იარსებებს ოდესმე ეკონომიკური თანასწორობა?
მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გამოდის ქუჩაში და საპროტესტო აქციებს მართავს, რადგან მიაჩნიათ, რომ ეკონომიკურმა უთანასწორობამ ძალიან მოიკიდა ფეხი. ეს პრობლემა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამწვავდა. „ლოქდაუნმა“, სურსათ-სანოვაგის უკმარისობამ და არასათანადო სამედიცინო მომსახურებამ ცხადყო, რამხელა უფსკრულია მდიდრებსა და ღარიბებს შორის, რაც კიდევ უფრო მეტი არეულობის მიზეზი ხდება.
მოეღება ოდესმე ბოლო ამ პრობლემას? დიახ, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი გადაჭრის ჩვენს პრობლემებს.
ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც ღმერთი გადაჭრის
პრობლემა: ადამიანებმა ვერ შექმნეს ისეთი ეკონომიკური წყობა, რომლის დროსაც ყველა ადამიანის მოთხოვნილებები დაკმაყოფილდებოდა.
გამოსავალი: ღმერთი ადამიანთა მმართველობებს თავისი მმართველობით ჩაანაცვლებს. ბიბლიაში ამ მმართველობას ღვთის სამეფო ეწოდება. ის ზეციდან მთელ დედამიწაზე იმმართველებს (დანიელი 2:44; მათე 6:10).
შედეგი: რადგან ღვთის სამეფო მთელ დედამიწაზე იმმართველებს, ის ყველა გლობალურ პრობლემას გადაჭრის. სიღარიბე და ეკონომიკური არასტაბილურობა წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 9:7—9, 18). ადამიანები სასიამოვნო საქმეს შეასრულებენ, დაინახავენ თავიანთი შრომის შედეგებს და ოჯახებთან ერთად გაიხარებენ ცხოვრებით. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ მათში, ჩაყრიან ვაზს და შეჭამენ მის ნაყოფს. არ ააშენებენ იმისთვის, რომ სხვამ იცხოვროს, და არც იმისთვის დარგავენ, რომ სხვამ შეჭამოს“ (ესაია 65:21, 22).
პრობლემა: ადამიანი ყოველთვის ვერ აირიდებს თავიდან ისეთ სიტუაციებს, რომლებიც სატანჯველს და ეკონომიკურ პრობლემებს იწვევს.
გამოსავალი: ღმერთი თავისი სამეფოს მეშვეობით მალე აღმოფხვრის ყველა იმ მიზეზს, რომელთა გამოც ადამიანებს დაუცველობის განცდა აქვთ და შიშის თვალით უყურებენ ხვალინდელ დღეს.
შედეგი: ღვთის მმართველობის დროს აღარაფერი მოხდება ისეთი, რაც ადამიანებს საარსებო წყაროს წაართმევდა. მაგალითად, ომები, საკვების უკმარისობა და პანდემიები წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 46:9; 72:16; ესაია 33:24). ღმერთი გვპირდება: „ჩემი ხალხი მშვიდობიან სამყოფელში, უსაფრთხო სამკვიდრებელში და წყნარ მოსასვენებელ ადგილას იცხოვრებს“ (ესაია 32:18).
პრობლება: ხარბი და ეგოისტი ადამიანები ხშირად ექსპლუატაციას უწევენ სხვებს.
გამოსავალი: ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები ნამდვილ სიყვარულს ისწავლიან და საკუთარზე წინ სხვების ინტერესებს დააყენებენ (მათე 22:37—39).
შედეგი: ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები ღვთის მსგავსად გამოავლენენ სიყვარულს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქრებენ (1 კორინთელები 13:4, 5). ბიბლიაში ვკითხულობთ: „ზიანს აღარავის მიაყენებენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე, რადგან დედამიწა იეჰოვას a ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ესაია 11:9).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენ ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. მალე ღმერთი თავის დანაპირებს შეასრულებს და ყოველგვარ ეკონომიკურ პრობლემას გადაჭრის b (ფსალმუნი 12:5). თუმცა ღმერთი არც დღეს გვტოვებს დახმარების გარეშე. ბიბლიური პრინციპები გვეხმარება, გავუმკლავდეთ ფინანსურ სირთულეებს. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი სტატიები: „როგორ ვიმყოფინოთ შემოსავალი?“ და „გაწონასწორებული შეხედულება ფულზე“.
a ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18).
b თუ გსურთ გაიგოთ, რამდენად სანდო წიგნია ბიბლია, იხილეთ სტატია „ბიბლია — ჭეშმარიტების საიმედო წყარო“.