მოთხრობა 11
რწმენის გამოცდა
აბრაამმა თავის ვაჟს, ისაკს ასწავლა, რომ ჰყვარებოდა იეჰოვა და ერწმუნა მისი ყველა დანაპირები. მაგრამ ერთხელ, როდესაც ისაკი დაახლოებით 25 წლის იყო, იეჰოვამ აბრაამს ძალიან რთული დავალება მისცა. გაინტერესებს, რა იყო ეს?
ღმერთმა უთხრა აბრაამს: გთხოვ, წაიყვანე შენი ვაჟი და ადი მორიას მთაზე. იქ მსხვერპლად შემომწირე ის. აბრაამს არ ესმოდა, რატომ დაავალა ღმერთმა ეს, მაგრამ უარი არ უთქვამს ამ დავალების შესრულებაზე.
მეორე დღეს აბრაამი დილით ადრე ადგა, მოჰკიდა ხელი ისაკს და მორიას მთისკენ გაემართა. თან ორი მსახურიც გაიყოლა. სამი დღე იარეს და ბოლოს მორიას მთაც გამოჩნდა. აბრაამმა უთხრა მსახურებს: თქვენ აქ დაგველოდეთ. მე და ისაკი ავალთ მთაზე და მსხვერპლს შევწირავთ. შემდეგ მან ისაკს უთხრა შეშა წამოეღო, თვითონ კი დანა აიღო და ორივენი გაუყვნენ მთისკენ მიმავალ გზას. ისაკმა ჰკითხა მამას: სად არის შესაწირი მსხვერპლი? აბრაამმა უპასუხა: იეჰოვა გამოაჩენს, შვილო.
ავიდნენ მთაზე და იქ სამსხვერპლო ააგეს. აბრაამმა ისაკს ხელ-ფეხი შეუკრა და სამსხვერპლოზე დააწვინა.
როგორც კი აბრაამმა დანა აიღო, იეჰოვას ანგელოზმა დაუძახა ზეციდან: აბრაამ! ბიჭს არაფერი დაუშავო! ახლა ვიცი, რომ ნამდვილად გწამს ღმერთი, რადგან საკუთარ შვილს სწირავდი იეჰოვას. გაიხედა აბრაამმა და ბუჩქებში
რქებით გახლართული ვერძი დაინახა. სწრაფად შეხსნა ისაკს თოკები და მის მაგივრად ვერძი შესწირა ღმერთს.ამ დღის შემდეგ იეჰოვამ აბრაამს თავისი მეგობარი უწოდა. იცი რატომ? იმიტომ, რომ აბრაამმა ის გააკეთა, რაც იეჰოვას უნდოდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, რატომ სთხოვა ღმერთმა ეს.
იეჰოვამ ისევ გაუმეორა თავისი დანაპირები აბრაამს: გაკურთხებ და გავამრავლებ შენს შთამომავლობას. ეს იმას ნიშნავდა, რომ იეჰოვა ყველა კარგ ადამიანს აკურთხებდა აბრაამის ოჯახის მეშვეობით.
„ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16)