არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მთავარი თემა | ჩაანაცვლა მეცნიერებამ ბიბლია?

მეცნიერება შეზღუდულია

მეცნიერება შეზღუდულია

არც ისე დიდი ხნის წინ გამოიცა არაერთი წიგნი, რომელიც ეგრეთ წოდებული ახალი ათეისტების მოსაზრებებს გვაცნობს. ამ ლიტერატურამ მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და დიდი განხილვისა თუ დებატების საგნად იქცა. ამასთან დაკავშირებით ნევროლოგმა, დეივიდ იგელმენმა, ასეთი რამ დაწერა: „ზოგ მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა . . . რომ მეცნიერებს ყველაფერზე აქვთ პასუხი“. შემდეგ დასძინა: „სინამდვილეში მეცნიერება ჩარჩოებში არ ზის და სავსეა ახალი და მოულოდნელი აღმოჩენებით“.

საუკუნეების მანძილზე ბუნების შესწავლის საკითხში მიღწეულმა მეცნიერულმა წინსვლამ უამრავ ბუნდოვან საკითხს მოჰფინა ნათელი. თუმცა ამ პროცესში ზოგმა მეცნიერმა სერიოზული შეცდომები დაუშვა. ისააკ ნიუტონმა, რომელიც ყველა დროის უდიდეს მეცნიერთა რიცხვს განეკუთვნება, ახსნა სამყაროში არსებული პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების გრავიტაციული ურთიერთქმედება. მან აგრეთვე გამოიგონა მათემატიკის ერთ-ერთი დარგი — „მათემატიკური ანალიზი“, რომელსაც ბირთვულ ფიზიკაში, კოსმოსში მოგზაურობისა და კომპიუტერის შექმნისას იყენებენ. ნიუტონი ალქიმიითაც იყო გატაცებული — ფსევდომეცნიერებით, რომელიც მიზნად ისახავდა ასტრონომიისა და მაგიური ფორმულების გამოყენებით ტყვიისა თუ სხვა ლითონების ოქროდ გარდაქმნას.

ნიუტონამდე 1 500-ზე მეტი წლით ადრე, ბერძენი ასტრონომი პტოლემე შეუიარაღებელი თვალით აკვირდებოდა ცას. ის ღამის ცაზე განლაგებულ პლანეტებს სწავლობდა, რის შედეგადაც დახელოვნებული კარტოგრაფი გახდა. თუმცა მას სჯეროდა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი იყო. ასტროფიზიკოსი კარლ საგანი პტოლემეს შესახებ წერდა: „ის ფაქტი, რომ მისი მცდარი შეხედულების 1 500 წლის მანძილზე სჯეროდათ, კიდევ ერთი მტკიცებაა იმისა, რომ ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები არ არის იმის გარანტია, რომ ის ყოველთვის მართალი იქნება“.

მეცნიერები კვლევებისას დღესაც მსგავს პრობლემებს აწყდებიან. შეძლებენ ოდესმე ისინი, ყველაფერს დამაკმაყოფილებელი ახსნა მოუძებნონ? ფაქტია, რომ მეცნიერება ძალიან განვითარდა და მას კაცობრიობისთვის დიდი სიკეთე მოაქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მეცნიერება შეზღუდულია. ფიზიკოსი პოლ დეივისი აღნიშნავს: „ყოველივე არსებულის შესახებ სრულყოფილი და ლოგიკური ახსნა-განმარტების მოპოვება უბრალოდ შეუძლებელია“. ამ სიტყვებიდან გამოსჭვივის უდავო ჭეშმარიტება: ადამიანები ბოლომდე ვერასოდეს ჩასწვდებიან ბუნების ყველა საიდუმლოს. ამგვარად, როდესაც გვესმის განცხადებები, რომ მეცნიერება შეძლებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას, გონივრული იქნება, სიფრთხილე გამოვიჩინოთ და ყველაფერი ბრმად არ ვირწმუნოთ.

აშკარაა, რომ ბიბლია ჩვენს ისეთ საჭიროებებს აკმაყოფილებს, რაშიც მეცნიერება უძლურია

ბიბლია საოცარ ბუნებას შემდეგი სიტყვებით აღწერს: „აი, მისი [ღვთის] გზების კიდეები, მასზე ჩურჩულით გვესმის! მაგრამ ვინ ჩასწვდება მისი ძლიერების გრგვინვას?“ (იობი 26:14). ბუნებაში ჯერ კიდევ უამრავი რამ არის, რისი შესწავლა და გაგებაც ადამიანს არ ძალუძს. მართლაც, კვლავაც უცილობელ ჭეშმარიტებად რჩება დაახლოებით 2 000 წლის წინ წარმოთქმული პავლე მოციქულის სიტყვები: „ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომაელები 11:33).