მნიშვნელოვანია სიმართლის ცოდნა?
რთული ხომ არ გახდა სიმართლისა და სიცრუის ერთმანეთისგან გარჩევა? დღეს ბევრი ადამიანი ფაქტებით კი არ ხელმძღვანელობს, არამედ ემოციების კარნახით და საკუთარი მოსაზრებებით განსაზღვრავს, დაიჯეროს თუ არა რაიმე. ბოლო პერიოდში ფართო საზოგადოება აქტიურად იყენებს სიტყვას „პოსტსიმართლე“, რომელიც ზემოთქმული მდგომარეობის აღსაწერად შეიქმნა. a ის ხაზს უსვამს დღევანდელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის დამოკიდებულებას სიმართლესთან დაკავშირებით. მათი აზრით, ჭეშმარიტება არ არსებობს.
საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულება ახალი არ არის. დაახლოებით 2 000 წლის წინ რომაელმა გამგებელმა, პონტიუს პილატემ, იესოს ცინიკურად დაუსვა კითხვა: „ჭეშმარიტება რაღაა?“ (იოანე 18:38). მართალია, პილატე არ დალოდებია იესოს პასუხს, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მან მნიშვნელოვანი კითხვა დასვა. მის კითხვაზე პასუხს ბიბლია გვცემს და გვეხმარება, სიმართლე სიცრუისგან გავარჩიოთ.
არსებობს ჭეშმარიტება?
დიახ. ბიბლიაში სიტყვა „ჭეშმარიტება“ გამოიყენება დადგენილი ფაქტის ან იმის აღსანიშნავად, რაც სწორი და მართებულია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა b არის აბსოლუტური სიმართლის წყარო. მას „ჭეშმარიტების ღმერთი“ ეწოდება (ფსალმუნი 31:5). ბიბლიაში ჭეშმარიტება ღვთის შთაგონებით ჩაიწერა და ის შედარებულია სინათლეს, რომელიც დღევანდელ მსოფლიოში გზას გვინათებს ანუ გვხელმძღვანელობს (ფსალმუნი 43:3; იოანე 17:17).
როგორ შეგიძლიათ ჭეშმარიტების პოვნა?
ღმერთს არ სურს, ბრმად დავიჯეროთ ბიბლიური ჭეშმარიტება. პირიქით, ის მოგვიწოდებს, რომ აზროვნების უნარი გამოვიყენოთ და არ ვიმოქმედოთ ემოციების კარნახით (რომაელები 12:1). ღმერთს სურს, გავიცნოთ და „მთელი გონებით“ შევიყვაროთ ის. ღმერთი იმასაც მოგვიწოდებს, რომ რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ, ჩავუკვირდეთ და თავად დავრწმუნდეთ მის სისწორეში (მათე 22:37, 38; საქმეები 17:11).
საიდან იღებს სათავეს სიცრუე?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პირველი ტყუილი ღვთის მტერმა, სატანა ეშმაკმა, წარმოთქვა, რის გამოც მას „სიცრუის მამა“ ეწოდება (იოანე 8:44). მან ღვთის შესახებ ტყუილი უთხრა პირველ ადამიანებს (დაბადება 3:1—6, 13, 17—19; 5:5). იმ დროიდან მოყოლებული სატანა სიცრუეს ავრცელებს და მალავს სიმართლეს ღვთის შესახებ (გამოცხადება 12:9).
რატომაა სიცრუე დღეს ასე გავრცელებული?
თანამედროვე პერიოდში, რომელსაც ბიბლია „ბოლო დღეებს“ უწოდებს, სატანის გავლენა დღითი დღე იზრდება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ ატყუებს ხალხი ერთმანეთს და რატომ შეჰყავთ სხვები შეცდომაში (2 ტიმოთე 3:1, 13). სიცრუეს დღეს ბევრი რელიგიაც ავრცელებს. ბიბლიაში ჩვენს დროსთან დაკავშირებით ასეთი რამ იყო ნაწინასწარმეტყველები: „შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს. ჭეშმარიტებას ყურს აღარ ათხოვებენ“ (2 ტიმოთე 4:3, 4).
რატომ არის სიმართლის ცოდნა მნიშვნელოვანი?
ზოგადად სიმართლის ცოდნაა საჭირო, ვინმეს რომ ენდო. ნდობის გარეშე კი შეუძლებელია მეგობრობის განვითარება და საზოგადოების გაერთიანება. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთს სურს, ჩვენი თაყვანისცემა ჭეშმარიტებას ეფუძნებოდეს: „[ღვთის] თაყვანისმცემლები მას სულითა და ჭეშმარიტებით უნდა სცემდნენ თაყვანს“ (იოანე 4:24). გაეცანით სტატიათა სერიას „ღმერთზე გავრცელებული სიცრუე“ და გაიგეთ, რა ტყუილს ავრცელებენ რელიგიები და როგორ შეგიძლიათ, არ მისცეთ მათ მიერ გავრცელებულ სიცრუეს თქვენი ცხოვრების მართვის უფლება.
რატომ სურს ღმერთს, იცოდეთ სიმართლე?
ღვთის სურვილია, მარადიულად იცხოვროთ! თუმცა ამისთვის საჭიროა, მის შესახებ სიმართლე იცოდეთ (1 ტიმოთე 2:4). თუ გაიგებთ, რას იწონებს ღმერთი და რას — არა, და შეეცდებით, შესაბამისად იცხოვროთ, მასთან დაახლოებას შეძლებთ (ფსალმუნი 15:1, 2). ხალხს სიმართლე რომ სცოდნოდა, ღმერთმა დედამიწაზე იესო გამოგზავნა. ამიტომ მას სურს, იესოს მოძღვრებების თანახმად ვიცხოვროთ (მათე 17:5; იოანე 18:37).
რას გააკეთებს ღმერთი, რომ სიცრუე აღარავინ გაავრცელოს?
ღმერთს სძულს, ხალხი ერთმანეთს რომ ატყუებს და შეცდომაში შეჰყავთ სხვები. ის დაგვპირდა, რომ გაანადგურებს ყველას, ვინც სიცრუეს ავრცელებს (ფსალმუნი 5:6). როცა ღმერთი თავის ამ განზრახვას სისრულეში მოიყვანს, კიდევ ერთ დაპირებას შეასრულებს: „მართალთა ბაგე არასოდეს მოისპობა“ (იგავები 12:19).
a „პოსტსიმართლე“ 2016 წლის სიტყვად დასახელდა (The Oxford Dictionaries).
b იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.