მოთხრობა 44
იეჰოვას ტაძარი
სოლომონის გამეფების შემდეგ იეჰოვამ მას უთხრა: მთხოვე, რაც გინდა და მოგცემ. სოლომონმა უპასუხა: მე ახალგაზრდა ვარ და ბევრი რამ არ ვიცი. გთხოვ, სიბრძნე მომეცი, რომ ვიზრუნო შენს ხალხზე. იეჰოვამ უთხრა სოლომონს: რადგან ეს მთხოვე, ისეთ სიბრძნეს მოგცემ, რომ ყველაზე ბრძენი ადამიანი გახდები დედამიწაზე. ამასთანავე, დიდ სიმდიდრეს მოგცემ და თუ ჩემი მორჩილი იქნები, დიდხანსაც იცოცხლებ.
სოლომონმა ტაძრის აშენება დაიწყო. მან ამისთვის ოქრო, ვერცხლი, ხე და ქვა გამოიყენა. ტაძრის მშენებლობაზე ათასობით გამოცდილი კაცი და ქალი მუშაობდა. მშენებლობა შვიდ წელიწადში დასრულდა. ახლა ის უკვე მზად იყო, რომ იეჰოვასთვის მიეძღვნათ. ტაძარში სამსხვერპლოზე შესაწირავი დაალაგეს. სამსხვერპლოს წინ მუხლებზე დაჩოქილი სოლომონი ლოცულობდა: იეჰოვა, შენ ამაზე დიდი და ლამაზი ტაძარი შეგეფერება, მაგრამ გთხოვ, მიიღე ჩვენი თაყვანისცემა და შეისმინე ჩვენი ლოცვები. მოიწონა იეჰოვამ ტაძარი და სოლომონის ლოცვა? როგორც კი სოლომონმა ლოცვა დაასრულა, იეჰოვას ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და დაწვა სამსხვერპლოზე დალაგებული შესაწირავი. ეს იმის ნიშანი იყო, რომ იეჰოვამ მოიწონა ტაძარი. ამის დანახვაზე ისრაელებმა ძალიან გაიხარეს.
მეფე სოლომონის სიბრძნის ამბავი ისრაელის საზღვრებს გასცდა. ხალხი სოლომონთან მიდიოდა თავიანთი პრობლემების მოსაგვარებლად. შორეული ქვეყნის, საბას, დედოფალიც კი ჩავიდა მასთან, რომ რთული კითხვებით გამოეცადა ის. როდესაც მან სოლომონის პასუხები მოისმინა, თქვა: არ მჯეროდა, რასაც შენ შესახებ მეუბნებოდნენ, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ იმაზე ბრძენი ხარ, ვიდრე გაგონილი მქონდა. ვხედავ, რომ შენმა ღმერთმა, იეჰოვამ გაკურთხა. სოლომონის პერიოდში ისრაელები მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.
„აი, აქ არის სოლომონზე დიდი“ (მათე 12:42)