მოთხრობა 51
რუთი და ნაომი
ბიბლიის წიგნ „რუთში“ მოთხრობილია ერთი ოჯახის ამბავი. ისინი იმ პერიოდში ცხოვრობდნენ, როცა ისრაელს მსაჯულები მართავდნენ. რუთი ახალგაზრდა მოაბელი ქალი იყო. ის არ მიეკუთვნებოდა ღვთის ერს, ისრაელს. მაგრამ, როდესაც ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას შესახებ გაიგო, ძალიან შეუყვარდა ის. რუთს იეჰოვას გაცნობაში ხანდაზმული ნაომი დაეხმარა.
ნაომი ებრაელი იყო. როცა ისრაელში შიმშილობა ჩამოვარდა, ის ქმართან და ორ ვაჟთან ერთად მოაბის მიწაზე გადავიდა საცხოვრებლად. ერთ დღეს ნაომის ქმარი მოუკვდა. მოგვიანებით ნაომის ვაჟები მოაბელ რუთსა და ორფაზე დაქორწინდნენ. მაგრამ დაახლოებით 10 წლის შემდეგ ნაომის ორივე ვაჟი დაეღუპა. ამან ნაომი და მისი ორი რძალი ძალიან დაამწუხრა. რას იზამდა ნაომი?
ერთ დღეს ნაომიმ გადაწყვიტა, თავის ხალხთან დაბრუნებულიყო. რუთსა და ორფას მასთან განშორება არ უნდოდათ და გაჰყვნენ ნაომის. გზაში ნაომიმ რძლებს უთხრა: ‘დაბრუნდით სახლში დედებთან’.
ნაომიმ გადაკოცნა რძლები და დაემშვიდობა. მათ ძალიან უყვარდათ ნაომი, ამიტომ თვალცრემლიანებმა უთხრეს: ‘არა, შენთან ერთად წამოვალთ შენს ხალხთან!’ მაგრამ ნაომიმ მიუგო: ‘ჩემო შვილებო, უკეთესი იქნება, თუ სახლში დაბრუნდებით’. ორფა ასეც მოიქცა, რუთმა კი ნაომისთან დარჩენა ამჯობინა.
მაშინ ნაომიმ უთხრა რუთს: ‘ორფა წავიდა. შენც მასთან ერთად დაბრუნდი სახლში’. რუთმა მიუგო: ‘ნუ დამაძალებ, დაგტოვო! ნება მომეცი, შენთან ერთად წამოვიდე. სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ და, სადაც შენ იცხოვრებ, მეც იქ ვიცხოვრებ. შენი ხალხი ჩემი ხალხი იქნება და შენი ღმერთი — ჩემი ღმერთი. სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები და დავიმარხები’. ამ სიტყვების შემდეგ ნაომის აღარ დაუძალებია მისთვის სახლში დაბრუნება.
ბოლოს ნაომი და რუთი ისრაელში ჩავიდნენ და იქ დასახლდნენ. მკის დრო იყო და რუთმა ყანაში დაიწყო მუშაობა. ერთმა კაცმა, ბოაზმა მას ნება დართო, რომ მის ყანაში აეკრიფა ქერის თავთავები. იცი, ვისი შვილი იყო ბოაზი? იერიხონელი რახაბისა.
ერთ დღეს ბოაზმა უთხრა რუთს: ‘ყველაფერი გავიგე შენზე. ვიცი, რომ ძალიან კარგად ექცევი ნაომს. ისიც ვიცი, რომ მიატოვე დედ-მამა და მშობლიური ქვეყანა და საცხოვრებლად გადმოხვედი აქ, სადაც არავის იცნობდი. იეჰოვამ გადაგიხადოს სიკეთით!’
რუთმა უთხრა: ‘ძალიან კეთილი ხარ, ჩემო ბატონო. შენმა კეთილმა სიტყვებმა გული გამითბო’. ბოაზს ძალიან მოეწონა რუთი და ისინი მალე დაქორწინდნენ. ამან ნაომი ძალიან გაახარა. როცა რუთსა და ბოაზს პირველი ვაჟი, ობედი შეეძინათ, ნაომის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ობედი დავითის პაპა გახდა, რომელზეც მოგვიანებით ბევრს გავიგებთ.
ბიბლიის წიგნი რუთი.