კითხვა 3 რატომ უშვებს ღმერთი ჩემს ტანჯვას?
იანის მამა ლოთი იყო. მართალია, ის ბავშვობაში მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო, მაგრამ მამის სითბო და სიყვარული აკლდა. იანი იხსენებს: „მამა არასდროს მყვარებია, რადგან სულ სვამდა და დედას ცუდად ექცეოდა“. როდესაც წამოიზარდა, ღვთის არსებობაში ეჭვი შეეპარა. იგი ეკითხებოდა საკუთარ თავს: „თუ ღმერთი მართლა არსებობს, რატომ უშვებს ადამიანთა ტანჯვას?“.
რატომ გვებადება კითხვები?
მაშინაც კი, თუ შედარებით მშვიდი ცხოვრება გაქვთ, როცა ხედავთ უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას, შეუძლებელია, არ მოგიზღვავდეთ სამართლიანობის გრძნობა. და ეს გრძნობა შეიძლება კიდევ უფრო გაგიმძაფრდეთ, თუ იანის მსგავსად, საკუთარ თავზე გამოსცდით გაჭირვებას ან თავად იგრძნობთ საყვარელი ადამიანის ავადმყოფობითა თუ სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს.
რა თვალსაზრისი აქვს ზოგს?
ზოგის აზრით, ღმერთი იმიტომ უშვებს ჩვენს ტანჯვა-წამებას, რომ უფრო თავმდაბლები და თანამგრძნობები გავხდეთ. სხვები კი ფიქრობენ, რომ წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების საზღაურს იმკიან.
რაზე მოწმობს მათი თვალსაზრისი?
რადგან ზოგი ფიქრობს, რომ ღმერთს არ აღელვებს ადამიანთა ბედი, მათი აზრით, რთულია ასეთი სასტიკი ღმერთის შეყვარება.
რას ამბობს ბიბლია?
ბიბლია არაორაზროვნად ამბობს, რომ ღმერთს არ მიუძღვის ბრალი ადამიანთა ტანჯვაში. „განსაცდელის დროს ნურავინ იტყვის, ღმერთი მცდისო, რადგან შეუძლებელია ღვთის გამოცდა ბოროტებით და თავადაც არავის სცდის“ (იაკობი 1:13). ის მოსაზრება, რომ ღმერთს მიუძღვის ბრალი ადამიანთა ტანჯვაში, სრულიად ეწინააღმდეგება სინამდვილეს — შეუძლებელია ღმერთი სასტიკი იყოს, რადგან ბიბლია სულ სხვაგვარად აღწერს მას.
ღვთის ერთ-ერთი მთავარი თვისება სიყვარულია (1 იოანე 4:8). უკეთ რომ დაგვანახოს, რა ძლიერ ვუყვარვართ ღმერთს, ბიბლია მას მეძუძურ დედას ადარებს, რომელსაც სათუთი გრძნობები აქვს თავისი პატარის მიმართ. „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?! — ამბობს ღმერთი. — მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ“ (ესაია 49:15). შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მოსიყვარულე დედა, რომელიც განზრახ აყენებს ტკივილს თავის შვილს? პირიქით, მზრუნველი მშობელი ყველანაირად შეეცდება, რომ შვილს ტკივილი დაუამოს. მსგავსად ამისა, შეუძლებელია, ღმერთმა დატანჯოს უდანაშაულო ადამიანები (დაბადება 18:25).
მიუხედავად ამისა, უდანაშაულო ადამიანები მაინც იტანჯებიან. ამიტომ, შეიძლება იკითხოთ: თუ ღმერთი ზრუნავს ჩვენზე და ყოვლისშემძლეა, რატომ არ აღმოფხვრის ტკივილის გამომწვევ მიზეზებს?
ღმერთს აქვს საფუძვლიანი მიზეზი, რის გამოც უშვებს ადამიანთა ტანჯვას. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად თავად ადამიანები ხდებიან სხვების ტანჯვის მიზეზი. ბევრ მოძალადე და სასტიკ ადამიანს, რომლებიც სხვებს ტკივილს აყენებენ, არ სურს, შეიცვალოს. ამიტომ, ღმერთმა ტანჯვის მთავარი მიზეზი რომ აღმოფხვრას, ასეთი ბოროტი ადამიანები უნდა გაანადგუროს.
მოციქული პეტრე გვიხსნის, თუ რატომ არ გაანადგურა ღმერთმა დღემდე ბოროტები: „იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). იეჰოვას მოთმინება მის სიყვარულსა და გულმოწყალებაზე მეტყველებს.
მაგრამ მალე იეჰოვა ღმერთი ზომებს მიიღებს. ის „გასაჭირს მიუზღავს მათ“, ვინც უდანაშაულო ხალხს ავიწროებს. ისინი, ვინც სხვებს უსამართლოდ ექცევიან, „სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (2 თესალონიკელები 1:6—9).
ზემოთ მოხსენიებულმა იანმა თავის კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღო — მან გაიგო, სინამდვილეში რატომ იტანჯებიან ადამიანები. ნასწავლმა შეცვალა ცხოვრებისადმი მისი დამოკიდებულება. გაეცანით მის ისტორიას ამ ჟურნალის მე-13 გვერდზე.