მოთხრობა 14
ღმერთმა გამოსცადა აბრაამი
რას აკეთებს აბრაამი ამ სურათზე? მას დანა უჭირავს და, როგორც ჩანს, თავისი შვილის მოკვლას აპირებს. რატომ იქცევა ასე? მოდი ჯერ გავიგოთ, როგორ შეეძინათ აბრაამსა და სარას ვაჟი.
გახსოვს, ღმერთი დაჰპირდა აბრაამსა და სარას, რომ ვაჟი ეყოლებოდათ? ეს შეუძლებელი ჩანდა, რადგან ისინი ძალიან მოხუცები იყვნენ. თუმცა აბრაამს სჯეროდა, რომ ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია. ვნახოთ, როგორ განვითარდა მოვლენები.
აბრაამისთვის მიცემული დაპირების შემდეგ ერთი წელი გავიდა. 100 წლის აბრაამსა და 90 წლის სარას ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ისაკი დაარქვეს. ღმერთმა შეასრულა თავისი დანაპირები!
როცა ისაკი წამოიზარდა, იეჰოვამ აბრაამის რწმენა გამოსცადა. ღმერთმა დაუძახა: ‘აბრაამ!’ ‘აქა ვარ!’ — უპასუხა მან. ღმერთმა უთხრა: ‘წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, ისაკი და წადი მთაზე, რომელზეც მიგითითებ. იქ მოკალი შენი ვაჟი და მსხვერპლად შემომწირე’.
აბრაამი დაღონდა, რადგან ძალიან უყვარდა ისაკი. გახსოვს, ღმერთი დაჰპირდა მას, რომ მისი შვილები ქანაანის მიწაზე იცხოვრებდნენ? მაგრამ როგორ შესრულდებოდა ეს, თუ ისაკი მოკვდებოდა?! აბრაამი ამას ვერ ხვდებოდა, მაგრამ მაინც დაემორჩილა ღმერთს.
როცა მთაზე ავიდა, შებოჭა ისაკი და დააწვინა სამსხვერპლოზე, რომელიც თვითონ ააგო. შემდეგ ამოიღო დანა, რომ შვილი მოეკლა. მაგრამ ამ დროს ღმერთმა ანგელოზის მეშვეობით დაუძახა: ‘აბრაამ, აბრაამ!’ ‘აქა ვარ!’ — უპასუხა აბრაამმა.
‘არაფერი დაუშავო ბიჭს, — უთხრა ღმერთმა. — ახლა ვიცი, რომ ჩემი მოშიში ხარ, რადგან არ დაგენანა ჩემთვის ერთადერთი ვაჟი’.
აბრაამს მართლა დიდი რწმენა ჰქონდა! მას სჯეროდა, რომ იეჰოვასთვის შეუძლებელი არაფერია და ისაკს ის მკვდრეთითაც კი აღადგენდა. სინამდვილეში ღმერთს არ სურდა, აბრაამს ისაკი მოეკლა, ამიტომ მას ბუჩქებში გახლართული ცხვარი დაანახვა და უთხრა, რომ ისაკის ნაცვლად ის შეეწირა.