არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 11

„სამართლიანია მისი ყოველი გზა“

„სამართლიანია მისი ყოველი გზა“

1, 2. ა) რა დიდ უსამართლობას შეხვდა იოსები? ბ) როგორ აღმოფხვრა იეჰოვამ ჩადენილი უსამართლობა?

 ᲡᲠᲣᲚᲘᲐᲓ უდანაშაულო ახალგაზრდას უსამართლოდ მოექცნენ. გაუპატიურების მცდელობაში დასდეს ბრალი და საპყრობილეში ჩააგდეს. მაგრამ იოსებისთვის ეს უსამართლობა პირველი როდი იყო. უფრო ადრე, 17 წლის ასაკში, მას საკუთარმა ძმებმა უღალატეს და ლამის მოკლეს კიდეც. შემდეგ უცხო ქვეყანაში მონად გაყიდეს. იქ კი თავისი ბატონის ცოლისგან უხამსი შემოთავაზებები მიიღო, რომლებიც იოსებმა გადაჭრით უარყო. გაწბილებულმა ქალმა ცრუ ბრალდება წაუყენა და ასე აღმოჩნდა იოსები საპყრობილეში. მშველელი კი თითქოს არსაიდან ჩანდა.

2 ამ ყველაფერს „სიმართლისა და სამართლიანობის“ მოყვარული ღმერთი ადევნებდა თვალყურს (ფსალმუნი 33:5). ჩადენილი უსამართლობა იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია და ყველაფერი ისე მოიმოქმედა, რომ იოსები, ბოლოს და ბოლოს, გაეთავისუფლებინათ. უფრო მეტიც, იოსებმა, რომელიც ერთ დროს დილეგში იყო ჩაგდებული, დიდი თანამდებობაც დაიკავა და განსაკუთრებული პატივის მიგების ღირსიც გახდა (დაბადება 40:15; 41:41—43; ფსალმუნი 105:17, 18). ასე რომ, იოსებმა თავისი უდანაშაულობა საბოლოოდ დაამტკიცა და მაღალი თანამდებობის გამოყენებას ღვთის განზრახვის მხარდასაჭერად შეუდგა (დაბადება 45:5—8).

იოსები უსამართლოდ იტანჯებოდა დილეგში.

3. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ყველას გვინდა, სამართლიანად გვექცეოდნენ?

3 ადვილი არ არის, ასეთ შემთხვევას უგულოდ მოვეკიდოთ. რომელი ჩვენგანი არ შესწრებია უსამართლობას ან რომელ ჩვენგანს არ მოჰქცევიან უსამართლოდ? ყველას გვინდა, რომ სამართლიანად და მიუკერძოებლად გვეპყრობოდნენ. და გასაკვირიც არაა, რომ ეს ასეა. იეჰოვამ ხომ ის თვისებები ჩაგვინერგა, რომლებიც თავადვე ახასიათებს; სამართლიანობა კი მისი ერთ-ერთი ძირითადი თვისებაა (დაბადება 1:27). თუ გავიგებთ, როგორი სამართლიანობით ხასიათდება იეჰოვა, უკეთ გავიცნობთ მას, უკეთ შევიცნობთ მისი ნამოქმედარის დიდებულებას და მასთან დაახლოების უდიდესი სურვილი გაგვიჩნდება.

რა არის სამართლიანობა?

4. რა ჰგონიათ ხშირად ადამიანებს სამართლიანობა?

4 ადამიანებს სამართლიანობა ხშირად არასწორად ესმით. ჰგონიათ, რომ სამართლიანობა სხვა არაფერია, თუ არა კანონების დადგენილებისამებრ გამოყენება. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ „სამართლიანობა დაკავშირებულია კანონთან, ვალდებულებებთან, უფლებებსა და მოვალეობებთან. ის გულისხმობს განაჩენის გამოტანას დამსახურებულად და მიუკერძოებლად“ (Right and Reason—Ethics in Theory and Practice). მაგრამ იეჰოვას სამართლიანობა, უბრალოდ, ვალდებულებისა თუ მოვალეობის მოხდის მიზნით კანონების მექანიკური გამოყენება არ არის.

5, 6. ა) რა მნიშვნელობა აქვს დედნისეულ ენაზე იმ სიტყვებს, რომლებიც „სამართლიანობად“ ითარგმნა? ბ) რას ნიშნავს ღვთის სამართლიანობა?

5 იეჰოვას სამართლიანობის ყოვლისმომცველობას უკეთესად გავიგებთ, თუ ბიბლიაში გამოყენებული დედნისეული სიტყვების მნიშვნელობებს განვიხილავთ. ებრაულ წერილებში სამი მთავარი სიტყვაა გამოყენებული. სიტყვა, რომელიც ხშირად „სამართლიანობად“ ითარგმნება, შეიძლება ითარგმნოს როგორც სწორად მოქცევა (დაბადება 18:25). დანარჩენი ორი სიტყვა, ჩვეულებრივ, „სიმართლედ“ ითარგმნება. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა, რომელიც „სიმართლედაა“ ნათარგმნი, ნიშნავს, იყო მართალი ან სამართლიანი. გამოდის რომ, სიმართლესა და სამართლიანობას შორის მჭიდრო კავშირია (ამოსი 5:24).

6 მაშასადამე, როცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი სამართლიანია, ამით ნაჩვენებია, რომ იგი ყველაფერს სამართლიანად, სწორად და მიუკერძოებლად აკეთებს (რომაელები 2:11). წარმოუდგენელია, რომ მან სხვაგვარად იმოქმედოს. ერთხელ ერთგულმა ელიჰუმ თქვა: „შორს არის ღვთისგან ბოროტება და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!“ (იობი 34:10). შეუძლებელია, იეჰოვამ უსამართლოდ იმოქმედოს. საამისოდ ორი ფრიად საგულისხმო მიზეზი არსებობს.

7, 8. ა) რატომ არის შეუძლებელი, რომ იეჰოვა უსამართლოდ მოიქცეს? ბ) რა აღძრავს იეჰოვას, რომ მართალი, ანუ სამართლიანი იყოს ხალხის მიმართ?

7 პირველი მიზეზი ისაა, რომ იგი წმინდაა. როგორც მე-3 თავიდან გავიგეთ, იეჰოვა უსაზღვროდ სპეტაკი და მართალი ღმერთია. ამიტომ შეუძლებელია, რომ უსამართლოდ ან არასწორად იმოქმედოს. დაუფიქრდი, რას ნიშნავს ეს. ჩვენი ზეციერი მამის სიწმინდე იმაში გვარწმუნებს, რომ ცუდად არასოდეს მოეპყრობა თავის შვილებს. იესოც დარწმუნებული იყო ამაში და თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულს ასე ლოცულობდა: „წმინდა მამა, დაიცავი ისინი [მოწაფეები] შენი სახელის გულისთვის“ (იოანე 17:11). ბიბლიაში „წმინდა მამა“ მხოლოდ იეჰოვას მიმართ გამოიყენება, რადგან იგია წმინდა და სიწმინდის მხრივ ვერც ერთი მამა ვერ შეედრება. იესოს ღრმად სწამდა, რომ თავისი მოწაფეები უსაფრთხოდ იქნებოდნენ ისეთი მამის ხელში, რომელიც ყოვლად წმინდა, სპეტაკი და აბსოლუტურად უცოდველია (მათე 23:9).

8 მეორე მიზეზი ღვთის უანგარო სიყვარულია — ღვთის ბუნების განუყოფელი ნაწილი — და ამიტომაა, რომ ყველას მიმართ მართალი, ანუ სამართლიანია. უსამართლობას კი, რომელიც გამოხატულებას რასიზმში, დისკრიმინაციაში, მიკერძოებასა და კიდევ ვინ მოთვლის, რაში პოულობს, ხშირად სიხარბე და ეგოიზმი წარმოშობს, რაც სიყვარულის საპირისპიროა. ღვთის სიყვარულის შესახებ კი ბიბლიაში ვკითხულობთ: „მართალია იეჰოვა, სიმართლის მოყვარული“ (ფსალმუნი 11:7). იეჰოვა თვითონ ამბობს თავის თავზე: „მე, იეჰოვას, მიყვარს სამართლიანობა“ (ესაია 61:8). განა მანუგეშებელი არ არის იმის ცოდნა, რომ ღმერთს სწორად და სამართლიანად მოქმედება სიამოვნებს?! (იერემია 9:24).

გულმოწყალება და იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანობა

9—11. ა) რა კავშირია იეჰოვას სამართლიანობასა და გულმოწყალებას შორის? ბ) რაში გამოავლინა იეჰოვამ სამართლიანობა და გულმოწყალება ცოდვილი ადამიანების მიმართ?

9 იეჰოვას სამართლიანობა, მისი უბადლო პიროვნების ყველა დანარჩენი თვისების მსგავსად, სრულყოფილი და წუნდაუდებელია. იეჰოვას განდიდებისას მოსემ ასეთი სიტყვები დაწერა: „კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, სამართლიანია მისი ყოველი გზა. ერთგული ღმერთია და უსამართლოდ არასოდეს მოქმედებს. მართალი და სამართლიანია იგი“ (კანონი 32:3, 4). იეჰოვა ყოველთვის უნაკლო სამართლიანობით მოქმედებს, გადაჭარბებულად არც შემწყნარებლობას ავლენს და არც სიმკაცრეს.

10 იეჰოვას სამართლიანობა და გულმოწყალება ერთმანეთთან არის შერწყმული. ფსალმუნის 116:5-ში ნათქვამია: „იეჰოვა თანამგრძნობი და მართალია, მოწყალეა ჩვენი ღმერთი“. დიახ, იეჰოვა სამართლიანიც არის და მოწყალეც. ეს არაა ურთიერთგამომრიცხავი თვისებები. იეჰოვა მოწყალებას იმიტომ კი არ ავლენს, რომ სამართლიანობა მეტად მკაცრი თვისებაა და შერბილება ესაჭიროება; არა, ეს ორი თვისება, უმეტეს შემთხვევაში, ერთდროულად და ერთი და იმავე მოქმედების დროს ვლინდება. განვიხილოთ მაგალითი.

11 როგორც ვიცით, ყველამ მემკვიდრეობით მივიღეთ ცოდვა, რის გამოც სასჯელად სიკვდილს ვიმსახურებთ (რომაელები 5:12). მაგრამ ცოდვილთა სიკვდილი იეჰოვას სიამოვნებას როდი ანიჭებს. ის არის „მიმტევებელი, გულმოწყალე, თანამგრძნობი, სულგრძელი“ (ნეემია 9:17). მიუხედავად ამისა, იგი თვალს ვერ დახუჭავს უსამართლობაზე. თუ ასეა, როგორღა უნდა შეიწყალოს ცოდვილი ადამიანები? ღვთის სიტყვა ამ კითხვაზეც გვპასუხობს: იეჰოვამ კაცობრიობის სახსნელად გამოსასყიდზე იზრუნა, რის შესახებაც მე-14 თავში გავიგებთ უკეთესად. ამ გადადგმული ნაბიჯით იეჰოვამ მომნანიებელ ცოდვილთა მიმართ გულმოწყალება და სამართლიანობა ერთდროულად გამოავლინა (რომაელები 3:21—26).

იეჰოვას სამართლიანობა სასიკეთოა

12, 13. ა) რატომ გვაახლოებს იეჰოვასთან მისი სამართლიანობა? ბ) რა დასკვნამდე მივიდა დავითი იეჰოვას სამართლიანობის შესახებ და როგორ გვანუგეშებს მისი სიტყვები?

12 იეჰოვას სამართლიანობა არა ცივი და უგულო გრძნობა, არამედ მიმზიდველი თვისებაა, რომელიც სიყვარულს გვიღრმავებს მის მიმართ. ბიბლიაში გასაგებად არის აღწერილი, რომ იეჰოვა ხალხის მიმართ სამართლიანად მოქმედებისას თანაგრძნობასაც ავლენს. ვნახოთ, როგორ ავლენს ის სამართლიანობას.

13 იეჰოვა სამართლიანი ღმერთია და ამიტომ თავის მსახურების მიმართ ერთგულებას ავლენს. ფსალმუნმომღერალმა დავითმა საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სამართლიანობის ეს მხარე. რა დასკვნამდე მივიდა საკუთარი გამოცდილებიდან და ღვთის საქმეების შესწავლის შემდეგ? მან განაცხადა: „იეჰოვა სამართლიანობის მოყვარულია და არ მიატოვებს თავის ერთგულებს. ისინი ყოველთვის დაცულნი იქნებიან“ (ფსალმუნი 37:28). რა დამაჯერებელი და მანუგეშებელი სიტყვებია! ღვთის სამართლიანობა იმის გარანტიაა, რომ ღმერთი არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულებს. ესე იგი, ახლოს იქნება ჩვენთან და სიყვარულით გვიპატრონებს! (იგავები 2:7, 8).

14. როგორ დასტურდება ისრაელისთვის მიცემულ კანონში, რომ იეჰოვა ზრუნავს ქვრივ-ობლებზე?

14 ღვთის სამართლიანობაში ისიც იგულისხმება, რომ ღმერთი მზრუნველობას არ აკლებს გულდამწუხრებულებს. ეს ისრაელი ერისთვის მიცემულმა კანონმა დაადასტურა. მაგალითად, ქვრივ-ობლებს რომ ზრუნვა არ მოჰკლებოდათ, ღმერთმა კანონში ისრაელ ერს კონკრეტული მითითებები მისცა (კანონი 24:17—21). იეჰოვამ იცოდა, თუ როგორ უჭირდათ უპატრონოდ დარჩენილ ოჯახებს და მათდამი მამობრივი სიყვარულით აღძრულმა, თვითონ ითავა მათი მოსამართლეობა და მფარველობა. ის სამართალს უჩენდა ქვრივ-ობლებს a (კანონი 10:18; ფსალმუნი 68:5). იეჰოვა აფრთხილებდა ისრაელებს, რომ, თუ სიცოცხლეს გაუმწარებდნენ უმწეო ქალებსა და ბავშვებს, უსათუოდ დაუგდებდა ყურს მათ ჩივილს და პასუხს მოსთხოვდა მჩაგვრელებს (გამოსვლა 22:22—24). რისხვა იეჰოვას მთავარი თვისება არ არის. მაგრამ, როცა საქმე განზრახ უსამართლობას ეხება, თანაც ჩაგრულთა და უმწეოთა წინააღმდეგ ჩადენილს, იეჰოვა სამართლიანად რისხდება (ფსალმუნი 103:6).

15, 16. რა არის იეჰოვას მიუკერძოებლობის მართლაც შესანიშნავი მტკიცება?

15 იეჰოვა იმაშიც გვარწმუნებს, რომ „მიუკერძოებელია და ქრთამს არ იღებს“ (კანონი 10:17). მრავალი ძალაუფლების მქონე ადამიანისგან განსხვავებით, მასზე ვერც სიმდიდრით მოვახდენთ შთაბეჭდილებას და ვერც გავლენით. მას ვერც მიკერძოებაში დავადანაშაულებთ. ამის მტკიცებას ის წარმოადგენს, რომ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლად გახდომისა და მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა მხოლოდ მცირერიცხოვანი ელიტარული საზოგადოების ხელში არაა. პირიქით, „ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). ეს საოცარი შესაძლებლობა ყველას ეძლევა სოციალური მდგომარეობის, კანის ფერისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. განა ეს ჭეშმარიტი სამართლიანობის ბრწყინვალე დადასტურებას არ წარმოადგენს?!

16 ჩვენს ყურადღებასა და პატივისცემას იმსახურებს იეჰოვას სრულყოფილი სამართლიანობის კიდევ ერთი ასპექტი, კერძოდ ის, თუ როგორ ეპყრობა თავისი სამართლიანი ნორმების დამრღვევებს.

დასჯისგან უკან არ დაიხევს

17. ახსენი, თუ რატომ არ ხდის სადავოს იეჰოვას სამართლიანობას ქვეყნიერებაში გაბატონებული უსამართლობა.

17 შეიძლება ასეთი კითხვა გაგვიჩნდეს: „თუ იეჰოვა უმართლობას არ იწყნარებს, რით ავხსნათ ის ფაქტი, რომ ხალხის ერთი ჯგუფი უსამართლობით იტანჯება, ხოლო მეორე გახრწნილების მორევშია ჩაფლული?“. ეს არ არის იეჰოვას ბრალი. ამდენი უსამართლობა ბოროტ ქვეყნიერებაში იმ ცოდვის შედეგია, რომელიც ადამიანებმა მემკვიდრეობით მიიღეს ადამისგან. არასრულყოფილმა ადამიანებმა თვითონვე ისურვეს ცოდვის გზაზე სიარული და სწორედ ამიტომ მოიკიდა ყველგან ფეხი უსამართლობამ. მაგრამ ასეთი მდგომარეობა დიდხანს არ გასტანს (კანონი 32:5).

18, 19. რა გვიჩვენებს იმას, რომ იეჰოვა დაუსრულებლად არ შეიწყნარებს მისი სამართლიანი კანონების დამრღვევებს?

18 იეჰოვა დიდ მოწყალებას ავლენს იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულწრფელად უახლოვდებიან მას. თუმცა ის მარადიულად არ მოუთმენს მათ, ვინც შეურაცხყოფს მის წმინდა სახელს (ფსალმუნი 74:10, 22, 23). სამართლიან ღმერთს აბუჩად ვერავინ აიგდებს; ის ისეთ სასჯელს მიაგებს განზრახ შემცოდველებს, როგორსაც იმსახურებენ. იეჰოვა „გულმოწყალე, თანამგრძნობი და სულგრძელი ღმერთია, გულუხვია სიკეთესა და ჭეშმარიტებაში . . . თუმცა დამნაშავეს დაუსჯელს არ ტოვებს“ (გამოსვლა 34:6, 7). ამ სიტყვების თანახმად, დროდადრო იეჰოვა აუცილებლად თვლის მისი კანონების განგებ დამრღვევთა დასჯას.

19 მაგალითისთვის ისრაელი ერის მიმართ ღვთის დამოკიდებულება მოვიყვანოთ. აღთქმული მიწის დამკვიდრების შემდეგაც კი, ისრაელებმა არაერთხელ უღალატეს იეჰოვას. თავიანთი უზნეო ცხოვრების წესით მას „ტკივილს აყენებდნენ“. მაგრამ ღმერთს არ ჩაუქნევია ხელი ისრაელებზე (ფსალმუნი 78:38—41). პირიქით, კვლავაც გულმოწყალედ აძლევდა გამოსწორების შესაძლებლობას და ეუბნებოდა: „არ მიხარია ბოროტის სიკვდილი! მე ის მირჩევნია, რომ ბოროტი მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან და იცოცხლოს. მობრუნდით, მობრუნდით თქვენი ბოროტი გზებიდან! რატომ უნდა დაიღუპოთ, ისრაელებო?!“ (ეზეკიელი 33:11). ვინაიდან იეჰოვასთვის ძვირფასია სიცოცხლე, თავის წინასწარმეტყველებსაც არაერთხელ უგზავნიდა ისრაელებს, რათა ბოროტი გზიდან მოებრუნებინა. მაგრამ გაგულქვავებული ხალხი ყურსაც კი არ ათხოვებდა მათ და არ ინანიებდა. ბოლოს, თავისი წმინდა სახელის დასაცავად, იეჰოვამ ისინი მტრებს ჩაუგდო ხელში (ნეემია 9:26—30).

20. ა) რას ვიგებთ იეჰოვას დამოკიდებულებიდან ისრაელი ერის მიმართ? ბ) რატომ არის ლომი ბიბლიაში იეჰოვას სამართლიანობის მართებული სიმბოლო?

20 ისრაელებისადმი იეჰოვას დამოკიდებულებიდან ბევრს ვიგებთ. კერძოდ იმას, რომ მის თვალს არაფერი ეპარება და, შესაბამისად, უსამართლობაც არ რჩება შეუმჩნეველი. თუმცა ასეთი მდგომარეობის გამო გული უზომოდ სწყდება (იგავები 15:3). ამავე დროს, იმის ცოდნაც დამამშვიდებელია, რომ, თუ მიზანშეწონილად მიიჩნევს მოწყალების გამოვლენას, არავითარ შემთხვევაში არ დააყოვნებს ამას. ვიგებთ იმასაც, რომ მისი სამართლიანი მოქმედება არასოდეს არის ნაჩქარევი. რადგან იეჰოვა მომთმენია, ბევრს ჰგონია, რომ ის არასოდეს დასჯის უზნეო ადამიანებს. თუმცა ეს ასე არ არის. ისრაელი ერის მიმართ იეჰოვას დამოკიდებულებიდან გამოჩნდა, რომ ღვთის მოთმინებას საზღვარი აქვს. იგი სიმართლეს ყოველთვის შემართებით იქმს და იმათ არა ჰგავს, ხშირად სამართლის აღსასრულებლად გამბედაობა რომ არ ჰყოფნით. ამიტომ ის, რომ ბიბლიაში ღვთის სამართლიანობის სიმბოლოდ ლომია გამოყენებული, მართლაც რომ შესაფერისია b (ეზეკიელი 1:10; გამოცხადება 4:7). შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ ღმერთი შეასრულებს თავის დაპირებას და უსამართლობას ძირფესვიანად მოსპობს. ასე რომ, ღვთის მიერ სამართლის აღსრულების პრინციპი ასე შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ: სიმტკიცე — სადაც აუცილებელია და მოწყალება — როცა დასაშვებია (2 პეტრე 3:9).

დაუახლოვდი სამართლიან ღმერთს

21. როდესაც იეჰოვას სამართლიანობაზე ვსაუბრობთ, როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს და რატომ?

21 იეჰოვას სამართლიანობაზე როცა ვსაუბრობთ, ისეთი შთაბეჭდილება არ უნდა დაგვრჩეს, რომ იგი გრძნობებს მოკლებული, პირქუში მოსამართლეა, შემცოდველებზე სასჯელის აღსრულების მეტი რომ არაფერი აინტერესებს. პირიქით, უნდა გვწამდეს, რომ მოსიყვარულე მამაა, რომელიც სიმტკიცესაც ავლენს და თავისი შვილებისთვის ყოველთვის საუკეთესოს აკეთებს. როგორც სამართლიანი მამა, იეჰოვა მტკიცედ იცავს სიმართლეს, მაგრამ ამ თვისებას ყოველთვის აწონასწორებს თავისი მიწიერი შვილების მიმართ თანაგრძნობით, რომელთაც მისგან დახმარება და პატიება სჭირდებათ (ფსალმუნი 103:10, 13).

22. სამართლიანობის წყალობით, როგორი მომავლის იმედი ჩაგვისახა იეჰოვამ და რატომ გვეპყრობა ასე?

22 რამდენად მადლიერნი უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ღვთის სამართლიანობა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯისკენ არაა მიმართული! სამართლიანობის გამოა, რომ იეჰოვამ მომავლის შესანიშნავი იმედი ჩაგვისახა — მარადიული ცხოვრება დედამიწაზე იდეალურ პირობებში, სადაც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). ღმერთმა ეს იმიტომ გააკეთა, რომ ადამიანის გადარჩენა უნდა და არა დასჯა. მართლაც, იეჰოვას სამართლიანობაზე მეტის გაგება უფრო გვაახლოებს მასთან! მომდევნო თავებში უფრო კარგად გავიგებთ, თუ როგორ ავლენს იგი ამ უნაკლო თვისებას.

a სიტყვა „ობოლი“ იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა ზრუნავს მშობლის გარეშე დარჩენილ ბავშვებზე, ბიჭებზეც და გოგონებზეც. ცელოფხადის დაობლებული ასულებისთვის მემკვიდრეობის მიცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იეჰოვამ კანონში ჩააწერინა. ამ გადაწყვეტილებამ დაობლებულ ასულთა უფლებების დაცვის პრეცედენტი შექმნა (რიცხვები 27:1—8).

b საინტერესოა, რომ ორგულ ისრაელზე განაჩენის აღსრულებისას იეჰოვამ თავი ლომს შეადარა (იერემია 25:38; ოსია 5:14).