რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ საკვები უსაფრთხო და ჯანსაღი იყოს?
სულერთია, რას ვჭამთ?
თქვენი ჯანმრთელობა, გარკვეულწილად, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიირთმევთ. თუკი დაიცავთ საკვების უსაფრთხოების წესებს და შეადგენთ ჯანსაღი კვების რაციონს, ამით გაიუმჯობესებთ ჯანმრთელობას. თუ არ იზრუნებთ საკვების უსაფრთხოებაზე და არ გამოიკვებებით ჯანსაღად, ეს, დროთა განმავლობაში, ისევე ცუდ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორც მდარე საწვავი — მანქანაზე (გალატელები 6:7).
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ინფორმაციით, მსოფლიოს ყველა ქვეყანა, ამა თუ იმ ფორმით, არაჯანსაღი ან არასაკმარისი კვებით გამოწვეული პრობლემების პირისპირ დგას — ზოგი ქვეყანა საკვების უკმარისობას განიცდის, ზოგიც კი არაჯანსაღი კვებით გამოწვეულ პრობლემებს, ჭარბ წონასა და სიმსუქნეს, ებრძვის. არაჯანსაღი საჭმელ-სასმლის ხშირად მიღება ზრდის გულსისხლძარღვთა დაავადებების, ინსულტის, დიაბეტისა და ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარების რისკს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მხოლოდ 2017 წელს კვებასთან დაკავშირებული პრობლემები 11 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ჯანმოს განცხადებით, დღეში ათასზე მეტი ადამიანი კვდება, წლის მანძილზე კი ასობით მილიონი ადამიანი ავადდება დაბინძურებული საკვებით.
ეს ხელწამოსაკრავი საკითხი ნამდვილად არაა. რატომ? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ღმერთია „სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია, რომლისთვისაც მადლიერებას გამოვავლენთ, თუკი ვიზრუნებთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. მოდი ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება.
ოთხი რჩევა, საკვები რომ უსაფრთხო იყოს
1. დაიცავით ჰიგიენის ნორმები.
რატომ არის მნიშვნელოვანი? სახიფათო მიკრობებით a დაბინძურებულ წყალსა თუ საკვებს თქვენი დაავადება შეუძლია.
ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ:
სანამ საჭმლის მომზადებას შეუდგებით, ხელები საპნითა და წყლით დაიბანეთ. b ხელის ყველა ნაწილი (ხელისგულები, მტევნის ზურგი, თითებს შორის და ფრჩხილებს ქვემოთ ადგილები), სულ მცირე, 20 წამის მანძილზე დაიბანეთ. ჩამოიბანეთ ქაფი და კარგად გაიშრეთ ხელები.
საჭრელი დაფები, თეფშები და სამზარეულოს ინვენტარი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გარეცხეთ. ნუ გამოიყენებთ ერთსა და იმავე დაფას თერმულად დასამუშავებელი და ნედლი პროდუქტების დასაჭრელად.
გარეცხეთ ხილ-ბოსტნეული. გამოიყენეთ საკვები პროდუქტებისთვის განკუთვნილი სადეზინფექციო ხსნარი, თუკი თქვენს მხარეში მოსავლის სარწყავად ფეკალური ნარჩენებით დაბინძურებულ წყალს მოიხმარენ.
2. განაცალკევეთ ნედლი და თერმულად დამუშავებული პროდუქტები.
რატომ არის მნიშვნელოვანი? უმ ხორცსა თუ სხვა ნედლ პროდუქტებში არსებულმა მიკრობებმა შეიძლება სხვა სახის პროდუქტებიც დააბინძურონ.
ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ:
ნედლ პროდუქტებს, განსაკუთრებით უმ ხორცს, სხვა პროდუქტებთან ერთად ნუ მოათავსებთ — ნურც გზაში, სანამ სახლში მიიტანთ, და ნურც სახლში.
უმი ხორცის დამუშავების შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები, გარეცხეთ დანა და საჭრელი დაფა, სანამ სხვა პროდუქტების დამუშავებაზე გადახვალთ.
3. დარწმუნდით, რომ პროდუქტი სათანადო ტემპერატურაზე მოამზადეთ.
რატომ არის მნიშვნელოვანი? ზოგი პროდუქტის შემცველობაში არსებული სახიფათო მიკრობები მხოლოდ განსაზღვრულ ტემპერატურაზე იხოცებიან.
ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ:
საკვები მაღალ ტემპერატურაზე მოამზადეთ. პროდუქტში, მათ შორის, ხორცში, ტემპერატურამ 70°С-ს უნდა მიაღწიოს და ეს ტემპერატურა მინიმუმ 30 წამის მანძილზე შენარჩუნდეს.
ადუღებამდე მიიყვანეთ წვნიანი კერძები.
მომზადებული საკვები გაცხელებისას ადუღებამდე მიიყვანეთ.
4. შეინახეთ საკვები სათანადო ტემპერატურაზე.
რატომ არის მნიშვნელოვანი? თუ მომზადებულ საკვებს 5°С —60°С ტემპერატურაზე 20 წუთის მანძილზე დატოვებთ, მასში ბაქტერიების რაოდენობა გაორმაგდება. უფრო მეტიც, თუ უმ ხორცს სათანადო ტემპერატურაზე არ შეინახავთ, შეიძლება ზოგმა ბაქტერიამ ისეთი ტოქსინები გამოყოს, რომელთა გაუვნებელყოფაც თერმული დამუშავების დროსაც კი ვერ მოხერხდება.
ჯანდაცვის მუშაკები გვირჩევენ:
მომზადებულ საკვებს ნელთბილ მდგომარეობაში ნუ დატოვებთ; ის უნდა იყოს ცივი ან ცხელი, რათა თავიდან აიცილოთ მიკრობების გამრავლება.
ნუ დატოვებთ საკვებს ოთახის ტემპერატურაზე ორ საათზე მეტ ხანს, ხოლო, თუკი ტემპერატურა 32°С-ს აღემატება — ერთ საათზე მეტ ხანს.
მომზადებული კერძი სუფრაზე ცხლად გაიტანეთ.
სამი რჩევა, ჯანსაღად რომ ვიკვებოთ
1. ყოველდღიურად მიირთვით ხილ-ბოსტნეული.
ხილ-ბოსტნეული ადამიანისთვის საჭირო ვიტამინებისა და სხვადასხვა მაკრო თუ მიკროელემენტების ერთგვარი საბადოა. ჯანმოს რეკომენდაციით, ადამიანს ყოველდღიურად ხილ-ბოსტნეულის ხუთი ულუფა სჭირდება. რა თქმა უნდა, ამაში არ შედის სახამებლის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტები, მაგალითად, როგორიცაა კარტოფილი.
2. მიიღეთ ნაკლები ცხიმი.
ჯანმო გვირჩევს, რომ შევზღუდოთ შემწვარი, მზა და გადამუშავებული პროდუქტების მიღება, რომლებიც, როგორც წესი, ჭარბი რაოდენობით არაჯანსაღ ცხიმებს შეიცავენ. როცა შესაძლებელია, საჭმლის მომზადებისას უჯერი მცენარეული ზეთი გამოიყენეთ. c ასეთი ზეთი ბევრად უსაფრთხოა, ვიდრე ნაჯერი ცხიმები.
3. შეზღუდეთ შაქრისა და მარილის მოხმარება.
ჯანმოს რეკომენდაციით, ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში მარილის დღიური ნორმა არ უნდა აჭარბებდეს ერთ ჩაის კოვზს, ხოლო, რაც შეეხება თავისუფალ შაქრებს, d მათი დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 12 ჩაის კოვზს. აღსანიშნავია ისიც, რომ შაქარი გადამუშავებული საკვები პროდუქტების ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტია. მაგალითად, 355 მლ. გაზიანი სასმელი 10 ჩაის კოვზამდე შაქარს შეიცავს! მართალია, ასეთი სასმელები მაღალკალორიულია, მაგრამ მათ ძალიან მცირე ან არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ.
ბიბლიაში ვკითხულობთ: „წინდახედული ხედავს საფრთხეს და იმალება, გამოუცდელი კი ჯიქურ მიდის და სასჯელს იტეხს თავს“ (იგავები 22:3). თუკი წინდახედულობას გამოიჩენთ და გააკონტროლებთ, რას ჭამთ, საჭიროების შემთხვევაში კი კვების ჩვევებს შეიცვლით, ამით მადლიერებას გამოავლენთ ღვთისადმი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მბოძებლისადმი.
ფართოდ გავრცელებული მცდარი შეხედულებები
მცდარი შეხედულება: საკვები უვნებელია, თუკი გამოიყურება ჯანსაღად, არ უდის სუნი და გემოც კარგი აქვს.
სინამდვილე: მართალია, 1 ლიტრი წყლის შესამღვრევად 10 მილიარდზე მეტი ბაქტერიაა საჭირო, მაგრამ 15—20 სახიფათო ბაქტერიაც კი საკმარისია საიმისოდ, რომ მოიწამლოთ. თქვენი საკვები და სასმელი უსაფრთხო რომ იყოს, მოამზადეთ, მიირთვით და შეინახეთ სათანადო ტემპერატურასა თუ პირობებში.
მცდარი შეხედულება: ბუზები არ აბინძურებენ საკვებს.
სინამდვილე: ბუზები სიბინძურეში მრავლდებიან და ხრწნადი ნივთიერებებით, მათ შორის, ექსკრემენტებით, საზრდოობენ, რის გამოც ფეხებით მილიონობით სახიფათო ბაქტერია გადააქვთ. ამიტომ, საკვებს თავი კარგად დააფარეთ, რომ მასზე ბუზები არ დასხდნენ და არ დააბინძურონ.
მცდარი შეხედულება: „იმდენი ხანია, არაჯანსაღად ვიკვებები, რომ კვების ჩვევების შეცვლა არაფერში წამადგება“.
სინამდვილე: არაერთმა კვლევამ ცხადყო, რომ თუკი ჯანსაღად კვებას დაიწყებთ, ამან შესაძლოა თავიდან აგარიდოთ ნაადრევი სიკვდილი. ჯანსაღი კვების ჩვევების განვითარება დროთა განმავლობაში დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
a მიკრობების ანუ უმცირესი მიკროორგანიზმების შეუიარაღებელი თვალით დანახვა შეუძლებელია. მათში შედის ბაქტერიები, ვირუსები თუ პარაზიტები. არსებობს სასარგებლო მიკრობებიც, თუმცა სახიფათო მიკრობებმა შეიძლება დაავადებები ან სიკვდილიც კი გამოიწვიონ.
b საპნიან წყალს უფრო მეტი მიკრობის მოშორება შეუძლია, ვიდრე მხოლოდ წყალს.
c უჯერი ცხიმი ოთახის ტემპერატურაზე თხევად მდგომარეობას ინარჩუნებს.
d „თავისუფალ შაქრებს“ შეიცავს თეთრი შაქარი, თაფლი, სიროფი და წვენები. ეს ტერმინი არ გულისხმობს ბუნებრივი წარმოშობის შაქრებს, რომელთაც ვხვდებით ხილ-ბოსტნეულსა თუ რძეში.