მოთხრობა 31
მოსე და აარონი ფარაონის წინაშე
ეგვიპტეში დაბრუნების შემდეგ მოსემ თავის ძმას, აარონს ყველაფერი უამბო. როცა მათ ისრაელებს სასწაულები უჩვენეს, მათაც დაიჯერეს, რომ მოსესა და აარონთან იეჰოვა იყო.
ამის შემდეგ მოსე და აარონი ფარაონთან წავიდნენ და უთხრეს: ‘ასე ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: გაუშვი ჩემი ხალხი სამი დღით უდაბნოში, რომ თაყვანი მცენ’. მაგრამ ფარაონმა უპასუხა: ‘მე არა მწამს იეჰოვა და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ’.
ფარაონი გაბრაზდა, რადგან ხალხს სამუშაოდან გათავისუფლება სურდა, რომ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი. ამიტომ მან უფრო მეტი და მძიმე სამუშაო მისცა მათ. ისრაელებმა მოსე დაადანაშაულეს, რომ ძალიან გაურთულდათ ცხოვრება. მოსე დაღონდა, მაგრამ იეჰოვამ დაამშვიდა ის: ‘მე ვაიძულებ ფარაონს, გაუშვას ჩემი ხალხი’.
მოსე და აარონი მეორედ მივიდნენ ფარაონთან. ამ დროს მათ სასწაული მოახდინეს. აარონმა ჯოხი დააგდო ძირს და ის გველად გადაიქცა. ფარაონის ბრძენკაცებმაც დაყარეს ჯოხები და ისინიც გველებად იქცნენ. მაგრამ ნახე, აარონის გველი ბრძენკაცთა გველებს ჭამს! მიუხედავად ამისა, ფარაონმა მაინც არ გაუშვა ისრაელი.
დადგა დრო, როცა იეჰოვას ჭკუა უნდა ესწავლებინა ფარაონისთვის. იცი, როგორ გააკეთა ეს? მან ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა.
ზოგიერთი სასჯელის შემდეგ ფარაონი მოსეს უთვლიდა: ‘შეწყვიტე სასჯელი და გავუშვებ ისრაელს’. მაგრამ რამდენჯერაც შეწყდა სასჯელი, ფარაონმა იმდენჯერ გადაიფიქრა ისრაელის გაშვება. ბოლოს, მეათე სასჯელის შემდეგ, ფარაონმა როგორც იქნა გაუშვა ისრაელი.
იცი, რა სასჯელები იყო ეს? გადაშალე ფურცელი და წაიკითხე.