არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ევროპული სასამართლო მხარს უჭერს ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე

ევროპული სასამართლო მხარს უჭერს ადამიანის უფლებას, მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე

იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ცნობილი არიან იმით, რომ ნეიტრალიტეტს იცავენ — არ ერევიან პოლიტიკაში და არ ომობენ. მათ მტკიცედ სწამთ, რომ „მახვილებისგან სახნისები უნდა გამოჭედონ“ და „აღარ ისწავლონ ომი“ (ესაია 2:4). ისინი უარს ამბობენ შეიარაღებულ ძალებში მსახურებაზე. მაგრამ რა უნდა ქნას ქრისტიანმა, თუ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც სამხედრო სამსახური სავალდებულოა, მას კი ბიბლიით განსწავლული სინდისი ამის ნებას არ რთავს? სწორედ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ახალგაზრდა მამაკაცი ვაჰან ბაიათიანი.

რა მოვლენები უძღოდა წინ ევროპულ სასამართლოზე განხილულ საქმეს

ვაჰან ბაიათიანი 1983 წლის აპრილში დაიბადა სომხეთში. 1996 წელს მან და მისმა ოჯახის წევრებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. იგი 16 წლის იყო, როცა მოინათლა. ბიბლიის შესწავლისას მან გაითავისა იესო ქრისტეს სწავლებები, მათ შორის იესოს ის მითითებაც, რომლის თანახმადაც, მის მიმდევრებს ხელში იარაღი არ უნდა აეღოთ (მათე 26:52). მონათვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვაჰანს მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუხდა.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, სამხედრო სამსახურის გავლა სავალდებულოა ყველა იმ ახალგაზრდა მამაკაცისთვის, რომელთაც 18 წელი შეუსრულდათ. უარის თქმის შემთხვევაში კანონი სამწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ვაჰანი უარს არ ამბობდა, მომსახურებოდა თანამოქალაქეებს, მაგრამ, ამავე დროს, არ სურდა ბიბლიით განსწავლული სინდისის საპირისპიროდ ემოქმედა. რა გადაწყვეტილება მიიღო მან?

2001 წელს, როცა ვაჰანი ჯერ კიდევ არ იყო 18 წლის, სომხეთის შესაბამის უწყებებს წერილობით მიმართა. თავის წერილებში ის ამბობდა, რომ ასეთი მსახურება ეწინააღმდეგებოდა მის რელიგიურ მრწამსს. ამავე დროს, ის გამოხატავდა მზადყოფნას, რომ შეასრულებდა ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს.

ერთ წელზე მეტი ხნის მანძილზე ვაჰანი წერილებს წერდა შესაბამის უწყებებს, რომ ეცნოთ მისი კანონიერი უფლება, რომლის თანახმადაც მას შეეძლო, უარი ეთქვა სამხედრო სამსახურზე. მაგრამ 2002 წლის სექტემბერში იგი დააპატიმრეს, ბრალად წაუყენეს გაწვევაზე თავის არიდება და წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. ამ განაჩენით პროკურორი უკმაყოფილო დარჩა. ერთი თვის შემდეგ მან მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და ბაიათიანის უფრო მკაცრად დასჯა მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ ვაჰანის მიერ რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა „დაუსაბუთებელი და სახიფათო“ იყო. სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და ბაიათიანს სასჯელი ორწელიწად-ნახევრამდე გაუზარდა.

ვაჰანმა ეს გადაწყვეტილება სომხეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 2003 წლის იანვარში საკასაციო სასამართლომ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ვაჰანი დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ციხეში, სადაც პატიმრები ისეთი დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს, როგორიცაა მკვლელობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა და გაუპატიურება.

როგორ განვითარდა მოვლენები ევროპულ სასამართლოზე

2001 წლიდან სომხეთი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა. მის მოქალაქეებს აქვთ უფლება, საქმე გაასაჩივრონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მას შემდეგ, რაც თავიანთ ქვეყანაში სამართალს ვერ იპოვიან. სწორედ ასე მოიქცა ვაჰანი. თავის სარჩელში იგი ამტკიცებდა, რომ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო მისთვის გამოტანილი სასჯელი ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 მუხლს. ის ითხოვდა, რომ მისი უფლება, მრწამსის გამო უარი ეთქვა სამხედრო სამსახურზე, სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ყოფილიყო დაცული, რისი პრეცედენტიც ევროპულ სასამართლოს ჯერ არ ჰქონდა.

2009 წლის 27 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. არსებული პრეცედენტების გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც სინდისის თავისუფლებას იცავს, არ ეხებოდა მათ, ვინც მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე აცხადებდა უარს.

იმ დროისთვის, როცა ევროპულმა სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღო, ვაჰანი ციხიდანაც იყო გამოსული, ცოლიც ჰყავდა და შვილიც. მიღებულმა გადაწყვეტილებამ მას იმედი გაუცრუა. ის არჩევნის წინაშე იდგა: ან უნდა დაეტოვებინა ყველაფერი ისე, როგორც იყო, ან გამოტანილი განაჩენი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში გაესაჩივრებინა. მან ეს უკანასკნელი არჩია. დიდი პალატა მხოლოდ განსაკუთრებულ საქმეებს განიხილავს. აქედან გამომდინარე, ვაჰანს მეტად გაუხარდა, როდესაც დიდმა პალატამ გადაწყვიტა, განეხილა მისი საქმე.

2011 წლის 7 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ სტრასბურგში (საფრანგეთი) გამოიტანა დადგენილება. სასამართლოზე 17-დან 16-მა მოსამართლემ ცნო, რომ სომხეთმა შელახა ვაჰან ბაიათიანის სინდისის თავისუფლება, როდესაც ის გაასამართლა და დააპატიმრა მრწამსის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. ერთადერთი მოსამართლე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ემხრობოდა, სომხეთიდან იყო.

რატომ აქვს გამოტანილ დადგენილებას ასეთი დიდი მნიშვნელობა? თავისი არსებობის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, პიროვნებას აქვს უფლება, საკუთარი მრწამსის გამო უარი თქვას სამხედრო სამსახურზე. აქედან გამომდინარე, სასამართლო ადამიანის ხელშეუხებელი უფლების დარღვევად მიიჩნევს, როცა დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეს აპატიმრებენ მრწამსის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

სასამართლომ იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით, რომლებიც მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ, შემდეგი რამ აღნიშნა: „სასამართლოს არა აქვს ეჭვის მიზეზი იმის თაობაზე, რომ სამხედრო სამსახურის გავლაზე მომჩივნის უარი მოტივირებულია მისი ნამდვილი რელიგიური მრწამსით, რომელიც სერიოზულ და დაუძლეველ წინააღმდეგობაშია სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულებასთან“.

გამოხმაურება

სომხეთში ბოლო 20 წლის მანძილზე 450-ზე მეტი იეჰოვას მოწმე, რომელთაც მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარი თქვეს, გაასამართლეს და სასჯელი შეუფარდეს. იმ დროისთვის, როცა ეს სტატია მზადდებოდა, ქვეყანაში მრწამსის საფუძველზე სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 58 ახალგაზრდა იმყოფებოდა პატიმრობაში. მას შემდეგაც კი დააპატიმრეს 5 ახალგაზრდა, რაც საქმე „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“, ბაიათიანის სასარგებლოდ გადაწყდა. * ერთ-ერთ შემთხვევაში, როცა ახალგაზრდამ მოითხოვა, რომ ადგილობრივ პროკურორს შეეწყვიტა მის წინააღმდეგ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო აღძრული საქმე, მისი მოთხოვნა პროკურორმა არ დააკმაყოფილა. პროკურორის საპასუხო წერილში ვკითხულობთ: «ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე, „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“, 2011 წლის 7 ივლისს გამოტანილი განაჩენი არ შეესაბამება ამ შემთხვევას, რადგან რომ ორი ზუსტად ერთნაირი საქმე არ არსებობს».

რის საფუძველზე მსჯელობდა ამგვარად პროკურორი? როდესაც ვაჰან ბაიათიანი გასამართლდა, სომხეთში არ არსებობდა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური. მას შემდეგ სომხეთის მთავრობამ მიიღო კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე, ასე რომ, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, შეუძლია ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური აირჩიოს. მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებულ კანონს სამხედრო უწყება არეგულირებს. აქედან გამომდინარე, ბევრი მორწმუნისთვის, რომელიც სამხედრო სამსახურზე უარს ამბობს, მსგავსი სამხედრო ვალდებულების შესრულებაც მიუღებელია.

ვაჰან ბაიათიანს მეტად ახარებს ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ავალდებულებს სომხეთს, შეწყვიტოს იმ ახალგაზრდების დევნა და დაპატიმრება, რომლებიც მრწამსის გამო უარს აცხადებენ სამხედრო სამსახურზე.

იეჰოვას მოწმეები იმას კი არ ცდილობენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ თავის საკანონმდებლო სისტემაში ცვლილებები განახორციელოს, არამედ, როგორც ეს ვაჰან ბაიათიანის შემთხვევიდან გამოჩნდა, მათ სურთ, არ დაირღვეს ქვეყნის კანონით გათვალისწინებული მათი უფლებები. ისინი ასე იმიტომ იქცევიან, რომ სურთ მშვიდობიანად იცხოვრონ და არაფერმა შეუშალოთ ხელი თავიანთი წინამძღოლის, იესო ქრისტეს, მითითებების შესრულებაში.

^ აბზ. 17 ამ 5 ახალგაზრდიდან ორს განაჩენი 2011 წლის 7 ივლისს გამოუტანეს, სწორედ იმ დღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზემოხსენებული დადგენილება მიიღო.