არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რას ამბობს ბიბლია საკვების უკმარისობაზე?

რას ამბობს ბიბლია საკვების უკმარისობაზე?

 „შიმშილის ნულოვანი დონე“. ეს ფრაზა ზუსტად ასახავს მსოფლიო ლიდერების მიზანს, რომ გადაჭრან კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა — შიმშილი მსოფლიოში a. ოდესმე დადგება ისეთი დრო, როცა აღარავინ იშიმშილებს? რას ამბობს ბიბლია?

წინასწარმეტყველება საკვების უკმარისობაზე

 ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენს დროში, რომელსაც „ბოლო დღეები“ ეწოდება, საკვების დეფიციტი იქნებოდა (2 ტიმოთე 3:1). მართალია, ღმერთს არ გამოუწვევია ეს პრობლემა, მაგრამ წინასწარ გაგვაფრთხილა ამის შესახებ (იაკობი 1:13). განვიხილოთ ორი ბიბლიური წინასწარმეტყველება.

 „იქნება საკვების უკმარისობა . . . ხან ერთ და ხან მეორე ადგილას“ (მათე 24:7). ამ ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან აშკარად იკვეთება, რომ საკვების დეფიციტი გლობალურ სახეს მიიღებდა. სურსათის კონტროლის სააგენტოების ერთობლივ ნაშრომში აღნიშნულია: „არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომ მსოფლიოში შიმშილი დასრულდეს და ხალხს ჯანსაღი და საკმარისი საკვები ჰქონდეს, წინსვლა არ გვაქვს“ b. მთელ მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ვერ იღებს საკმარის საკვებს და, სამწუხაროდ, უამრავი მათგანი შიმშილით კვდება.

 „გავიხედე და შავი ცხენი დავინახე. მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა“ (გამოცხადება 6:5). ამ წინასწარმეტყველებაში სიმბოლური ცხენი და მისი მხედარი „ბოლო დღეებში“ არსებულ შიმშილს მოასწავებს c. მხედარს ხელში სასწორი უჭირავს საკვები მარაგის ასაწონად. ის ხმამაღლა გაიძახის, რომ საკვები გაძვირდა და ხალხს აფრთხილებს, რომ გამოიზოგონ ის (გამოცხადება 6:6). ეს წინასწარმეტყველება ზუსტად ასახავს მსოფლიოში არსებულ სასურსათო კრიზისს, რადგან დღეს მილიარდობით ადამიანს ხელი არ მიუწვდება ჯანსაღ საკვებზე ან უბრალოდ ვერ ყიდულობს მას.

როგორ გადაიჭრება შიმშილობის პრობლემა

 ექსპერტების აზრით, დედამიწა საკმარისზე მეტ საკვებს აწარმოებს, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი იკვებებოდეს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რატომ ვდგავართ ამ პრობლემის წინაშე? რას ამბობს ბიბლია ჩვენს შემოქმედზე, იეჰოვაზე, d ვინც შიმშილობას აღმოფხვრის?

 პრობლემა: ხელისუფლებებს არ შესწევთ ძალა, აღმოფხვრან შიმშილის გამომწვევი მიზეზები — სიღარიბე და ეკონომიკური უთანასწორობა.

 გამოსავალი: ადამიანთა მთავრობებს ერთი სრულყოფილი ხელისუფლება, ღვთის სამეფო, ჩაანაცვლებს (დანიელი 2:44; მათე 6:10). დღეს ბევრი ადამიანი სიღარიბის გამო ვერ ყიდულობს საკვებს, თუმცა ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ეს პრობლემა აღარ იარსებებს. ბიბლიაში ამ სამეფოს მეფეზე, იესო ქრისტეზე, ნათქვამია: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, საწყალსა და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. უხვად იქნება მარცვლეული დედამიწაზე, მთის მწვერვალებზეც უხვად იქნება“ (ფსალმუნი 72:12, 16).

 პრობლემა: ომები ნგრევას და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს, რის გამოც მოსახლეობამდე საკვების მიწოდება იზღუდება ან ჩერდება.

 გამოსავალი: „[იეჰოვა] წყვეტს ომებს მთელ დედამიწაზე, მშვილდს ლეწავს და შუბს ამტვრევს, ცეცხლში ბუგავს საომარ ეტლებს“ (ფსალმუნი 46:9). ღმერთი გაანადგურებს საბრძოლო იარაღებს და იმ ხალხს, ვინც ომებს იწვევს. შედეგად, მშვიდობიან გარემოში არავის გაუჭირდება საკვების შოვნა. ბიბლია გვპირდება: „გაიხარებს მართალი და იმეფებს მშვიდობა“ (ფსალმუნი 72:7).

 პრობლემა: ბუნებრივი კატაკლიზმები ანადგურებს მოსავალს და საქონელს.

 გამოსავალი: ღმერთი გააკონტროლებს სტიქიურ მოვლენებს და შესაფერის გარემოს შექმნის ჯანსაღი საკვების წარმოებისთვის. ბიბლიაში წერია: „[იეჰოვა] აცხრობს ქარიშხალს და წყნარდებიან ზღვის ტალღები. უდაბნოს ლერწმიან ტბორად აქცევს და უწყლო მიწას — წყაროებად. იქ ასახლებს მშივრებს . . . თესავენ ხორბალს და ყრიან ვაზს; იღებენ უხვ მოსავალს“ (ფსალმუნი 107:29, 35—37).

 პრობლემა: ხარბი და კორუმპირებული ადამიანები ხელს უწყობენ სახიფათო საკვების წარმოებას ან ხელს უშლიან საკვების განაწილებას.

 გამოსავალი: ღვთის სამეფო გაანადგურებს უპატიოსნო და კორუმპირებულ ადამიანებს (ფსალმუნი 37:10, 11; ესაია 61:8). ბიბლია იეჰოვას ისეთ ღმერთად აღწერს, „ვინც სამართალს უჩენს ჩაგრულს და აპურებს მშიერს“ (ფსალმუნი 146:7).

 პრობლემა: ყოველწლიურად მსოფლიოში საკვები მარაგის მესამედი იყრება ან იკარგება.

 გამოსავალი: ღვთის სამეფოს მმართველობის დროს საკვები მარაგის სწორად განკარგვა მოხდება. დედამიწაზე ყოფნის დროს იესო ერიდებოდა საკვების გადაყრას. მაგალითად, მან ერთხელ 5 000-ზე მეტი ადამიანი სასწაულებრივად დააპურა, რის შემდეგაც იესომ მოწაფეებს ასეთი მითითება მისცა: „შეაგროვეთ დარჩენილი ნატეხები, რომ არაფერი გადაიყაროს!“ (იოანე 6:5—13).

 ღვთის სამეფო ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს ადამიანთა შიმშილობას და ყველას ექნება შესაძლებლობა, ისიამოვნოს უხვი ჯანსაღი საკვებით (ესაია 25:6). წაიკითხეთ სტატია „როდის დაიწყებს ღვთის სამეფო დედამიწაზე მმართველობას?“ და გაიგეთ, როდის აღმოიფხვრება შიმშილობის პრობლემა დედამიწაზე.

a 2030 წლის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი, რომელიც 2015 წელს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ შემუშავდა.

b გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის, გაეროს ბავშვთა დახმარების ფონდის, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის და ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი ანგარიში.

c დამატებითი ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია „რას განასახიერებს ოთხი მხედარი?“.

d იეჰოვა ღვთის სახელია (ფსალმუნი 83:18). იხილეთ სტატია „ვინ არის იეჰოვა?“.