არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველები გვეკითხებიან

არის ქორწინება ბედნიერების ერთადერთი გარანტი?

არის ქორწინება ბედნიერების ერთადერთი გარანტი?

არის ბიბლიის თანახმად აუცილებელი დაქორწინება იმისთვის, რომ თავი ბედნიერ და სრულფასოვან პიროვნებად იგრძნო? ბიბლიის ზოგიერთმა მონაკვეთმა შესაძლოა დაგიტოვოთ შთაბეჭდილება, რომ ღმერთი ამ საკითხთან მიმართებით სწორედ ასე ფიქრობს. მაგრამ რამდენად შეესაბამება ასეთი თვალსაზრისი სინამდვილეს?

ბიბლიის წიგნ „დაბადებიდან“ ვიგებთ, რომ „არ იყო კარგი“ პირველი კაცის, ადამის, მარტო ყოფნა. ამიტომ, ღმერთმა მას შეუქმნა ევა, „შემავსებელი“ (დაბადება 2:18). სიტყვა „შევსება“ სწორედ იმ ნაწილის დამატებას გულისხმობს, რაც ნაკლულს ერთ მთლიანობად, სისავსედ აქცევს. ბიბლიის ამ მონაკვეთიდან შესაძლოა დავასკვნათ, რომ, თუ ადამიანი არაა დაქორწინებული, ის სრულფასოვანი პიროვნება არ არის. ამასთან ერთად, ბიბლიის არაერთ მონაკვეთში ქორწინების შესახებ ვკითხულობთ, რომ ის კურთხევა და სიხარულის წყაროა. ამის დასტურია რუთის ისტორიაც, რომელსაც ბიბლიაში ვკითხულობთ.

მოწმობს მსგავსი ბიბლიური ისტორიები იმას, რომ შეუძლებელია, დღეს ქრისტიანი ბედნიერი იყოს და სრულფასოვან პიროვნებად თვლიდეს თავს მაშინაც კი, თუ მას არ ჰყავს მეორე ნახევარი და შვილები? ნამდვილად არ იქნებოდა სწორი, ამგვარი დასკვნა გაგვეკეთებინა. ყველაზე სრულფასოვანი ადამიანი, რომელსაც ოდესმე დედამიწაზე უცხოვრია, იესო იყო და მას არასდროს შეუქმნია ოჯახი. ეს უბრძენესი კაცი, ამავე დროს, „ბედნიერი ღვთის“, იეჰოვას, სრულყოფილი ანარეკლი იყო (1 ტიმოთე 1:11; იოანე 14:9). იესომ ისიც აღნიშნა, თუ ვისთვის შეიძლება გვეწოდებინა ნამდვილად ბედნიერი და კურთხეული (მათე 5:1—12). მას თავის ჩამონათვალში ბედნიერების ერთ-ერთ საწინდრად ქორწინება არ დაუსახელებია.

ნიშნავს ეს იმას, რომ ბიბლიაში ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებებია მოცემული? სრულებითაც არა. ამ საკითხზე რომ სწორი თვალსაზრისი შეგვექმნას, საჭიროა, ჩავუღრმავდეთ პირველმიზეზს, რის გამოც ღმერთმა ქორწინების ინსტიტუტი დააფუძნა. გარდა იმისა, რომ ქორწინება საშუალებას აძლევდა შეუღლებულთ, გაეხარათ ერთმანეთთან სიახლოვით და მხარში ამოდგომოდნენ ერთმანეთს, დროდადრო წყვილის შეუღლება უფრო აღმატებულ მისიას ემსახურებოდა და უშუალო კავშირში იყო ღვთის ნების შესრულებასთან. მაგალითად, ადამისა და ევას შეუღლება პირდაპირ უკავშირდებოდა ღვთის განზრახვას: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა“ (დაბადება 1:28). ამ დავალებას ადამი და ევა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვერ შეასრულებდნენ. მათ ნამდვილად სჭირდებოდათ ერთმანეთი და ღირსეულად ავსებდნენ ერთმანეთს.

მსგავსად ამისა, ის კანონები, რომლებიც იეჰოვამ თავის ერს, ისრაელს, მისცა, განსაკუთრებულ მიზანს ემსახურებოდა. მას სურდა, თავისი ხალხი მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, ირგვლივ მცხოვრებ მტრულად განწყობილ ერებს რომ არ შთაენთქა. ღვთის განზრახვაში ისიც შედიოდა, რომ იუდას ხაზით უნდა მოსულიყო მესია, რომელიც ერთგულ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან დაიხსნიდა (დაბადება 49:10). სწორედ ამიტომ მიიჩნევდნენ ღვთის ერთგული ისრაელი ქალები ქორწინებასა და შვილების ყოლას დიდ კურთხევად და ბედნიერებად, ხოლო დაუქორწინებლობასა და უშვილობას — სირცხვილად და უბედურებად.

დღეს როგორ დგას ეს საკითხი? ავალდებულებს ქრისტიანებს უძველეს დროში პირველი წყვილისთვის მიცემული ღვთის მითითება — „აავსეთ დედამიწა“ — შექმნან ოჯახები და ჰყავდეთ შვილები? ნამდვილად, არა (მათე 19:10—12). ისრაელი ერის დაცვის არავითარი საჭიროება აღარ არსებობს, რადგან მესია უკვე დიდი ხნის მოსულია, ხოლო მის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები — შესრულებული. გამომდინარე აქედან, როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ ქრისტიანებს დაქორწინებასა და დაუქორწინებლად დარჩენასთან დაკავშირებით?

ქორწინებასაც და დაუქორწინებლობასაც ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ ძღვენი, საჩუქარი იეჰოვასგან. თუმცა ის, რაც ერთისთვის შეიძლება მეტად სასურველი საჩუქარი იყოს, სხვისთვის — არაფერს წარმოადგენდეს. ქორწინება ღვთის წმინდა ღონისძიებაა, რომლის წყალობითაც წყვილს შესაძლებლობა ეძლევა, ერთმანეთს დაუმტკიცონ სიყვარული, ამოუდგნენ მხარში და ჰქონდეთ მტკიცე ოჯახი. მაგრამ მათთან მიმართებით, რომლებიც ამ არასრულყოფილ ქვეყნიერებაში დაქორწინებას არჩევენ, ბიბლია ამბობს, რომ ასეთები სირთულეებსაც, „ხორციელ გასაჭირს“, შეხვდებიან. რაც შეეხება დაუქორწინებლად დარჩენას, იეჰოვა არ ფიქრობს, რომ ის, ვინც ამ მდგომარეობაშია, დამცირებული ან უბედურია. უფრო მეტიც, მის სიტყვაში ვკითხულობთ იმის შესახებ, თუ რა უპირატესობა აქვს დაუქორწინებლებს მათგან განსხვავებით, რომლებიც ქორწინდებიან (1 კორინთელები 7:28, 32—35).

ბიბლიაში მოცემულია ღვთის გაწონასწორებული თვალსაზრისი დაქორწინებასა და დაუქორწინებლობაზე. იეჰოვას, ღმერთს, რომელმაც ქორწინებასა და ოჯახს ჩაუყარა საფუძველი, სურს, რომ ყველა მისი მსახური ბედნიერი იყოს და სრულფასოვან პიროვნებად გრძნობდეს თავს იმის მიუხედავად, დაქორწინებულია თუ დაუქორწინებელი.