მოთხრობა 31
იესო ნავეს ძე და გაბაონელები
იერიხონის დაცემის ამბავი ქანაანში მცხოვრებმა სხვა ერებმაც გაიგეს. მათი მეფეები გაერთიანდნენ, რათა ისრაელს შებრძოლებოდნენ. თუმცა გაბაონელებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს; ჩაიცვეს ძველი, გაცვეთილი ტანსაცმელი, მივიდნენ იესო ნავეს ძესთან და უთხრეს: შორი ქვეყნიდან მოვედით. გავიგეთ, რა გააკეთა იეჰოვამ თქვენთვის ეგვიპტესა და მოაბში. პირობა მოგვეცით, რომ არაფერს დაგვიშავებთ და თქვენი მსახურები გავხდებით.
იესო ნავეს ძემ დაიჯერა მათი ნათქვამი და დაჰპირდა, რომ არ გაანადგურებდა გაბაონელებს. სამი დღის შემდეგ გაირკვა, რომ ისინი შორეული ქვეყნიდან კი არა, ქანაანიდან იყვნენ. იესო ნავეს ძემ ჰკითხა მათ: რატომ მოგვატყუეთ? მათ მიუგეს: შეგვეშინდა. ვიცით, რომ თქვენი ღმერთი იეჰოვა იბრძვის თქვენთვის. ძალიან გთხოვთ, შეგვიბრალეთ, ნუ დაგვხოცავთ. იესო ნავეს ძემ სიტყვა ვეღარ გატეხა და გაბაონელები ცოცხლები დატოვა.
ცოტა ხანში ქანაანელთა ხუთმა მეფემ ომი გამოუცხადა გაბაონს. იესო ნავეს ძემ შეკრიბა ჯარი და გაბაონელების დასახმარებლად წავიდა.
მათ მთელი ღამე ფეხით იარეს და დილით ადრე შეუტიეს ქანაანელებს. შეშინებული ქანაანელები აქეთ-იქით გარბოდნენ. ამ დროს იეჰოვამ ციდან ქვის სეტყვა მოავლინა, რომელმაც გაქცეული ქანაანელები დახოცა. ამის შემდეგ იესო ნავეს ძემ სთხოვა ღმერთს, მზე გაეჩერებინა. რატომ სთხოვა მან ღმერთს ისეთი რამ, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა? ამით მან უდიდესი ნდობა გამოავლინა იეჰოვას მიმართ. რა საოცარია, მზე არ ჩავიდა მანამ, სანამ ისრაელებმა ქანაანელთა ხუთი მეფე და მათი ჯარი ბოლომდე არ გაანადგურეს.„თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა. რაც ამაზე მეტია, ბოროტისგან არის“ (მათე 5:37)