მთავარი თემა
კორუფციის შხამით გაჟღენთილი ხელისუფლება
კორუფცია განიმარტება როგორც პირადი გამდიდრების მიზნით ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. კორუფცია მარტო დღევანდელობის მოვლენა არ არის. მაგალითად, ბიბლიაში ვხვდებით კანონს, რომელიც კრძალავდა ქრთამის აღებას სამართლის გაჩენისას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ კორუფცია 3 500-ზე მეტი წლის წინათაც კარგად ნაცნობი იყო საზოგადოებისთვის (გამოსვლა 23:8). თუმცა კორუფციაში მხოლოდ ქრთამის აღება არ იგულისხმება. კორუმპირებული სახელმწიფო მოხელეები ზოგჯერ ისაკუთრებენ სხვის ქონებას, სარგებლობენ იმ მომსახურებით, რაც არ ეკუთვნით და ურცხვად იპარავენ სახელმწიფო სახსრებს. მათ შეიძლება თავიანთი მდგომარეობა ნათესავებისა და მეგობრების სასარგებლოდაც გამოიყენონ.
ვინაიდან დედამიწის ზურგზე თითქმის არ არსებობს არაკორუმპირებული ორგანიზაცია, როგორც ჩანს, ყველაზე სავალალო მდგომარეობა ამ მხრივ ხელისუფლებაშია. 2013 წელს საერთაშორისო ანტიკორუფციული ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, იუწყებოდა, რომ საზოგადოება ხუთ ყველაზე კორუმპირებულ ინსტიტუტად მიიჩნევს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიციას, სახელმწიფო მოხელეებს, სასამართლოსა და საკანონმდებლო ორგანოს. ეს რომ რეალური პრობლემაა ამას შემდეგი სტატისტიკაც ადასტურებს.
-
აფრიკა: 2013 წელს სამხრეთ აფრიკაში დაახლოებით 22 000 სახელმწიფო მოხელეს დასდეს ბრალი კორუფციაში.
-
ამერიკა: 2012 წელს ბრაზილიაში 25 ადამიანი დააპატიმრეს პოლიტიკური მხარდამჭერების მოსყიდვის მიზნით სახელმწიფო ქონების გამოყენებისთვის. მათ შორის იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, რომელსაც სახელმწიფოში მეორე ადგილი ეკავა.
-
აზია: 1995 წელს სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში 502 ადამიანი დაიღუპა სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად. გამოძიებამ დაადასტურა, რომ სამშენებლო კომპანიამ მოისყიდა ქალაქის ხელმძღვანელობა და შენობა უხარისხო ბეტონითა და უსაფრთხოების წესების დარღვევით ააშენა.
-
ევროპა: ევროკომისარმა საშინაო საქმეებში, სესილია მალმსტრომმა, აღნიშნა, რომ „[კორუფციამ ევროპაში] შემაშფოთებელ მასშტაბებს მიაღწია“. მან დასძინა: „სინამდვილეში, არ არსებობს პოლიტიკური ნება კორუფციის ძირფესვიანად აღმოსაფხვრელად“.
მოკვდავ ადამიანს არ ხელეწიფება ღრმად ფესვგადგმული კორუფციის აღმოფხვრა. ექსპერტმა კორუფციასთან ბრძოლაში და იურისპრუდენციის პროფესორმა სუზან როუზ-აკერმენმა დაწერა, რომ კორუფციის აღმოსაფხვრელად „მთავრობებმა ძირეული ცვლილებები უნდა მოახდინონ ნებისმიერ სფეროში“. მაშინ როცა, მდგომარეობა შეიძლება უიმედოდ გვესახება, ბიბლია არა მარტო ძირეულ ცვლილებებს გვპირდება, არამედ გვარწმუნებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის კორუფციას.