მოთხრობა 101
პავლე რომში გაგზავნეს
პავლეს მესამე სამქადაგებლო მოგზაურობა იერუსალიმში დასრულდა. იქ ის დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. ღამით პავლეს ხილვაში იესო ეჩვენა, რომელმაც უთხრა: შენ რომშიც იქადაგებ ჩემ შესახებ. პავლე იერუსალიმიდან კესარეაში წაიყვანეს, სადაც ორი წელი გაატარა ციხეში. თავის სასამართლო პროცესზე პავლემ გამგებელ ფესტუსს უთხრა: მინდა, რომ კეისარმა გამასამართლოს რომში. ფესტუსმა უპასუხა: კი ბატონო, კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ! პავლე რომში მიმავალ გემში ჩასვეს. მას თან გაჰყვა ორი თანაქრისტიანი — ლუკა და არისტარქე.
შუა ზღვაში რომ იყვნენ, საშინელი ქარი ამოვარდა. ქარიშხალი რამდენიმე დღე გაგრძელდა. გადარჩენის იმედი აღარავის ჰქონდა. მაგრამ პავლემ იქ მყოფებს უთხრა: ხალხნო, ანგელოზი მეჩვენა სიზმარში და მითხრა: „ნუ გეშინია, პავლე. შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე და ღმერთმა ყველა შენი თანამგზავრი გაჩუქა“. პავლემ დაამშვიდა ისინი: ნუ გეშინიათ, არცერთი ჩვენგანი არ მოკვდება!
ქარიშხალი 14 დღეს მძვინვარებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ხმელეთი გამოჩნდა. ეს იყო კუნძული მალტა. უცებ ნაპირისკენ მიმავალი გემი მეჩეჩზე შეჯდა და ნაწილებად დაიმსხვრა, მაგრამ გემზე მყოფი 276-ვე ადამიანი გადარჩა და უსაფრთხოდ გავიდა ნაპირზე; ზოგმა გაცურა, ზოგი კი გემის ნამსხვრევებს ჩაეჭიდა და ისე მიაღწია ხმელეთამდე. იქაურებმა ცეცხლი დაუნთეს გადარჩენილებს, რომ გამთბარიყვნენ; გარდა ამისა, მათ სხვა მხრივაც იზრუნეს მათზე.
სამი თვის შემდეგ ჯარისკაცებმა პავლე სხვა გემით წაიყვანეს რომში. იქ მას ადგილობრივი ძმები დახვდნენ. მათი ნახვის შემდეგ პავლე ძალიან გამხნევდა და იეჰოვას მადლობა გადაუხადა. მართალია, პავლე პატიმარი იყო, მაგრამ მას ნება დართეს, რომ ნაქირავებ სახლში ეცხოვრა ჯარისკაცის მეთვალყურეობის ქვეშ. ის იმ სახლში ორი წელი დარჩა. ხალხი იქ მიდიოდა პავლეს სანახავად. ის მათ ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა და იესოს შესახებ ასწავლიდა. იქ ყოფნისას მან აგრეთვე რამდენიმე წერილი მისწერა მცირე აზიისა და იუდეის კრებებს. იეჰოვამ საუკეთესოდ გამოიყენა პავლე სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად.
„ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ — ბევრის მოთმენით, გასაჭირით, ხელმოკლეობით, სიძნელეებით“ (2 კორინთელები 6:4)