ნაწილი 1
ბედნიერი ქორწინების წყარო ღმერთია
„შემოქმედმა დასაწყისში კაცი და ქალი შექმნა“ (მათე 19:4).
ქორწინებას დასაბამი იეჰოვა a ღმერთმა მისცა. ბიბლია მოგვითხრობს, რომ პირველი ქალი შემოქმედმა შექმნა და ის „კაცს მიუყვანა“. ამან პირველი კაცი ადამი იმდენად აღაფრთოვანა, რომ ეს სიტყვები წარმოთქვა: „აი, ესაა ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი“ (დაბადება 2:22, 23). იეჰოვას დღესაც სურს, რომ ცოლ-ქმარი ბედნიერი იყოს.
როცა ოჯახი შექმენით, ალბათ ფიქრობდით, რომ ყველაფერი კარგად აგეწყობოდათ. თუმცა ცხოვრებისეული რეალობა ასეთია — მოსიყვარულე ცოლ-ქმარიც კი არაა დაზღვეული პრობლემებისგან (1 კორინთელები 7:28). ამ ბროშურაში გაეცნობით ბიბლიურ პრინციპებს, რომელთა გამოყენებაც თქვენს ოჯახს ბედნიერებას მოუტანს (ფსალმუნი 19:8—11).
1. გაითავისეთ ღვთის მიერ ბოძებული როლი
ბიბლიის თვალსაზრისი: ქმარი ოჯახის თავია (ეფესოელები 5:23).
ღმერთი ქმრისგან მოელის, რომ სიყვარულით იზრუნებს ცოლზე (1 პეტრე 3:7). ღმერთმა ცოლი ქმრის შემავსებლად შექმნა და სურს, რომ ქმარი მას პატივისცემითა და სიყვარულით ეპყრობოდეს (დაბადება 2:18). ქმარს სიყვარული უნდა აღძრავდეს, რომ ცოლის ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს (ეფესოელები 5:25—29).
ღმერთი ცოლისგან მოელის, რომ ქმარს დიდი პატივისცემით მოეკიდება; ასე გაუადვილებს მეუღლეს ოჯახში თავისი როლის ღირსეულად შესრულებას (1 კორინთელები 11:3; ეფესოელები 5:33). მხარი დაუჭირეთ მეუღლის გადაწყვეტილებებს და გვერდში ამოუდექით (კოლოსელები 3:18). თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ამას თქვენი ქმარიც დაგიფასებთ და იეჰოვა ღმერთიც (1 პეტრე 3:1—6).
როგორ უნდა მოიქცეთ:
-
ჰკითხეთ თქვენს მეუღლეს, რა ცვლილებების დანახვას ისურვებდა თქვენში. გულისყურით მოუსმინეთ და ყველანაირად ეცადეთ, რომ გაუმჯობესდეთ.
-
იყავით მომთმენი. დროა საჭირო იმის სასწავლად, რა უნდა გააკეთოთ ერთმანეთის ბედნიერებისთვის.
2. გაუფრთხილდით ერთმანეთის გრძნობებს
ბიბლიის თვალსაზრისი: იზრუნეთ მეუღლის კეთილდღეობაზე (ფილიპელები 2:3, 4). სათუთად მოეპყარით თქვენს მეუღლეს; გახსოვდეთ, ღმერთი თავისი მსახურებისგან მოელის, რომ ყველასთან თავაზიანები იქნებიან (2 ტიმოთე 2:24). ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა, ბრძენის ენა კი — მკურნალივით“. ასე რომ, დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ სიტყვები (იგავები 12:18). ღმერთი თავისი სულით დაგეხმარებათ, რომ თქვენს სიტყვებში სიკეთე და სიყვარული ჩანდეს (გალატელები 5:22, 23; კოლოსელები 4:6).
როგორ უნდა მოიქცეთ:
-
ვიდრე მეუღლეს სერიოზულ საკითხზე დაელაპარაკებით, ილოცეთ, რომ სიმშვიდე და გონიერება შეინარჩუნოთ.
-
კარგად დაფიქრდით, რას და როგორ იტყვით.
3. თქვენ ერთი გუნდი ხართ
ბიბლიის თვალსაზრისი: დაქორწინების შემდეგ თქვენ და თქვენი მეუღლე „ერთი ხორცი“ გახდით (მათე 19:5). მიუხედავად ამისა, თქვენ ორი განსხვავებული ადამიანი ხართ, შესაბამისად ყველაფერზე ერთი აზრი ვერ გექნებათ. აქედან გამომდინარე, იმის სწავლა მოგიწევთ, როგორ გახდეთ „ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი“ (ფილიპელები 2:2). გადაწყვეტილებების მიღებისას ერთსულოვნება უაღრესად მნიშვნელოვანია. ბიბლიაში ნათქვამია: „რჩევის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 20:18). მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ ბიბლიური პრინციპებით (იგავები 8:32, 33).
როგორ უნდა მოიქცეთ:
-
მხოლოდ საკუთარი აზრების დაფიქსირებითა და მშრალი საუბრებით ნუ შემოიფარგლებით; თქვენი გრძნობებიც გაუზიარეთ მეუღლეს.
-
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მას შეუთანხმდით.
a ბიბლიის თანახმად, იეჰოვა ღვთის სახელია.