მოთხრობა 102
იოანეს გამოცხადება
მოციქული იოანე დააპატიმრეს და კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს. იქ ყოფნის დროს იესომ მას აჩვენა 16 ხილვა იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მომავალში უნდა მომხდარიყო. ამ ხილვებში ასახული იყო ის, თუ როგორ განიწმინდებოდა იეჰოვას სახელი, როგორ მოვიდოდა მისი სამეფო და როგორ შესრულდებოდა მისი ნება ზეცაშიც და დედამიწაზეც.
ერთ ასეთ ხილვაში იოანე დიდებულ ტახტზე მჯდომ იეჰოვას ხედავს. მის ირგვლივ 24 უხუცესია, რომლებიც თეთრ ტანსაცმელში არიან შემოსილნი. მათ თავზე ოქროს გვირგვინები ადგათ. 24 უხუცესი იეჰოვას წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს მას. სხვა ხილვაში იოანე ხედავს უამრავ ხალხს ყველა ერიდან, რომლებიც იეჰოვას სცემენ თაყვანს. კრავი ანუ იესო მწყემსავს მათ და მიჰყავს სიცოცხლის წყლებისკენ. კიდევ ერთ ხილვაში იესო იწყებს მეფობას ზეცაში 24 უხუცესთან ერთად. მომდევნო ხილვაში იოანე ხედავს, როგორ ებრძვის იესო დრაკონს ანუ სატანას და აგრეთვე მის დემონებს. იესო მათ ზეციდან დედამიწაზე ყრის.
შემდეგ იოანე ძალიან ლამაზ სურათს ხედავს: კრავი და დედამიწიდან არჩეული 144 000 ადამიანი სიონის მთაზე დგანან. ის აგრეთვე ხედავს ანგელოზს, რომელიც დედამიწის გარშემო დაფრინავს და ხალხს ეუბნება, რომ ეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგონ მას.
შემდეგ ხილვაში არმაგედონის ომია ასახული. ბრძოლაში იესო და მისი ლაშქარი ანადგურებენ სატანის ბოროტ მმართველობას. მომდევნო ხილვაში კი იოანე ხედავს, თუ როგორი ჰარმონიაა ზეცაში და დედამიწაზე. იეჰოვა ანადგურებს სატანასა და მის შთამომავლობას. ყველა, ზეცაში თუ დედამიწაზე, წმინდად მიიჩნევს იეჰოვას სახელს და მხოლოდ მას სცემს თაყვანს.
„მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს, შენ კი ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15)