არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილად შესაძლებელია ღმერთის გაცნობა?

ნამდვილად შესაძლებელია ღმერთის გაცნობა?

„ღმერთი შეუცნობელია“ (ფილონ ალექსანდრიელი, I ს-ის ფილოსოფოსი).

„[ღმერთი] შორს არ არის თითოეული ჩვენგანისგან“ (ტარსოსელი სავლე; მიმართავს I ს-ის ათენელ ფილოსოფოსებს).

თქვენ რომელ აზრს იზიარებთ? ბევრისთვის ტარსოსელი სავლეს სიტყვები, რომელსაც მოციქულ პავლესაც ეძახდნენ, მიმზიდველი და მანუგეშებელია (საქმეები 17:26, 27). მსგავს აზრს ბიბლიაში არაერთ ადგილას ვკითხულობთ. მაგალითად, იესოს მიერ წარმოთქმული ლოცვა გვარწმუნებს, რომ მის მიმდევრებს შეუძლიათ გაეცნონ ღმერთს და მიიღონ მისგან კურთხევები (იოანე 17:3).

თუმცა ისეთ ფილოსოფოსებს, როგორიც მაგალითად ფილონი იყო, სულ სხვა შეხედულება ჰქონდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ადამიანები ვერასოდეს გაიცნობდნენ ღმერთს, რადგან ის სრულიად შეუცნობელია. რომელი აზრი შეესაბამება სიმართლეს?

ბიბლია არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ადამიანებს უჭირთ ღვთის შესახებ ზოგი რამის გაგება. მაგალითად, შეუძლებელია, გამოვთვალოთ ღვთის არსებობის ხანგრძლივობა, ჩავწვდეთ მის გონებას ან გავზომოთ მისი სიბრძნის სიღრმე, რადგან ეს ყველაფერი ბევრად აღემატება ჩვენს გაგებასა და წვდომის უნარს. მაგრამ ეს სულაც არ გვიშლის ხელს ღვთის გაცნობაში. სინამდვილეში, სწორედ ასეთ საკითხებზე ფიქრი დაგვეხმარება ღმერთთან დაახლოებაში (იაკობი 4:8). მოდი, პირველ რიგში, ღვთის ჩაუწვდომელ მხარეებზე ვისაუბროთ, შემდეგ კი შევეხოთ იმას, რის გაგებაც მის შესახებ ნამდვილად შეგვიძლია.

ღვთის შეუცნობელი მხარეები

ღვთის დაუსაბამობა: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი მარადარსებულია (ფსალმუნი 90:2). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთს არც დასაბამი აქვს და არც დასასრული. ადამიანის აზროვნებისთვის „გამოუკვლეველია მის წელთა რიცხვი“ (იობი 36:26).

რა სიკეთე მოაქვს ამის ცოდნას: თუ ნამდვილად გაიცნობთ ღმერთს, ის მარადიული სიცოცხლით დაგაჯილდოებთ (იოანე 17:3). დაფიქრდით, რამდენად სანდო იქნებოდა ღვთის ეს დაპირება, თავად რომ მარადარსებული არ ყოფილიყო? ამ დანაპირების შესრულება მხოლოდ და მხოლოდ „მარადიულობის მეფეს“ შეუძლია (1 ტიმოთე 1:17).

ღვთის გონება: ბიბლიიდან ღვთის შესახებ ვიგებთ, რომ „ჩაუწვდომელია მისი გაგების უნარი“, რადგან მისი აზრები ჩვენს აზრებზე გაცილებით მაღალია (ესაია 40:28; 55:9). სწორედ ამიტომ სვამს ბიბლია რიტორიკულ კითხვას: „ვინ შეიცნო უფლის აზრი, რათა ასწავლოს მას?“ (1 კორინთელები 2:16, საქართველოს ბიბლიური საზოგადოება).

რა სიკეთე მოაქვს ამის ცოდნას: ღმერთს შეუძლია, ერთდროულად მოისმინოს მილიონობით ადამიანის ლოცვა (ფსალმუნი 65:2). მას ბეღურის მიწაზე დაცემაც კი არ რჩება შეუმჩნეველი. დაფიქრდით, შესაძლებელია ღვთის გონება იმდენად გადაიტვირთოს, რომ ვერ შეგნიშნოთ და ვერ მოგისმინოთ? რა თქმა უნდა, არა, რადგან მისი გონება შეუზღუდავია. უფრო მეტიც, ღვთის თვალში თქვენ „უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29, 31).

ღვთის გზები: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ადამიანს არ შეუძლია თავიდან ბოლომდე გაიგოს, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა (ეკლესიასტე 3:11). აქედან გამომდინარე, ღვთის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ვერასდროს მივიღებთ, რადგან „მიუკვლეველია მისი გზები“ (რომაელები 11:33). თუმცა ღმერთს სურს, თავისი გზები გაუმჟღავნოს ყველას, ვისაც მისი კეთილგანწყობის მოპოვება სწადია (ამოსი 3:7).

შეუძლებელია, გამოვთვალოთ ღვთის არსებობის ხანგრძლივობა, ჩავწვდეთ მის გონებას ან გავზომოთ მისი სიბრძნის სიღრმე

რა სიკეთე მოაქვს ამის ცოდნას: თუ ყოველთვის იკითხავთ ბიბლიას და გამოიკვლევთ მას, არასოდეს შეწყვეტთ ღვთისა და მისი გზების შესახებ ცოდნის მიღებას! ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო ახლოს გაიცნობთ ზეციერ მამას მთელი მარადიულობის განმავლობაში.

ის, რის გაგებაც ნამდვილად შეგიძლიათ

ის, რომ ღვთის შესახებ ყველა ასპექტს ბოლომდე ვერ ჩავწვდებით, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საერთოდ შეუცნობელია. ბიბლიაში უამრავი ინფორმაციაა ჩაწერილი, რაც ღვთის უკეთ გაცნობაში გვეხმარება. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

ღვთის სახელი: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს აქვს სახელი. ის ამბობს: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“. ბიბლიაში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული, გაცილებით მეტჯერ, ვიდრე სხვა რომელიმე პიროვნების სახელი (ესაია 42:8).

რა სიკეთე მოაქვს ამის ცოდნას: იესომ ლოცვის ნიმუშში შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“ (მათე 6:9). დაფიქრდით, თქვენც ხომ არ მიმართავდით ლოცვაში ღმერთს სახელით? იეჰოვას ყველას გადარჩენა სურს, ვინც სათანადო პატივს მიაგებს მის სახელს (რომაელები 10:13).

ღვთის ადგილსამყოფელი: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არსებობს ორი სახის სამყარო — სულიერი, სადაც სულიერი ქმნილებები მკვიდრობენ სულიერ სხეულში და ფიზიკური, რომელშიც პლანეტა დედამიწა და კოსმოსი იგულისხმება (იოანე 8:23; 1 კორინთელები 15:44). ბიბლია სიტყვებში „ცა“ და „ზეცა“ ხშირად სულიერ სამყაროს გულისხმობს. სწორედ ამ გაგებით არის ღვთის ადგილსამყოფელი ზეცაში (1 მეფეები 8:43).

რა სიკეთე მოაქვს ამის ცოდნას: თქვენ ღვთის შესახებ სრულ სურათს იღებთ. შემოქმედი ბნელით მოცული ძალა არ არის, რომელიც ყველგან და ყველაფერშია. იეჰოვა არის რეალური პიროვნება, რომელსაც რეალური ადგილსამყოფელი გააჩნია. მიუხედავად ამისა, „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან“ (ებრაელები 4:13).

ღვთის თვისებები: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას მიმზიდველი თვისებები აქვს. „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). ის არასოდეს ცრუობს (ტიტე 1:2). ის მიუკერძოებელი, გულმოწყალე, თანამგრძნობი და რისხვაში ნელი ღმერთია (გამოსვლა 34:6; საქმეები 10:34). ბევრი შეიძლება გააოცოს კიდეც იმის გაგებამ, რომ ღმერთს სურს, თავის მსახურებთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს (ფსალმუნი 25:14).

რა სიკეთე მოაქვს ამის ცოდნას: თქვენ შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ ღმერთს (იაკობი 2:23). რაც მეტად დაუახლოვდებით მას, მით მეტად გაგიადვილდებათ ბიბლიის გაგება.

„ძებნას დაუწყებ“

ბიბლია იეჰოვა ღმერთის შესახებ სრულ სურათს გვიხატავს. ღმერთი შეუცნობელი არ არის, პირიქით, მას სურს, რომ გაიცნოთ იგი. მისი სიტყვა, ბიბლია გვპირდება: „თუ ძებნას დაუწყებ მას, თავს გაპოვნინებს“ (1 მატიანე 28:9). გაიცანით ღმერთი ბიბლიის კითხვითა და მასში ჩაწერილ ისტორიებზე დაფიქრებით! ღმერთი გპირდებათ, რომ თუ დაუახლოვდებით მას, „ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:8).

თუ ყოველთვის იკითხავთ ბიბლიას და გამოიკვლევთ მას, არასოდეს შეწყვეტთ ღვთისა და მისი გზების შესახებ ცოდნის მიღებას

ამ ყოველივეს შემდეგ შესაძლოა მაინც გაგიჩნდეთ კითხვა: „როგორ შემიძლია დავუმეგობრდე ღმერთს, როცა მის პიროვნებას ბოლომდე ვერ ვწვდები?“ დაფიქრდით, საჭიროა, რომ ქირურგის საუკეთესო მეგობარსაც სამედიცინო განათლება ჰქონდეს? სრულებითაც არა! ქირურგის მეგობარს შესაძლოა არანაირი კავშირი არ ჰქონდეს მედიცინასთან, მაგრამ ისინი მაინც საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ ის კარგად იცნობს თავის მეგობარს და იცის, რა მოსწონს და რა არ მოსწონს მას. ანალოგიურად, ბიბლიიდან შეგიძლიათ გაიგოთ, როგორი პიროვნებაა ღმერთი, რადგან მასთან დასაახლოებლად სწორედ ამის ცოდნაა საჭირო.

ბიბლია ღმერთზე ბუნდოვან წარმოდგენას კი არ გვიქმნის, არამედ გვაწვდის ინფორმაციას, რაც მასთან დაახლოებაში გვეხმარება. გსურთ, უფრო მეტი გაიგოთ იეჰოვა ღმერთის შესახებ? თუ დიახ, მიმართეთ თქვენ მახლობლად მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიას უფასოდ შეგასწავლიან, ან ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.dan124.com.