები მეფეები გახდებიან, უნდა იარსებონ ადამიანებმა, რომლებზეც ისინი იმმართველებენ. წარმოგიდგენიათ მთავრობა ქვეშევრდომების გარეშე?

დათო: მართლაც საინტერესო კითხვაა.

გიორგი: ასე რომ, ბუნებრივია, დაგვებადოს კითხვა: ვისზე იმმართველებენ ისინი?

დათო: ალბათ იმ ადამიანებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ მომკვდარან და ზეცად არ ასულან.

გიორგი: ლოგიკურია ასე ვიფიქროთ, თუ ყველა კარგი ადამიანი მიდის ზეცაში. მაგრამ აქვე ჩნდება მეორე შეკითხვაც: შესაძლებელია, რომ ზოგი კარგი ადამიანი ზეცაში არ წავიდეს?

დათო: არასდროს მსმენია, რომ რომელიმე ქრისტიანს ეს სწამდეს.

გიორგი: ეს კითხვა იმიტომ დაგისვით, რომ ფსალმუნის 37:29 წაგვეკითხა. თავად ხომ არ ამოიკითხავდით?

დათო: რატომაც არა. „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“.

გიორგი: მადლობა. ყურადღება მიაქციეთ, სად იცხოვრებს ბევრი კარგი ადამიანი?

დათო: მუხლიდან ჩანს, რომ ისინი დედამიწას დაიმკვიდრებენ.

გიორგი: ზუსტად ასეა. ისინი დედამიწაზე იცხოვრებენ არა მხოლოდ მცირე ხნით, არამედ — მარადიულად. როგორც მუხლიდან დავინახეთ, „მარადიულად იცხოვრებენ მასზე.“

დათო: შესაძლოა ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ დედამიწაზე ყოველთვის იქნებიან კარგი ადამიანები. როდესაც მოვკვდებით და ზეცად ავალთ, ჩვენს ადგილს დაიკავებენ სხვა კარგი ადამიანები, რომლებიც ამ დროს დაიბადებიან.

გიორგი: ბევრი შესაძლოა სწორედ ასე ხსნის ამ მუხლს. მაგრამ შესაძლებელია, ეს მუხლი სხვაგვარადაც გავიგოთ? შეიძლება ამ მუხლიდან გამომდინარე დავასკვნათ, რომ კარგი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე?

დათო: ცოტა დავიბენი, თქვენ რას მეტყვით?

სამოთხე დედამიწაზე მომავალში

გიორგი: მოდი, ვნახოთ, რას ამბობს ბიბლიის სხვა მონაკვეთი მომავალში დედამიწაზე ცხოვრების შესახებ. წავიკითხოთ გამოცხადების 21:4. იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც დედამიწაზე იცხოვრებენ, ამ მუხლიდან ვიგებთ: „მოსწმენდს [ღმერთი] მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი, რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“. რა შესანიშნავი დანაპირებია, არა?

დათო: ნამდვილად. მაგრამ ჩემი აზრით, ეს მუხლი იმაზე საუბრობს, თუ როგორი იქნება ცხოვრება ზეცაში.

გიორგი: ერთი რამ ცხადია, რომ მსგავსი კურთხევა მათაც ექნებათ, ვინც ზეცაში წავა. მაგრამ, მოდი, კიდევ ერთხელ გადახედეთ ამ მუხლს. კიდევ რას ვიგებთ ამ მუხლიდან? რა ბედი ეწევა სიკვდილს?

დათო: მუხლიდან ვიგებთ, რომ „აღარ იქნება სიკვდილი“.

გიორგი: მართალი ხართ. ალბათ, ერთ რამეში დამეთანხმებით: რაიმემ რომ მეტად აღარ იარსებოს, ის დღეს უნდა არსებობდეს. ხომ ასეა?!

დათო: რასაკვირველია.

გიორგი: მაგრამ ზეცაში ხომ არავინ კვდება?! მხოლოდ აქ, დედამიწაზე კვდებიან ადამიანები.

დათო: რა საინტერესოა! ამაზე ვიფიქრებ.

გიორგი: დათო, ბიბლია გვასწავლის, რომ ზოგი ადამიანი ზეცაში წავა, მაგრამ ბევრი მარადიულად იცხოვრებს დედამიწაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენთვის კარგადაა ცნობილი ეს სიტყვები: „ნეტარ არიან თვინიერნი, ვინაიდან ისინი დაიმკვიდრებენ მიწას“ (მათე 5:5; საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).

დათო: კი, ეს მუხლი ჩემთვის ნაცნობია.

გიორგი: თუ თვინიერნი დაიმკვიდრებენ მიწას, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დედამიწაზე იცხოვრებენ? მაშინ ისინი წიგნ „გამოცხადებაში“ ნაწინასწარმეტყველები კურთხევების შესრულებით გაიხარებენ და საკუთარი თვალით იხილავენ, რა ძირეულ ცვლილებებს მოახდენს ღმერთი დედამიწაზე და როგორ დაუსვამს წერტილს ყოველგვარ უბედურებას, მათ შორის სიკვდილს.

დათო: ვხვდები, საითკენაც მიგყავთ საუბარი, მაგრამ მხოლოდ ერთი ან ორი ბიბლიური მუხლის საფუძველზე ვერ დაგიჯერებთ.

გიორგი: მართალი ხართ. სინამდვილეში ბიბლიაში არაერთ ადგილასაა საუბარი იმის შესახებ, თუ როგორი ცხოვრება იქნება მომავალში დედამიწაზე. თუ გაქვთ რამდენიმე წუთი, კიდევ ერთ ჩემს საყვარელ მუხლს გიჩვენებთ.

დათო: კი, რამდენიმე წუთი მაქვს.

„აღარ იქნება ბოროტი“

გიორგი: ჩვენ უკვე წავიკითხეთ 37-ე ფსალმუნის 29-ე მუხლი. მოდი, ახლა ისევ ამ ფსალმუნს დავუბრუნდეთ და ამჯერად ამავე თავის მე-10 და მე-11 მუხლები წავიკითხოთ. შეგიძლიათ თავად ამოიკითხოთ?

დათო: რა თქმა უნდა. „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი. თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“.

გიორგი: გმადლობთ. როგორც მე-11 მუხლიდან დავინახეთ, სად იცხოვრებენ კარგი ანუ თვინიერი ადამიანები?

დათო: ამ მუხლში ნათქვამია, რომ ისინი „დაიმკვიდრებენ დედამიწას“. მაგრამ ჩემი აზრით, ეს მუხლი დღევანდელობას ეხება, რადგან დღესაც ცხოვრობენ კარგი ადამიანები დედამიწაზე.

გიორგი: მართალია, კარგი ადამიანები დღესაც ცხოვრობენ, მაგრამ ამ მუხლში ის აზრიც იკვეთება, რომ კარგი ადამიანები „გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. რას იტყვით, ხარობს დღეს ხალხი დიდი მშვიდობით დედამიწაზე?

დათო: ნამდვილად, არა.

გიორგი: მაშ, როგორ შესრულდება ეს დანაპირები? წარმოიდგინეთ, რომ ფლობთ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს და აქირავებთ. მდგმურებიდან ზოგიერთი კარგი ადამიანია; ისინი კარგად უვლიან ბინას და ცდილობენ, ყველას კარგი მეზობლობა გაუწიონ. თქვენ კმაყოფილი ხართ ასეთი მდგმურებით. მაგრამ გყავთ ცუდი მდგმურებიც; ისინი აზიანებენ თქვენს საკუთრებას და მეზობლებს სისხლს უშრობენ. თუ ისინი არ მოიშლიან ცუდის კეთებას, რა ზომებს მიიღებთ?

დათო: რა თქმა უნდა, გავყრი.

გიორგი: სწორედ ასეთივე ზომებს მიიღებს ღმერთი ბოროტი ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც დღეს ჩვენ გარშემო ცხოვრობენ. ნახეთ, რა წერია მე-10 მუხლში: „კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთიც „გაყრის“ მათ, ვინც სხვებს სიცოცხლეს უმწარებს. ამის შემდეგ კი კარგი ადამიანები მშვიდობით გაიხარებენ დედამიწაზე. ვხვდები, რომ წარსულში ცოტა განსხვავებული რამ გქონდათ ნასწავლი და თქვენთვის ახალია ის აზრი, რომ კარგი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე.

დათო: დიახ, ეკლესიაში არასდროს მომისმენია მსგავსი აზრი.

გიორგი: და როგორც უკვე აღნიშნეთ, ნამდვილად არ არის საკმარისი მხოლოდ ერთი ან ორი მუხლი იმისათვის, რომ თვალსაზრისი შეგეცვალოთ. სინამდვილეში ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ, რა არის ნათქვამი მთელ ბიბლიაში კარგი ადამიანების მომავალზე. მაგრამ როგორ ფიქრობთ, იმ მუხლებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს ჩვენ ერთად წავიკითხეთ, შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ ზოგი კარგი ადამიანი ზეცაში წავა, უმრავლესობა კი დედამიწაზე იცხოვრებს მარადიულად?

დათო: მიჭირს რამის თქმა. მაგრამ ვაღიარებ, რომ წაკითხულ მუხლებს სწორედ ამ აზრამდე მივყავარ. კიდევ კარგად დავფიქრდები ამ საკითხზე.

გიორგი: როდესაც ამ საკითხს უფრო ჩაუღრმავდებით, შესაძლოა სხვა კითხვებიც გაგიჩნდეთ. მაგალითად, რა შეიძლება ითქვას იმ კარგ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენამდე ცხოვრობდნენ? ახლა ყველა მათგანი ზეცაშია? თუ არა, მაშინ სად არიან დღეს ისინი?

დათო: მართლაც დამაფიქრებელი კითხვებია.

გიორგი: თუ ნებას მომცემთ, ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ბიბლიურ მუხლს ჩაგაწერინებთ. * როდესაც ამ მუხლებს გაეცნობით, კვლავ გინახულებთ და ერთად ვიმსჯელოთ წაკითხულ მუხლებზე, კარგი?

დათო: კარგი აზრია. გმადლობთ.

[სქოლიო]