მოთხრობა 67
იერუსალიმის გალავანი
მოდი რამდენიმე წლით უკან გადავინაცვლოთ. იუდეველი ნეემია, რომელიც მეფე არტაქსერქსეს მსახური იყო, სპარსეთის ერთ-ერთ ქალაქში, შუშანში ცხოვრობდა. ნეემიას თავისმა ძმამ ცუდი ამბავი ჩაუტანა იუდადან. მან უთხრა, რომ იერუსალიმში დაბრუნებული ხალხი საფრთხეში იყო; ქალაქის კედლები და კარიბჭე, რომლებიც ბაბილონელებმა გაანადგურეს, ჯერ კიდევ არ იყო აღდგენილი. ამის მოსმენაზე ნეემია ძალიან დანაღვლიანდა. მას უნდოდა, ისრაელების დასახმარებლად იერუსალიმში ჩასულიყო. ამიტომ ილოცა, რომ მეფეს წასვლის ნება მიეცა მისთვის.
მეფემ შენიშნა, რომ ნეემია მოწყენილი იყო და ჰკითხა: ასეთი მოწყენილი არასოდეს ყოფილხარ. რაშია საქმე, რა დაგემართა? ნეემიამ მიუგო: როგორ არ ვიქნები, მეფეო, მოწყენილი; ჩემი ქალაქი, იერუსალიმი, ნანგრევებად არის ქცეული. მეფემ ჰკითხა მას: მითხარი, რაში დაგეხმარო. ნეემიამ მაშინვე გულში ილოცა და უთხრა: გთხოვ, გამიშვი იერუსალიმში, რომ ავაშენო ქალაქის კედლები. მეფე არტაქსერქსემ ნეემიას წასვლის ნება მისცა და იმაზეც იზრუნა, რომ უსაფრთხოდ ჩასულიყო იერუსალიმში. გარდა ამისა, მეფემ ნეემია იუდას გამგებლად დანიშნა და ხის მასალა გაატანა ქალაქის კარიბჭის აღსადგენად.
როდესაც ნეემია იერუსალიმში ჩავიდა, ქალაქის კედლები დაათვალიერა. შემდეგ შეკრიბა მღვდლები და მთავრები და უთხრა მათ: აქაურობა საშინელ დღეშია. ჩვენ ახლიდან უნდა ავაშენოთ გალავანი. ხალხიც დათანხმდა და დაიწყეს გალავნის აღდგენა.
ისრაელის მტრები დასცინოდნენ მათ და ეუბნებოდნენ, თქვენ აშენებულ გალავანს მელაც კი დაანგრევსო. მაგრამ იუდეველები ყურადღებას არ აქცევდნენ მათ ლაპარაკს და მყარ და მაღალ გალავანს აშენებდნენ.
მტრებმა სხვა ხერხს მიმართეს. მათ გადაწყვიტეს, მოულოდნელად თავს დასხმოდნენ იერუსალიმს. იუდეველებმა შეიტყვეს ეს ამბავი და ძალიან შეეშინდათ. მაგრამ ნეემიამ უთხრა მათ: ნუ გეშინიათ. იეჰოვა ჩვენთან არის. ნეემიამ მშენებელთა დასაცავად მცველები დააყენა. ამიტომ მტერმა ვეღარ შეძლო მათზე თავდასხმა.
სულ რაღაც 52 დღეში გალავნისა და კარიბჭეების მშენებლობა დასრულდა. ნეემიამ ამ მოვლენის აღსანიშნავად ყველა ლევიანი იერუსალიმში შეკრიბა. მათგან მგალობელთა ორი გუნდი შექმნა. ისინი კიბეებით ავიდნენ წყაროს კარიბჭესთან და იქიდან საპირისპირო მიმართულებით წავიდნენ, რომ ქალაქისთვის შემოევლოთ. ლევიანები საყვირებზე, წინწილებსა და ქნარებზე უკრავდნენ და იეჰოვას ადიდებდნენ სიმღერით. მომღერალთა ერთ გუნდს ეზრა გაჰყვა, მეორეს კი — ნეემია. ბოლოს ისინი ტაძართან შეხვდნენ ერთმანეთს. მთელმა ხალხმა მსხვერპლი შესწირა იეჰოვას და დიდი ზეიმი გამართა. მათი მხიარული შეძახილები მთელ არემარეს ესმოდა.
„არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ესაია 54:17)