იფხიზლეთ!
რუსეთ-უკრაინის ომი — რა პოზიცია აქვს რელიგიას და რას ამბობს ბიბლია
ბოლო პერიოდში ახალ ამბებში არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმის შესახებ, თუ რა პოზიცია უკავიათ ეკლესიის მეთაურებს რუსეთ-უკრაინის ომში. გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს:
„რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ კირილეს, არ დაუგმია რუსეთის აგრესია … ეკლესია მიზანმიმართულ პროპაგანდას ეწეოდა უკრაინის წინააღმდეგ, რამაც ნაყოფიერი ნიადაგი შექმნა საიმისოდ, რომ პუტინს გაემართლებინა წამოწყებული ომი“ (EUobserver, 7 მარტი, 2022).
„პატრიარქმა კირილემ გაამართლა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში და მას ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლა უწოდა“ (AP News, 8 მარტი, 2022).
„კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ ორშაბათს დალოცა თავისი მრევლი და მოუწოდა მათ, შებრძოლებოდნენ რუს ოკუპანტებს. მან ისიც აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცების მოკვლა ცოდვად არ ჩაეთვლებათ“ (Jerusalem Post, 16 მარტი, 2022).
„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინის სამხედრო ძალებს და ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის. ღმერთმა აკურთხოს ისინი აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ვლოცულობთ მათთვის“ (უკრაინის ეკლესიათა და რელიგიური ორგანიზაციების საბჭო, a 24 თებერვალი, 2022).
თქვენი აზრით, რელიგიები, რომლებიც თავს ქრისტეს მიმდევრებს უწოდებენ, უნდა მოუწოდებდნენ მრევლს ომში მონაწილეობისკენ? გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე.
რა როლს ასრულებდა ოდითგანვე რელიგია ომებში?
ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ ერთი შეხედვით, რელიგიები მშვიდობას ქადაგებდნენ, თუმცა, იმავდროულად, იწყნარებდნენ და ამართლებდნენ ომს და აქეზებდნენ კიდეც მრევლს ბრძოლებში მონაწილეობისკენ. ათწლეულებია, იეჰოვას მოწმეები ამხელენ ამგვარ რელიგიურ თვალთმაქცობას. ქვემოთ მოცემულია ამ თემაზე ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სტატიები.
იხილეთ სტატია „ჯვაროსნული ლაშქრობები — სრული ილუზია“ (ინგლ.), საიდანაც გაიგებთ, რომ ღვთისა და ქრისტეს სახელით მოწყობილ მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებლობა რომის კათოლიკურ ეკლესიას ეკისრება.
იხილეთ სტატია „კათოლიკური ეკლესია აფრიკაში“ (ინგლ.), საიდანაც გაიგებთ, როგორი უძლური აღმოჩნდა ეკლესია ტომობრივი დაპირისპირებებისა და გენოციდის დროს.
იხილეთ სტატიები „რელიგიაა დამნაშავე ომებში?“, „რელიგიის როლი საომარ დაპირისპირებებში“ (ინგლ.) და „სხვადასხვა მხარეს მდგომი რელიგიები“ (ინგლ.), საიდანაც გაიგებთ, როგორ უჭერდნენ მხარს დაპირისპირებულ მხარეებს კათოლიკური, მართლმადიდებლური და პროტესტანტული ეკლესიების სამღვდელოება.
უნდა უჭერდნენ მხარს ომებს ქრისტიანული რელიგიები?
რა გვასწავლა იესომ: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათე 22:39); „გიყვარდეთ თქვენი მტრები“ (მათე 5:44—47).
დაფიქრდით: შეიძლება ითქვას, რომ რელიგიები იცავენ იესოს ამ მითითებებს, თუ მრევლს სისხლის ღვრისკენ მოუწოდებენ?! იხილეთ სტატიები „რა დამოკიდებულება აქვთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს ომების მიმართ?“ (ინგლ.) და „შესაძლებელია მტრების სიყვარული?“.
რა თქვა იესომ: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის. ამ ქვეყნიერების ნაწილი რომ ყოფილიყო, ჩემი მსახურები იბრძოლებდნენ, რომ იუდეველებს არ ჩავვარდნოდი ხელში“ (იოანე 18:36); „მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება!“ (მათე 26:47—52).
დაფიქრდით: თუ ქრისტიანებს იესოს დასაცავადაც არ უნდა ებრძოლათ, სხვა რა მიზეზი უნდა არსებობდეს იარაღის ხელში ასაღებად?! წაიკითხეთ სტატია „შეიძლება იომოს ქრისტიანმა?“ და გაიგეთ, როგორ მიჰყვებოდნენ იესოს პირველი მიმდევრები მის მითითებას.
რა ელით იმ რელიგიებს, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებს უჭერენ მხარს?
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთისთვის მიუღებელია ის რელიგიები, რომლებიც ქრისტეს სახელს არიან ამოფარებულნი, მაგრამ სინამდვილეში არ მიჰყვებიან მის მითითებებს (მათე 7:21—23; ტიტე 1:16).
ბიბლიის წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ „დედამიწაზე … ყველა მოკლულის სისხლის“ გამო პასუხისმგებლობას ღმერთი ამ რელიგიებს აკისრებს (გამოცხადება 18:21, 24). იმის გასაგებად, თუ რა არის ამის მიზეზი, წაიკითხეთ სტატია «რა არის „დიდი ბაბილონი“?».
იესომ აღნიშნა, რომ როგორც უნაყოფო „ხეს ჭრიან და ცეცხლში აგდებენ“, ისე გაანადგურებს ღმერთი ბოროტი საქმეების გამო მისთვის მიუღებელ რელიგიებს (მათე 7:15—20). წაიკითხეთ სტატია „ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“ და გაიგეთ, როგორ გააკეთებს ღმერთი ამას.
ფოტო, მარცხნივ: Photo by Sefa Karacan/Anadolu Agency/Getty Images; მარჯვნივ: Maxym Marusenko/NurPhoto via Getty Images
a ამ საბჭოში გაერთიანებულია სხვადასხვა დენომინაციისა და რელიგიის 15 ასოციაცია, მათ შორის მართლმადიდებლური, საბერძნეთისა და რომის კათოლიკური, პროტესტანტული, ევანგელისტური, იუდაური და მუსულმანური.