მოთხრობა 72
ღმერთი დაეხმარა მეფე ხიზკიას
იცი, რატომ ლოცულობს ეს კაცი? რატომ დააწყო წერილები იეჰოვას სამსხვერპლოს წინ? ეს კაცი ხიზკიაა, ისრაელის ორტომიანი სამეფოს მეფე. ის ძალიან დამწუხრებულია. გაინტერესებს, რატომ?
ასურელებმა უკვე გაანადგურეს ჩრდილოეთის ათტომიანი სამეფო. იეჰოვამ ეს ხალხის ბოროტების გამო დაუშვა. ახლა ასურელები ორტომიანი სამეფოს წინააღმდეგ გამოდიან საბრძოლველად.
ასურეთის მეფემ წერილები გაუგზავნა მეფე ხიზკიას. სწორედ ეს წერილები დააწყო ხიზკიამ ღვთის წინაშე. წერილებში ასურეთის მეფე დასცინოდა იეჰოვას და ხიზკიას მოუწოდებდა, დანებებოდა. ამიტომ ხიზკია ლოცულობდა: ‘ო, იეჰოვა, გვიხსენი ასურეთის მეფის ხელიდან. მაშინ გაიგებს ყველა ერი, რომ მხოლოდ შენა ხარ ღმერთი’. მოუსმინა იეჰოვამ ხიზკიას?
ისრაელის ათტომიანი სამეფოს ბოროტი მეფეებისა და თავისი მამის, მეფე ახაზისგან განსხვავებით, ხიზკია კარგი მეფე იყო. ის ყოველთვის ასრულებდა იეჰოვას კანონებს. ამიტომ მისი ლოცვის შემდეგ მას წინასწარმეტყველმა ესაიამ იეჰოვას სიტყვა შეატყობინა: ‘ასურეთის მეფე ვერ შემოვა იერუსალიმში, მისი მეომრები ქალაქთან ახლოსაც ვერ მივლენ და ერთ ისარსაც ვერ გაისვრიან’.
შეხედე ამ სურათს. იცი, ვინ არიან ეს დახოცილი მეომრები? ისინი ასურელები არიან. იეჰოვას ანგელოზმა ერთ ღამეში 185 000 ასურელი მეომარი მოკლა. ასურეთის მეფე დამარცხდა და უკან გაბრუნდა.
ორტომიანი სამეფო განადგურებას გადაურჩა და ქვეყანაში დროებით მშვიდობამ დაისადგურა. ხიზკიას სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი მენაშე ავიდა. მენაშე და მისი ვაჟი ამონი ბოროტი მეფეები იყვნენ. ქვეყანა კვლავ დამნაშავეობითა და ძალადობით აივსო. მეფე ამონი თავისმა მსახურებმა მოკლეს, რის შემდეგაც ისრაელის ორტომიან სამეფოში მისი ვაჟი იოშია გამეფდა.