მოთხრობა 22
იოსები ციხეში
იოსები 17 წლისა იყო, როცა ეგვიპტეში წაიყვანეს და ეგვიპტის ფარაონის მსახურს, ფოტიფარს მიჰყიდეს.
იოსები თავის ბატონს ერთგულად ემსახურებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ის ფოტიფარმა თავისი სახლის ზედამხედველად დააყენა. მაშ, რატომღაა იოსები ციხეში? ის ფოტიფარის ცოლის გამო მოხვდა იქ.
იოსები ძალიან ლამაზი კაცი იყო, ამიტომ ფოტიფარის ცოლს მასთან დაწოლა უნდოდა. იოსებმა იცოდა, რომ ეს არასწორი იყო და უარს ეუბნებოდა. ამან ფოტიფარის ცოლი ძალიან გააბრაზა. სახლში დაბრუნებულ ქმარს მან ტყუილი უთხრა: ‘ეს გარეწარი იოსები ჩემთან დაწოლას ცდილობდა!’ ფოტიფარმა ცოლს დაუჯერა და გაბრაზებულმა იოსები ციხეში ჩასვა.
ციხის ზედამხედველმა დაინახა, რომ იოსები კარგი ადამიანი იყო და ყველა პატიმარი მას ჩააბარა. ერთხელ ფარაონი განრისხდა თავის მერიქიფესა და მცხობელზე და ორივე ციხეში ჩასვა. ერთ ღამეს მერიქიფემაც და მცხობელმაც უჩვეულო სიზმრები ნახეს, რომელთა მნიშვნელობაც არ იცოდნენ. მეორე დღეს იოსებმა უთხრა მათ: ‘მომიყევით თქვენი სიზმრები’, და ღვთის დახმარებით აუხსნა ისინი.
იოსებმა მერიქიფეს უთხრა: ‘სამ დღეში გაგათავისუფლებენ და კვლავ ფარაონის მერიქიფე გახდები’, და სთხოვა: ‘როცა აქედან გახვალ, ელაპარაკე ფარაონს ჩემზე და აქედან გასვლაში დამეხმარე’. მცხობელს კი უთხრა: ‘სამ დღეში ფარაონი თავს მოგკვეთს’.
სამ დღეში ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც იოსებმა თქვა. ფარაონმა მცხობელს თავი მოჰკვეთა, მერიქიფე კი გაათავისუფლა და თავის მსახურად დანიშნა. მერიქიფეს დაავიწყდა იოსები და არაფერი უთქვამს ფარაონისთვის. იოსები კვლავაც ციხეში იყო.