არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

წმინდანებს უნდა მივმართავდეთ ლოცვით?

წმინდანებს უნდა მივმართავდეთ ლოცვით?

ვის არ განუცდია ტკივილი და მწუხარება და დახმარებისთვის ვინმესთვის არ მიუმართავს? ამ დროს, ალბათ, თანამგრძნობ და ისეთ ადამიანს მივმართავდით, რომელსაც მსგავსი ტკივილი თავადაც განუცდია. თანაგრძნობა და გამოცდილება ადამიანს სასურველ მეგობრად აქცევს.

ზოგი მსგავსადვე ფიქრობს, როცა საქმე ლოცვას ეხება. ნაცვლად იმისა, რომ ლოცვით ღმერთს მიმართონ, რომელსაც შესაძლოა მეტისმეტად აღმატებულად და შიშისმომგვრელად მიიჩნევენ, ისინი წმინდანებისადმი ლოცვას ამჯობინებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი წმინდანებს უფრო თავისუფლად მიმართავენ. მათი აზრით, რადგანაც წმინდანებისთვის ნაცნობია ადამიანური განსაცდელები და სირთულეები, ისინი უფრო თანამგრძნობნი არიან. მაგალითად, ბევრი ლოცვით მიმართავს ღვთისმშობელ მარიამს, წმინდა ნინოს, წმინდა ბარბარეს, წმინდა გიორგის და სხვებს. ფიქრობენ, რომ ვედრება წმინდანების მიმართ შეეწევა სნეულებს, გაჭირვებულებსა და ტანჯულებს და ხალხს მოუტანს მშვიდობას.

ამართლებს ბიბლია წმინდანებისადმი ლოცვას? რადგანაც ლოცვები ღვთის მიმართ წარმოთქმული ჩვენი სათხოვარი და სიტყვებია, აუცილებელია ვიცოდეთ შემდეგ კითხვებზე პასუხი: ისმენს თუ არა ღმერთი ჩვენს ლოცვებს და როგორ უყურებს ის წმინდანებისადმი აღვლენილ ლოცვებს?

როგორია ბიბლიის თვალსაზრისი წმინდანებისადმი ლოცვებზე?

წმინდანებისადმი ლოცვა დაფუძნებულია კათოლიკური ეკლესიის სწავლებაზე, რომლის თანახმადაც, წმინდანები შუამავლის როლს ასრულებენ. ამ სწავლების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ „ღვთის წყალობის მისაღებად აუცილებელია ლოცვით მას მიმართოთ, ვინც ღვთის თვალში მართალია“, — აღნიშნულია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“. ამგვარად, ადამიანები წმინდანებს იმ იმედით მიმართავენ, რომ მათი მეშვეობით განსაკუთრებულ წყალობას მოიპოვებენ ღვთისგან, ვინაიდან ფიქრობენ, რომ წმინდანებს ამაღლებული მდგომარეობა უკავიათ ღვთის წინაშე.

მხარს უჭერს ბიბლია ასეთ სწავლებას? ზოგი ამბობს, რომ წმინდანებისადმი ლოცვას მოციქულმა პავლემ ჩაუყარა საფუძველი თავის წერილებში. მაგალითად, რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილ წერილში, მან დაწერა: „ახლა შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით და სულის სიყვარულით: ჩემთან ერთად დაუღალავად ილოცეთ ღვთისადმი ჩემთვის“ (რომაელები 15:30). რას გულისხმობდა პავლე? იმას, რომ თანაქრისტიანებს ღვთის წინაშე მისთვის ეშუამდგომლათ? რა თქმა უნდა, არა! თუ საქმე შუამდგომლობაზე მიდგებოდა, მაშინ პირიქით, მათ უნდა ეთხოვათ ქრისტეს მოციქულისთვის შუამდგომლობა. პავლეს იმის თქმა უნდოდა, რომ სავსებით  მისაღებია, სთხოვო თანაქრისტიანს, შენთვის ილოცოს. მაგრამ აბსოლუტურად სხვაა, ლოცვით მიმართო მას, ვისზეც ფიქრობ, რომ ზეცაშია და შენს სათხოვარს ღმერთთან მიიტანს. რატომ?

იოანეს სახარებაში იესო ამბობს: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“ (იოანე 14:6). მან აგრეთვე თქვა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ“ (იოანე 15:16). იესოს არ უთქვამს, რომ ლოცვებით მას უნდა მივმართოთ და რომ ის თავად წარუდგენს ჩვენს სათხოვარს ღმერთს. ღმერთმა ჩვენი ლოცვები რომ შეისმინოს, მას მხოლოდ და მხოლოდ იესოს სახელით უნდა მივმართოთ!

როდესაც მოწაფეებმა სთხოვეს ლოცვა გვასწავლეო, იესომ მათ უთხრა: „ასე ილოცეთ: მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (ლუკა 11:2). დიახ, ყოველთვის, როცა ვლოცულობთ, ღმერთს უნდა მივმართოთ და არა იესოს ან ვინმე სხვას. ზემოთქმულიდან გამომდინარე, განა ლოგიკური არ არის დავასკვნათ, რომ ლოცვით ღმერთს იესო ქრისტეს მეშვეობით უნდა მივმართოთ და არა სხვა რომელიმე შუამავლის ან წმინდანების მეშვეობით?

ლოცვა ჩვენი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ღვთის გარდა ვინმეს თაყვანისცემა, აშკარად არ არის ბიბლიური სწავლება (იოანე 4:23, 24; გამოცხადება 19:9, 10). აქედან გამომდინარე, ლოცვით მხოლოდ ღმერთს უნდა მივმართოთ.

უნდა გვეშინოდეს ღმერთთან მიახლოება?

მთაზე ქადაგებისას იესომ მოიყვანა ბავშვის მაგალითი, რომელიც მამას საჭმელს სთხოვს. შემდეგ იესომ იკითხა, მისცემდა მამა შვილს პურის ნაცვლად ქვას ან თევზის ნაცვლად შხამიან გველს? (მათე 7:9, 10). წარმოუდგენელია, რომ მოსიყვარულე მშობელმა ასეთი რამ გააკეთოს!

მოდით, ახლა ამ მაგალითს მშობლის გადასახედიდან შევხედოთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს შვილს რაღაც სერიოზული სათხოვარი აქვს თქვენთან. როგორც მშობელი, ყოველთვის იმას ცდილობთ, რომ თქვენ შორის ახლო, მამა-შვილური, ურთიერთობა განვითარდეს და მან თავისუფლად იგრძნოს თქვენთან თავი. რას იგრძნობდით, თუ თქვენდამი უსაფუძვლო შიშის გამო, შვილი სათხოვარს სხვისი მეშვეობით გადმოგცემდათ? ან გაგიხარდებოდათ, თუ დაინახავდით, რომ ასეთი ურთიერთობა შვილისთვის ჩვეულებრივი რამ ხდება? ცხადია, არა! მოსიყვარულე მშობლებს სურთ, რომ შვილები თავისუფლად მივიდნენ მათთან და პირადად უთხრან თავიანთი სათხოვარი.

ღმერთსაც ისევე სურს ჩვენთან ურთიერთობა, როგორც მოსიყვარულე მამას თავის შვილთან

ამ მაგალითის მოყვანის შემდეგ იესომ ხალხს უთხრა: „თუ თქვენ, ბოროტები, აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მათე 7:11). უდავოა, მშობელს სურს, რომ შვილს საუკეთესო მისცეს. ჩვენს ზეციერ მამას კიდევ უფრო მეტად სურს, მოუსმინოს და უპასუხოს ჩვენს ლოცვებს.

ღმერთს სურს, რომ უშუალოდ მას მივმართოთ ლოცვით, მაშინაც კი, თუ ჩვენი ცოდვების გამო თავს დათრგუნულად ვგრძნობთ. ჩვენი ლოცვების მოსმენა მას სხვისთვის არ დაუვალებია. ბიბლია მოგვიწოდებს: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში“ (ფსალმუნი 55:22). ჩვენ წმინდანებზე ან სხვა ვინმეზე კი არ უნდა ვიყოთ დაიმედებული, არამედ სწორი შეხედულება უნდა შევიქმნათ იეჰოვა ღმერთზე.

ჩვენი ზეციერი მამა თითოეულ ჩვენგანზე ზრუნავს. მას სურს, დაგვეხმაროს პრობლემების გადაჭრაში და გვიწვევს, რომ დავუახლოვდეთ მას (იაკობი 4:8). ნამდვილად დიდი ბედნიერებაა, რომ გვაქვს შესაძლებლობა დავუახლოვდეთ „ლოცვების მომსმენს“ — ჩვენს ღმერთსა და მამას (ფსალმუნი 65:2).