ინტერრელიგიური დიალოგის გზით აპირებს ღმერთი მსოფლიოს შეცვლას?
„რელიგია გვყოფს თუ გვაერთიანებს?“. ეს კითხვა დაუსვეს გაზეთ „სიდნეი მორნინგ ჰერალდის“ მკითხველებს. რესპოდენტთა უმრავლესობამ, დაახლოებით 89 პროცენტმა, აღნიშნა, რომ რელიგია ყოფს ადამიანებს.
ინტერრელიგიური გაერთიანების მომხრეები ამ საკითხს სრულიად სხვაგვარად უყურებენ. „დამისახელეთ რელიგია, რომელიც არ ქადაგებს თანაგრძნობას . . . რომელიც არ უჭერს მხარს გარემოს დაცვას . . . რომელიც არ ქადაგებს სტუმართმოყვარეობას?“, — იკითხა ინტერრელიგიური გაერთიანების მხარდამჭერი ორგანიზაციის დამფუძნებელმა იბუ პატელმა (Interfaith Youth Core).
მართლაც, ბუდისტები, კათოლიკეები, პროტესტანტები, ინდუსები, მუსლიმები და ბევრი სხვა რელიგიის წარმომადგენლები ხშირად ერთიანი ძალებით იბრძვიან სიღარიბის აღმოსაფხვრელად, ადამიანის უფლებებისა და ეკოლოგიის დასაცავად, გამოდიან ტერიტორიების დანაღმვის წინააღმდეგ. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები იკრიბებიან და მსჯელობენ, როგორ გაუგონ და გაამხნეონ ერთმანეთი. თავიანთი განსხვავებულობის აღსანიშნავად ისინი აწყობენ სანთლების დღესასწაულებს, ფესტივალებს, მუსიკალურ ღონისძიებებს, აღავლენენ ლოცვებს და სხვა.
მოგვარდება რელიგიების გაერთიანებით მათ შორის არსებული კონფლიქტები? ინტერრელიგიური საქმიანობით აპირებს ღმერთი მსოფლიოს შეცვლას უკეთესობისკენ?
ერთობა — რის ფასად?
რელიგიების გაერთიანების მხარდამჭერი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაცია იკვეხნიდა, რომ მათ ორგანიზაციაში 76 ქვეყანაში მოქმედი 200-ზე მეტი სარწმუნოება ერთიანდებოდა. მათი ნათელი მიზანი გახლდათ „მოთმინების გამოვლენა და ერთმანეთთან ყოველდღიური თანამშრომლობა“. თუმცა, ამის თქმა ადვილი აღმოჩნდა, შესრულება კი რთული. მაგალითად, ორგანიზაციის დამფუძნებლების თქმით, მათ წესდებაში ყველა სიტყვა დიდი სიფრთხილით იქნა შერჩეული, რათა არ გაეღიზიანებინათ რომელიმე რელიგია, რომელიც ხელს აწერდა ამ წესდებას. რატომ? ერთი მიზეზი ის იყო, რომ უთანხმოება წამოიჭრა იმასთან დაკავშირებით, უნდა ყოფილიყო თუ არა ღმერთი მოხსენიებული ამ დოკუმენტში. შედეგად წესდებაში ღმერთი არსად არის ნახსენები.
რა როლი აკისრია რელიგიას, რომელმაც ღმერთი გვერდზე გაწია? უფრო მეტიც, რით განსხვავდება ასეთი რელიგიური გაერთიანება ჩვეულებრივი საქველმოქმედო ორგანიზაციისგან? სწორედ ამიტომ, ზემოხსენებული ორგანიზაცია საკუთარ თავს რელიგიურ გაერთიანებას კი არ უწოდებს, არამედ — „ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციას“.
საკმარისია მხოლოდ კარგის კეთება?
„ყველა ძირითადი რელიგია ერთსა და იმავეს ქადაგებს. ეს არის სიყვარული, თანაგრძნობა და მიმტევებლობა“, — აღნიშნავს დალაი ლამა, ინტერრელიგიური გაერთიანების ცნობილი დამცველი. ის დასძენს: „მნიშვნელოვანია,
რომ ეს თვისებები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს“.ასეთი სათნო თვისებები: სიყვარული, თანაგრძნობა და მიმტევებლობა, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. იესოს შემდეგ სიტყვებს: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“, ოქროს წესს უწოდებენ (მათე 7:12). მაგრამ ნამდვილი რწმენა მხოლოდ კარგის კეთებას მოიცავს?
მოციქულმა პავლემ თავის თანამედროვეებზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ღვთის მსახურები იყვნენ, თქვა: „ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“. რაში იყო პრობლემა? პავლემ ახსნა: „რადგან რაკი არ იცოდნენ ღვთის სიმართლე . . . საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ“ (რომაელები 10:2, 3). ღვთისადმი მათი მოშურნეობა და რწმენა ამაო იყო, რადგან ზუსტად არ იცოდნენ, რას მოითხოვდა ღმერთი მათგან (მათე 7:21—23).
რა თვალსაზრისი აქვს ბიბლიას ინტერრელიგიურ საქმიანობაზე
„ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი“, — თქვა იესომ (მათე 5:9). იესო არა მარტო ქადაგებდა, არამედ ნათქვამის შესაბამისად იქცეოდა. ის მხარს არ უჭერდა ძალადობას და სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს მშვიდობისკენ მოუწოდებდა (მათე 26:52). მათ, ვინც ეხმაურებოდნენ იესოს სწავლებებს, სიყვარული აერთიანებდათ (კოლოსელები 3:14). მაგრამ მხოლოდ ის იყო იესოს მიზანი, რომ სხვადასხვა რელიგიის ადამიანებს ერთმანეთში მშვიდობა ჰქონოდათ? იღებდა იესო მონაწილეობას სხვა რელიგიების თაყვანისმცემლობაში?
ფარისეველთა და სადუკეველთა სექტების წინამძღოლები ბოროტად ეწინააღმდეგებოდნენ იესოს და მისი მოკვლაც კი განიზრახეს. რა რეაქცია ჰქონდა იესოს ამაზე? იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თავი დაანებეთ მათ, ბრმა მეგზურები არიან“ (მათე 15:14). იესოს არ სურდა, რომ მათ რწმენასთან რაიმე საერთო ჰქონოდა.
მოგვიანებით ქრისტიანული კრება ჩამოყალიბდა საბერძნეთის ქალაქ კორინთში, რომელიც ცნობილი იყო მრავალეროვნული და მრავალრელიგიური კულტურით. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ქრისტიანები ასეთ გარემოში? მოციქულმა პავლემ დაწერა: „ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან“. რატომ? პავლე დასძენს: „რა თანხმობა აქვს ქრისტეს ბელიართან? ან რა წილი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“. ბოლოს კი მათ ასეთი რჩევა მისცა: „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით“ (2 კორინთელები 6:14, 15, 17).
აშკარაა, რომ ბიბლია მხარს არ უჭერს ინტერრელიგიურ საქმიანობას. მაგრამ ალბათ გაინტერესებთ: მაშ, როგორ უნდა მივაღწიოთ ნამდვილ ერთობას?
ნამდვილი ერთობა
საერთაშორისო კოსმოსური სადგური, რომელიც გარს უვლის დედამიწას, შეიქმნა 15 ქვეყნის ერთობლივი მუშაობის შედეგად. შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება, რომელსაც ტექნოლოგიურ საოცრებად მიიჩნევენ, თუ ეს ქვეყნები არ შეთანხმდებოდნენ და ერთი საერთო პროგრამით არ იხელმძღვანელებდნენ?
ეს მნიშვნელოვანია ინტერრელიგიური მოძრაობების შემთხვევაშიც. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის გარკვეული თანამშრომლობა და პატივისცემა არსებობს, ისინი ვერ თანხმდებიან რწმენის აღსაშენებელ ერთ საერთო „პროგრამაზე“. შედეგად სწავლებასთან და ზნეობრიობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დღესაც ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი აქვთ.
ბიბლიაში მოცემულია ღვთის პრინციპები, რომლებიც შეიძლება შევადაროთ პროგრამას. ჩვენი ცხოვრებაც ამ პროგრამას ანუ ბიბლიას უნდა შევუსაბამოთ. მათ, ვინც გაითავისა ბიბლიური პრინციპები, დასძლია რასობრივი თუ რელიგიური სიძულვილი და ისწავლა მშვიდობიანად და ერთობაში ცხოვრება. ამის შესახებ ღმერთმა დიდი ხნის წინათ იწინასწარმეტყველა: „მივცემ ხალხებს სუფთა ენას, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას“. ერთობა „სუფთა ენასა“ და ღვთის პრინციპებით თაყვანისცემას მოაქვს (სოფონია 3:9; ესაია 2:2—4).
იეჰოვას მოწმეები გულთბილად გიწვევენ თქვენთან ახლოს მდებარე „სამეფო დარბაზში“, რომ საკუთარი თვალით ნახოთ ის საოცარი მშვიდობა და ერთობა, რომელიც მათ შორის სუფევს (ფსალმუნი 133:1).