ᲠᲐᲡ ᲮᲛᲐᲠᲓᲔᲑᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲨᲔᲡᲐᲬᲘᲠᲐᲕᲔᲑᲘ?
ლიტერატურის სტენდები „ყველა ხალხისთვის საუწყებლად“
1 ᲐᲞᲠᲘᲚᲘ, 2023
უკვე ათ წელზე მეტია, რაც სტენდებით ქადაგება მსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა. მთელ მსოფლიოში ხალხი ადვილად ცნობს ჩვენს სტენდებს. ისინი არა მხოლოდ ვიზუალურადაა გამორჩეული, არამედ ძალიან პრაქტიკულიცაა. შესაძლოა თქვენც იზიარებთ პოლონეთში მცხოვრები ერთი დის, ასენატას აზრს. ის ამბობს: „მართალია, სტენდებს ძალიან მოკრძალებული და უბრალო დიზაინი აქვს, მაგრამ მათი დანახვა თვალს სიამოვნებს. მათი აწყობა და გადაადგილებაც მარტივია“.
გაინტერესებთ, როგორ შეიქმნა ლიტერატურის სტენდები?
ეფექტური დიზაინი
2001 წელს ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით საფრანგეთში იეჰოვას მოწმეებმა საჯარო მსახურების სხვადასხვა მეთოდი მოსინჯეს, მათ შორის სტენდებით ქადაგება. თავიდან სტენდებისთვის სხვადასხვა დიზაინს იყენებდნენ. მაგალითად, ბარგისა და პროდუქტის გადასაზიდ გადაკეთებულ ურიკებს. საბოლოოდ არჩევანი იმ დიზაინზე შეჩერდა, რომელსაც უკვე წლებია ვიყენებთ.
საფრანგეთში მცხოვრები და-ძმები გაახარა დადებითმა გამოხმაურებამ, რომელიც ამ წამოწყებას მოჰყვა. ასე რომ, 2011 წელს ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოებრივ ადგილებში ქადაგების საცდელი პროგრამა ნიუ-იორკშიც (აშშ) ამოქმედდა, რაშიც შედიოდა როგორც სტენდებით, ისე მაგიდების გამოყენებით ქადაგება. პროგრამაში ჩართულმა პიონერებმა მალევე დაინახეს სტენდებით ქადაგების არაერთი კარგი მხარე, მაგალითად ის, რომ სტენდების გადაადგილება მარტივი იყო. პიონერებმა თავადაც გამოთქვეს აზრი, როგორ შეიძლებოდა სტენდების დიზაინის გაუმჯობესება. თავიდან სტენდები ხელნაკეთი იყო და ხის მასალისგან მზადდებოდა, შესაბამისად სიმძიმის გამო კიბეზე მათი ატანა-ჩამოტანა ჭირდა. დიზაინის შეცვლის შემდეგ შედარებით მსუბუქი სტენდები დაამზადეს, თუმცა არც ისეთი მსუბუქი, რომ ქარს ადვილად წაექცია. ახალი დიზაინით დამზადებულ სტენდებს უფრო დიდი და გამძლე ბორბლები დაუყენეს, რომლებიც ოღროჩოღრო გზებზე თავისუფლად გადაადგილების საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა, სტენდებს გაუკეთეს პატარა სათავსო ლიტერატურის შესანახად.
საცდელმა პროგრამამ გაამართლა! ასე რომ, 2012 წლიდან ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებით, და-ძმებს უკვე მთელ მსოფლიოში შეეძლოთ ექადაგათ სტენდებით. ამის შემდეგ ძმებმა იპოვეს მწარმოებელი, რომელიც გამძლე, თუმცა მსუბუქი მასალებისგან დაამზადებდა სტენდებს, თანაც დიდი რაოდენობით.
დროთა განმავლობაში სტენდის დიზაინში მცირე ცვლილებები მოხდა. მაგალითად, 2015 წელს სტენდებისთვის დამზადდა წვიმისგან დამცავი პოლიეთილენის შალითები. დინას, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ძალიან მოეწონა ეს სიახლე. ის ამბობს: «ლიტერატურა რომ არ დასველდეს, სტენდებს საკუთარი „საწვიმარი ქურთუკი“ აქვთ». 2017 წელს ზოგიერთ ენაზე ხელმისაწვდომი გახდა მაგნიტიანი პოსტერები. ტომაში, რომელიც პოლონეთში ცხოვრობს, ამბობს: „პოსტერების შეცვლა რთული პროცესი იყო, მაგნიტიანმა პოსტერებმა ეს საქმე საგრძნობლად გაამარტივა“. 2019 წელს სტენდების ხარისხის გასაუმჯობესებლად შეიცვალა მათი დამზადების მეთოდი და მასალა.
სტენდების დამზადება
სტენდებს ერთი მწარმოებელი ამზადებს, რის შემდეგაც ისინი მთელ მსოფლიოში იგზავნება. ამჟამად, ერთი სტენდის დამზადება, ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების გამოკლებით, 43$ ჯდება. ამ დრომდე 420 000-ზე მეტი სტენდი გაიგზავნა კრებებში, მათ დასამზადებლად კი 16 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა.
იმისთვის, რომ შემოწირული თანხები გონივრულად იქნეს გამოყენებული, სტენდებს ბითუმად უკვეთავენ. ამასთანავე, ახლა კრებებს უკვე შეუძლიათ შეუკვეთონ სათადარიგო ნაწილები და დაზიანების შემთხვევაში სტენდი კი არ გამოცვალონ, არამედ შეაკეთონ.
სტენდებით ქადაგება
მთელ მსოფლიოში და-ძმებს ძალიან უყვართ სტენდებით ქადაგება. განაში მცხოვრები მარტინა ამბობს: „მსახურების დროს თითქმის ყველა შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ხალხთან მისვლა, სტენდებით ქადაგებისას კი პირიქით, ხალხი მოდის ჩვენთან. ეს ძალიან მომწონს. ადამიანმა უბრალოდ რომ ჩაიაროს სტენდთან, ესეც ქადაგებაა“.
აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში სტენდთან მამაკაცი მივიდა და თავის ენაზე პუბლიკაციები აიღო. ერთი კვირის შემდეგ ის დაბრუნდა სტენდთან და თქვა: „ყველაფერი წავიკითხე, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. სოფელში რომ დავბრუნდები, ჩემი ოჯახის წევრებსაც ვეტყვი ამის შესახებ“. ეს მამაკაცი იმ ადგილიდან, სადაც სტენდი იდგა, დაახლოებით 500 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. ორი თვის შემდეგ იგი კვლავ მივიდა სტენდთან და იქ მდგომებს უთხრა: „ჩემმა თანასოფლელებმა ყველაფერი წაიკითხეს, რაც მივუტანე და ძალიან მოეწონათ. უნდათ, რომ იეჰოვას მოწმეები გახდნენ. მაგრამ ჯერ ბევრი რაღაცის გაგება სურთ. მაგალითად, იციან, რომ წყალში ჩაძირვით უნდა მოინათლონ, მაგრამ ჩვენს სოფელთან ახლოს მდინარე არ არის და რა უნდა გააკეთონ, აქ უნდა ჩამოვიდნენ?“. მაუწყებლებმა ეს მამაკაცი დააკავშირეს პიონერთან, რომელიც მის ენაზე საუბრობს. დღემდე ისინი რეგულარულად განიხილავენ ბიბლიურ საკითხებს.
მართლაც სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ ვიყენებთ სტენდებს სასიხარულო ცნობის „მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის საუწყებლად” (მათე 24:14). სტენდების დასამზადებლად საჭირო თანხები თქვენ მიერ გაღებული ნებაყოფლობითი შესაწირავებით იფარება, რომელთა დიდ ნაწილს ვებგვერდის donate.dan124.com საშუალებით იღებთ. მადლობას გიხდით გულუხვობისთვის.