არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მთავარი თემა

რატომ უნდა ვილოცოთ?

რატომ უნდა ვილოცოთ?

შეიძლება იკითხოთ: „რა საჭიროა ლოცვა, თუკი ღმერთმა ისედაც იცის ყველაფერი — რას ვფიქრობთ და რა გვჭირდება?“. ეს მართებული კითხვაა. განა იესომ არ თქვა, რომ ღმერთმა „მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათე 6:8). ეს ისრაელის მეფე დავითმაც იცოდა. მან დაწერა: „ჯერ სიტყვაც არ არის ჩემს ენაზე, რომ შენ უკვე იცი ყველაფერი, იეჰოვა“ (ფსალმუნი 139:4). მაშ, რატომ უნდა მივმართოთ ღმერთს ლოცვით? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, განვიხილოთ, რას ამბობს ბიბლია ლოცვებზე. *

„დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

 ლოცვა ღმერთთან გვაახლოებს

მართალია, ბიბლიაში წერია, რომ იეჰოვა * ღმერთმა ყველაფერი იცის, მაგრამ ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთი უბრალოდ ინფორმაციას არ აგროვებს თავის თაყვანისმცემლებზე (ფსალმუნი 139:6; რომაელები 11:33). მისი უსაზღვრო მეხსიერება არ ჰგავს კომპიუტერს, რომელიც მხოლოდ ინფორმაციას იმახსოვრებს. ღმერთი გულწრფელად არის დაინტერესებული ჩვენი ფიქრებითა და განცდებით; მას სურს, რომ დავუახლოვდეთ (ფსალმუნი 139:23, 24; იაკობი 4:8). ამიტომ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს, ელოცათ, მიუხედავად იმისა, რომ მამამ კარგად იცის ჩვენი მოთხოვნილებები (მათე 6:6—8). რაც მეტად ვუზიარებთ ჩვენს აზრებს შემოქმედს, მით მეტად ვუახლოვდებით მას.

ზოგჯერ შეიძლება ისეთ მდგომარეობაში ვიყოთ, რომ ვერ ვხვდებოდეთ, რა ვთხოვოთ ღმერთს ლოცვაში და როგორ. ამ დროს ღმერთს შეუძლია წაიკითხოს ჩვენი გამოუთქმელი გრძნობები; მას სრულყოფილად ესმის ჩვენი მდგომარეობა და შეუძლია შესაბამისად დაგვეხმაროს (რომაელები 8:26, 27; ეფესოელები 3:20). როცა ვხვდებით, რომ ღმერთი გვეხმარება რაღაც პრობლემის გადაჭრაში, მაშინაც კი თუ ეს აშკარად არ ჩანს, ვგრძნობთ, რომ მას ვუახლოვდებით.

ყველა ლოცვას პასუხობს ღმერთი?

ბიბლია გვარწმუნებს, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი პასუხობს თავის ერთგულ მსახურთა ლოცვებს, მაგრამ ამავე დროს იმ მიზეზებსაც გვიხსნის, თუ რატომ არ ისმენს ზოგ ლოცვას. მაგალითად, ერთ დროს, როდესაც ძველ ისრაელში გავრცელებული იყო ძალადობა, ღმერთმა წინასწარმეტყველ ესაიას დაავალა, ხალხისთვის ეთქვა: „თუმცა ბევრს ლოცულობთ, არ გისმენთ; ხელები სისხლით გაქვთ სავსე“ (ესაია 1:15). ცხადია, ვინც უგულებელყოფს ღვთის კანონებს და არასწორი მოტივებით ლოცულობს, არ უნდა მოელოდეს, რომ ღმერთი მოისმენს მის ლოცვებს (იგავები 28:9; იაკობი 4:3).

მეორე მხრივ, ბიბლიაში ვკითხულობთ: „რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14). ნიშნავს ეს იმას, რომ ღმერთი თავის თაყვანისმცემელთა ყველა თხოვნას ავტომატურად დააკმაყოფილებს? არავითარ შემთხვევაში. განვიხილოთ პავლე მოციქულის შემთხვევა, რომელიც ღმერთს სამჯერ შეევედრა, მოეშორებინა მისთვის „სხეულში ეკალი“ (2 კორინთელები 12:7, 8). „ეკალში“ შესაძლოა პავლე თვალის ქრონიკულ დაავადებას გულისხმობდა. რა გულგატეხილი იქნებოდა ამის გამო პავლე. მიუხედავად იმისა, რომ მას ღვთისგან განკურნების ძღვენი ჰქონდა ბოძებული და მკვდარიც კი გააცოცხლა, საკუთარი ავადმყოფობა უნდა აეტანა (საქმეები 19:11, 12; 20:9, 10). მართალია, პავლემ თავის ვედრებაზე სასურველი პასუხი ვერ მიიღო, მაგრამ ღვთისგან მიღებული დახმარებისთვის მადლიერი იყო (2 კორინთელები 12:9, 10).

„დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოანე 5:14).

ბიბლიის ზოგმა პერსონაჟმა თავის ლოცვაზე სასწაულებრივად მიიღო პასუხი (2 მეფეები 20:1—7). მაგრამ ბიბლიურ დროშიც კი ასეთი რამ ხშირად არ ხდებოდა. ღვთის ზოგი მსახური შეწუხებული იყო, რადგან ეგონათ, ღმერთი მათ ლოცვებს უპასუხოდ ტოვებდა. მეფე დავითმა იკითხა: „ო, იეჰოვა, როდემდე გეყოლები დავიწყებული? სამუდამოდ?“ (ფსალმუნი 13:1). მაგრამ როცა დავითი დაფიქრდა იმაზე, თუ რამდენჯერ გაუწოდა იეჰოვამ დახმარების ხელი, უფრო მეტად გამოხატა მისადმი ნდობა. იმავე ლოცვაში დავითმა დასძინა: „მე შენს სიკეთეს ვარ მინდობილი“ (ფსალმუნი 13:5). დავითის მსგავსად, შესაძლოა ღვთის მსახურები დღესაც გამუდმებით მიმართავენ ღმერთს ლოცვით, მანამ სანამ არ მიიღებენ მისგან პასუხს (რომაელები 12:12).

 როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებს

ღმერთი ჩვენს აუცილებელ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს.

მზრუნველი მშობლები ყოველთვის მაშინვე არ მისცემენ შვილებს იმას, რასაც თხოულობენ. მსგავსადვე, ღმერთმა შეიძლება ჩვენი თხოვნა ისე არ დააკმაყოფილოს, როგორც ჩვენ გვინდა ან იმ დროს არ გვიპასუხოს, როცა ჩვენ ველით. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი შემოქმედი, მოსიყვარულე მამის მსგავსად, საჭირო დროს საუკეთესო სახით დააკმაყოფილებს ჩვენს აუცილებელ მოთხოვნილებებს (ლუკა 11:11—13).

ღმერთმა ჩვენს ლოცვას შესაძლოა ბიბლიის ფურცლებიდან უპასუხოს

ღვთის პასუხი ჩვენს ლოცვაზე შეიძლება შეუმჩნეველი ჩანდეს.

დავუშვათ, პრობლემა გვაქვს და გამოსავალზე ვლოცულობთ. უნდა დავასკვნათ, რომ რადგან პასუხი სასწაულებრივად არ მივიღეთ, იეჰოვა საერთოდ არ გვისმენს? ამის მაგივრად, კარგი იქნება იმაზე ვიფიქროთ, სხვა გზით ხომ არ გვიპასუხა ღმერთმა. მაგალითად, შეიძლება მზრუნველმა მეგობარმა ზუსტად საჭირო დროს ის გაგვიკეთა, რაც გვჭირდებოდა (იგავები 17:17). იქნებ ეს ყურადღებიანი მეგობარი იეჰოვამ აღძრა ჩვენ დასახმარებლად? გარდა ამისა, ღმერთმა ჩვენს ლოცვას შესაძლოა ბიბლიის ფურცლებიდან უპასუხოს. მასში შესაძლოა საჭირო სიბრძნე ვიპოვოთ პრობლემასთან გასამკლავებლად (2 ტიმოთე 3:16, 17).

ღმერთმა შეიძლება მზრუნველი მეგობრები გამოიყენოს ჩვენ დასახმარებლად მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება

პრობლემის გადაჭრის ნაცვლად, ღმერთი ხშირად თავის ხალხს მასთან გასამკლავებელ ძალას აძლევს (2 კორინთელები 4:7). მაგალითად, როდესაც იესო მამას სთხოვდა, აეცილებინა განსაცდელი, რადგან ის შიშობდა, რომ ეს ღვთის სახელს შეურაცხყოფდა, იეჰოვამ თავის ძეს განსამტკიცებლად ანგელოზი გაუგზავნა (ლუკა 22:42, 43). მსგავსადვე, ღმერთმა შეიძლება ჩვენი ახლო მეგობარი გამოიყენოს ჩვენ გასამხნევებლად მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად გვჭირდება (იგავები 12:25). იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ ღმერთი სხვადასხვა გზით გვპასუხობს, ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ეს არ გამოგვეპაროს.

ღმერთმა იცის, როდის გვიპასუხოს.

ბიბლიაში წერია, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი თავმდაბლების მიმართ „თავის დროზე“ ავლენს წყალობას (1 პეტრე 5:6). ამიტომ, თუ ვფიქრობთ, რომ ღმერთი აყოვნებს ჩვენს გულწრფელ ლოცვებზე პასუხს, არ უნდა დავასკვნათ, რომ ის ნაკლებ ინტერესს ავლენს ჩვენდამი. პირიქით, რადგან შემოქმედი უდიდეს ცოდნას ფლობს, მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო და ჩვენს ლოცვა-ვედრებას ამის საფუძველზე პასუხობს.

„ამიტომ დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ“ (1 პეტრე 5:6).

მაგალითისთვის: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი პატარა ბიჭი ველოსიპედის ყიდვას გთხოვთ. მაშინვე შეუსრულებდით სურვილს? თუ ფიქრობთ, რომ ის ჯერ პატარაა და ვერ შეძლებს მის ტარებას, შეიძლება ველოსიპედის ყიდვა სხვა დროისთვის გადადოთ და მაშინ უყიდოთ, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება. ანალოგიურად, თუ ლოცვას არ ვწყვეტთ, ღმერთმა მართებული „გულის წადილი“ შეიძლება სათანადო დროს შეგვისრულოს (ფსალმუნი 37:4).

დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა გისმენთ

ბიბლია მოუწოდებს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, სჯეროდეთ, რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს სათქმელად ადვილია. თუ სერიოზული პრობლემის ან უსამართლობის ატანა გვიწევს, შეიძლება გაგვიჭირდეს, დაველოდოთ ღვთისგან პასუხს. მაგრამ, კარგია, თუ გვემახსოვრება, რას ამბობდა იესო დაჟინებულ ლოცვასთან დაკავშირებით.

იესომ ღარიბი ქვრივის მაგალითი მოიყვანა, რომელიც სამართლის საპოვნელად უსამართლო მოსამართლესთან  დადიოდა (ლუკა 18:1—3). თავიდან მოსამართლემ უარი უთხრა ქალს დახმარებაზე, მაგრამ ბოლოს თავის გულში თქვა: „რადგან ამ ქვრივმა ასე შემაწუხა, გავუჩენ სამართალს, რომ აღარ მოვიდეს და ბოლო არ მომიღოს“ (ლუკა 18:4, 5). დედნისეული ენის თანახმად, მოსამართლემ ქვრივს ყურადღება იმიტომ მიაქცია, რომ მას მისთვის „თვალში არ ერტყა“ ანუ გადატანითი მნიშვნელობით, მისთვის „რეპუტაცია არ შეელახა“. * თუ უსამართლო მოსამართლე რეპუტაციის შელახვის შიშით დაეხმარა ქვრივ ქალს, მით უფრო მზრუნველი ღმერთი არ გაუჩენს სამართალს მათ, „რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ“? როგორც იესომ თქვა, ღმერთი „მალე გაუჩენს მათ სამართალს“ (ლუკა 18:6—8).

„ითხოვეთ და მოგეცემათ“ (ლუკა 11:9)

ზოგჯერ შეიძლება დავიღალოთ დახმარებისა და წყალობის თხოვნით, მაგრამ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ. დაჟინებული ლოცვით ცხადვყოფთ, რომ ნამდვილად გვსურს, იეჰოვამ წარმართოს ჩვენი ცხოვრება. ჩვენ აგრეთვე ვსწავლობთ, ამოვიცნოთ ჩვენს ლოცვებზე ღვთის პასუხი და დავუახლოვდეთ მას. დიახ, შეგვიძლია სრულად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა უპასუხებს ჩვენს მართებულ ლოცვებს, თუ არ შევწყვეტთ რწმენით ლოცვას (ლუკა 11:9).

^ აბზ. 3 თუ გვინდა, რომ ღმერთმა მოისმინოს ჩვენი ლოცვები, გულწრფელად უნდა ვცდილობდეთ მისი მოთხოვნების შესრულებას. მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვცდით საკუთარ თავზე ლოცვის ძალას, როგორც ეს ამ სტატიაშია განხილული. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 17.

^ აბზ. 5 იეჰოვა არის ღვთის სახელი, როგორც ამას ბიბლიიდან ვიგებთ.

^ აბზ. 22 ბიბლიურ დროში ღმერთი ისრაელი მსაჯულებისგან მოითხოვდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოევლინათ ქვრივებისა და ობლების მიმართ (კანონი 1:16, 17; 24:17; ფსალმუნი 68:5).