მოთხრობა 36
ოქროს ხბო
შეხედე, რას აკეთებს ხალხი! ისინი ხბოს სცემენ თაყვანს! რატომ იქცევიან ასე?
როცა მოსე მთაზე დაყოვნდა, ხალხმა თქვა: ‘არ ვიცით, რა დაემართა მოსეს. მოდი გავიკეთოთ ღმერთი, რომელიც აქედან გაგვიყვანს’.
‘კარგი, — უთხრა ხალხს მოსეს ძმამ, აარონმა. — მოიხსენით ოქროს საყურეები და მომიტანეთ’. აარონმა გადაადნო საყურეები და ოქროს ხბო გააკეთა. ხალხმა თქვა: ‘ეს არის ჩვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა!’ ისრაელებმა დიდი ნადიმი გამართეს და ოქროს ხბოს სცეს თაყვანი.
ამის დანახვაზე იეჰოვა განრისხდა და უთხრა მოსეს: ‘ჩქარა წადი. ხალხი ძალიან ცუდად იქცევა. მათ დაივიწყეს ჩემი კანონები და ოქროს ხბოს სცემენ თაყვანს’.
მოსე საჩქაროდ ჩავიდა მთიდან. ბანაკს რომ მიუახლოვდა, რას ხედავს: ხალხს ცეკვა-თამაში გაუმართია ოქროს ხბოს გარშემო! მოსემ სიბრაზისგან მიწაზე დაანარცხა და დაამსხვრია ქვის ორივე ფილა, რომლებზეც კანონები ეწერა. მერე ოქროს ხბო ცეცხლში ჩააგდო და ფერფლად აქცია.
ხალხმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, ამიტომ მოსემ ზოგიერთ კაცს უთხრა, რომ აეღოთ თავიანთი მახვილები და დაეხოცათ ოქროს ხბოს თაყვანისმცემლები. ამ კაცებმა 3 000 ადამიანი მოკლეს. აქედან ვსწავლობთ, რომ მხოლოდ იეჰოვას უნდა ვცეთ თაყვანი და არა ცრუღმერთებს.