მთავარი თემა | რატომ ატყდება უბედურება კარგ ადამიანებს?
უბედურების მორევში
სმიტა, * 35 წლის ქალბატონი, რომელიც ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ცხოვრობდა, მოსიყვარულე და მზრუნველი ადამიანი იყო. მას იცნობდნენ, როგორც გამრჯე და ბედნიერ ქალს, რომელსაც კარგი ოჯახი ჰქონდა და რომელიც სიხარულით უზიარებდა სხვებს ბიბლიურ ცოდნას ღვთის შესახებ. რა შოკის მომგვრელი იქნებოდა სმიტას ოჯახისა და მეგობრებისთვის, როცა მოულოდნელად შეყრილმა დაავადებამ მას ერთ კვირაში მოუსწრაფა სიცოცხლე.
ნიუ-იორკში მცხოვრები 30 წელს გადაცილებული ერთი ცოლ-ქმარი სმიტას მსგავსად კარგი რეპუტაციით სარგებლობდა. ერთ გაზაფხულს ისინი მეგობრების მოსანახულებლად შეერთებული შტატების დასავლეთ სანაპიროზე გაემგზავრნენ. სამწუხაროდ, ისინი სახლში აღარ დაბრუნებულან, რადგან გზაში საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვნენ. მათმა სიკვდილმა ნათესავებსა და მეგობრებს ენით აუწერელი ტკივილი მიაყენა.
შორს წასვლა არ გვჭირდება იმის დასანახად, რომ ქვეყანაზე უამრავი უბედურება ხდება. ომებს ჯარისკაცებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც ეწირება. უდანაშაულო ადამიანები ძალადობისა და ბოროტმოქმედების მსხვერპლნი ხდებიან. ფატალური შემთხვევებისა და მძიმე დაავადებებისგან არავინაა დაზღვეული; მან არც ასაკი იცის და არც სოციალური მდგომარეობა. სტიქიური უბედურებები განურჩევლად ასწორებს მიწასთან მთლიან დასახლებებს. უსამართლობასა და დისკრიმინაციას ყველგან შეხვდებით. შესაძლოა თქვენც ყოფილხართ რომელიმე აქ ჩამოთვლილი უბედურების მსხვერპლი.
ბუნებრივია, თუ გიჩნდებათ ისეთი კითხვები, როგორიცაა:
რატომ ატყდებათ თავს უბედურება კარგ ადამიანებს?
ღმერთია დამნაშავე?
შემთხვევით ხდება უბედურებები, თუ მათში ადამიანის ხელი ურევია?
შეიძლება ამის მიზეზი კარმა ანუ ის იყოს, რომ ადამიანს წინა ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამო ატყდება თავს უბედურება?
თუ არსებობს ყოვლისშემძლე ღმერთი, რატომ არ იცავს კარგ ადამიანებს უბედურებისგან?
დადგება დრო, როდესაც აღარ იქნება ბოროტება და ტანჯვა?
ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ჯერ ორ ძირითად კითხვას უნდა ვუპასუხოთ: რატომ ხდება უბედურება საერთოდ? და რის გაკეთებას აპირებს ღმერთი?
^ აბზ. 3 სახელები შეცვლილია.