არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲗᲐᲕᲘ 10

მიჰბაძე ღმერთს ძალის გამოყენებაში

მიჰბაძე ღმერთს ძალის გამოყენებაში

1. რის მახეში ებმებიან არასრულყოფილი ადამიანები?

 „ᲫᲐᲚᲘᲡ პატრონი მახეს ვერ ასცდება“. ეს სიტყვები, რომელიც მე-19 საუკუნის პოეტს ეკუთვნის, ძალის ბოროტად გამოყენების საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას. სამწუხაროდ, არასრულყოფილი ადამიანები ასეთ მახეში საკმაოდ ადვილად ებმებიან. ისტორია ცხადყოფს, რომ „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9). ძალას დღესაც უსიყვარულოდ იყენებენ და შედეგიც არ აყოვნებს; უამრავი ადამიანი ენით აუწერელ ტანჯვას განიცდის.

2, 3. ა) როგორ იყენებს იეჰოვა თავის ძალას და რატომაა ეს გასაოცარი? ბ) რა ძალა გვაქვს ჩვენ და როგორ უნდა ვიყენებდეთ მას?

2 განა გასაოცარი არ არის, რომ იეჰოვა, თუმცა ბადალი არა ჰყავს, ძალას ბოროტად არასოდეს იყენებს? როგორც წინა თავებიდან გავიგეთ, იგი ძალას თავისი განზრახვების შესაბამისად ყოველთვის სიყვარულით იყენებს — შემოქმედებისა თუ განადგურების, დაცვისა თუ აღდგენის მიზნით — ამიტომაც სურვილი გვიჩნდება, დავუახლოვდეთ მას. ეს კი, თავის მხრივ, აღგვძრავს, მივბაძოთ ღმერთს და მის მსგავსად გამოვიყენოთ ძალა (ეფესოელები 5:1). მაგრამ, განა ისეთი რა ძალა გვაქვს ჩვენ, უმნიშვნელო ადამიანებს?!

3 გავიხსენოთ, რომ ადამიანი ღვთის ანარეკლად და მსგავსად შეიქმნა (დაბადება 1:26, 27). მაშასადამე, ჩვენც გვაქვს ძალა, მაგრამ ბევრად უფრო მცირე. მაგალითად, გვაქვს იმის უნარი, რომ ვიმუშაოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ; შეგვიძლია ვიყოთ სხვების ზედამხედველები ან გვქონდეს ვინმეზე უფლებამოსილება; გავლენა გვქონდეს სხვებზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც ვუყვარვართ; ვფლობდეთ ფიზიკურ ძალ-ღონეს და მატერიალურ სახსრებს. იეჰოვას შესახებ ფსალმუნმომღერალმა თქვა: „შენთან არის სიცოცხლის წყარო“ (ფსალმუნი 36:9). ამიტომ, პირდაპირ თუ ირიბად, ღმერთია ჩვენი ნებისმიერი ძალის სათავე. ამიტომაც გვინდა, ის ისე გამოვიყენოთ, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ. რა უნდა ვაკეთოთ საამისოდ?

სიყვარული ქვაკუთხედია

4, 5. ა) რა არის ძალის მართებულად გამოყენების ქვაკუთხედი და რა მაგალითს გვაძლევს ღმერთი? ბ) როგორ დაგვეხმარება სიყვარული ძალის მართებულად გამოყენებაში?

4 ჩვენი ძალის მართებულად გამოყენების ქვაკუთხედი სიყვარულია. განა ღმერთი თავად არ გვარწმუნებს ამაში?! გავიხსენოთ ღვთის ოთხი მთავარი თვისება: ძლიერება, სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული, რომლებიც პირველ თავში განვიხილეთ. ამ ოთხი თვისებიდან რომელია უმთავრესი? სიყვარული. „ღმერთი სიყვარულია“, — ნათქვამია 1 იოანეს 4:8-ში. დიახ, იეჰოვას თითოეული ნამოქმედარის საფუძველი სიყვარულია. ძალასაც ყოველთვის სიყვარულით ავლენს, რაც, საბოლოოდ, თავის მოყვარულთა კეთილდღეობისკენაა მიმართული.

5 სიყვარული ჩვენც დაგვეხმარება, რომ ძალა მართებულად გამოვიყენოთ. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სიყვარული „კეთილია“ და „მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობს“ (1 კორინთელები 13:4, 5). აქედან გამომდინარე, სიყვარული არ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უხეშად ან სასტიკად მოვექცეთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები ძალაუფლება აქვს. პირიქით, პატივისცემით მოვეპყრობით და მათ მოთხოვნილებებსა და გრძნობებს ჩვენსაზე უფრო მეტად გავითვალისწინებთ (ფილიპელები 2:3, 4).

6, 7. ა) რა არის ღვთის შიში და როგორ გვეხმარება ეს თვისება, რომ ვერიდოთ ძალის უმართებულოდ გამოყენებას? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ღვთისადმი სიყვარული და შიში იმისა, რომ არ გავანაწყენოთ ღმერთი.

6 არის კიდევ ერთი თვისება — ღვთის შიში, რომელსაც ბევრი საერთო აქვს სიყვარულთან და გვიცავს ძალის უმართებულოდ გამოყენებისგან. რა პრაქტიკული ფასეულობა აქვს ამ თვისებას? „იეჰოვას შიშით ზურგს შეაქცევს იგი ბოროტებას“, — ნათქვამია იგავების 16:6-ში. ძალის უმართებულოდ გამოყენება იმ ბოროტ საქმეთა შორის მოიხსენიება, რომელთაც ახლოს არ უნდა გავეკაროთ. ღვთის შიში ცუდს არ გაგვაკეთებინებს მათ მიმართ, ვისზეც ძალაუფლება გვაქვს. რატომ? ჯერ ერთი, იმიტომ რომ, როგორც ვიცით, ღვთის წინაშე ვაგებთ პასუხს იმაზე, თუ ხალხს როგორ ვეპყრობით (ნეემია 5:1—7, 15). მაგრამ ღვთის შიში მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. დედნისეულ ენაზე სიტყვა „შიში“ ხშირად ღვთისადმი შიშნარევი მოწიწებისა და მოკრძალების ღრმა გრძნობის მნიშვნელობით გამოიყენება. ამიტომ ბიბლიაში ერთმანეთთან არის შერწყმული ღვთისადმი შიში და სიყვარული (კანონი 10:12, 13). შიშნარევი მოკრძალება იმის ჯანსაღ შიშსაც გულისხმობს, რომ ღვთის უკმაყოფილება არ გამოვიწვიოთ — არა იმიტომ, რომ არასასურველი შედეგების გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ უზომოდ გვიყვარს იგი.

7 მაგალითად, წარმოვიდგინოთ მამა-შვილის კარგი ურთიერთობა. შვილი მამის სითბოსა და სიყვარულს გრძნობს. მაგრამ არც მამის მოთხოვნებს ივიწყებს და იცის, რომ თუ ცუდად მოიქცევა, დაისჯება. ამ შემთხვევაში ბავშვი მამისადმი ავადმყოფურ შიშს კი არა გრძნობს, გულით უყვარს იგი და ყოველთვის სიხარულით აკეთებს იმას, რასაც მამა უწონებს. ასევეა ღვთის შიშის შემთხვევაშიც. იეჰოვა რომ გვიყვარს, ამიტომ გვეშინია, ისეთი რამ არ გავაკეთოთ, რითაც გულს ვატკენთ (დაბადება 6:6). გვინდა, ყოველთვის გული გავუხაროთ მას (იგავები 27:11). ამიტომაც გვსურს ძალის მართებულად გამოყენება. მოდი უკეთ გავიგოთ, რა მოითხოვება საამისოდ.

ოჯახში

8. ა) რა ძალაუფლება აქვს ქმარს ოჯახში და როგორ უნდა იყენებდეს მას? ბ) როგორ უნდა ცხადყოფდეს ქმარი, რომ პატივისცემით ექცევა ცოლს?

8 თავდაპირველად ოჯახზე ვისაუბროთ. „ქმარი ცოლის თავია“, — ნათქვამია ეფესოელების 5:23-ში. როგორ უნდა იყენებდეს ქმარი ღვთისგან ბოძებულ ძალაუფლებას? ბიბლიური რჩევის მიხედვით, ქმრები პატივისცემით უნდა მოეპყრონ ცოლებს, „როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს“ (1 პეტრე 3:7). ბერძნული არსებითი სახელი, რომელიც „პატივისცემად“ ითარგმნება, „ფასის, ღირებულების“ გაგებით გამოიყენება. ამ სიტყვის რამდენიმე ფორმა ითარგმნება, როგორც „საჩუქარი“ და რაღაც „ძვირფასი“ (საქმეები 28:10; 1 პეტრე 2:7). ქმარი, რომელიც პატივისცემით ეპყრობა ცოლს, არასოდეს მიაყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას; არ დაამცირებს, არც უგულებელყოფს და არც უღირსად აგრძნობინებს თავს. პირიქით, დააფასებს და პატივისცემით მოექცევა. თავისი სიტყვითა და საქციელით — მარტო იქნებიან თუ ხალხში — ცხადყოფს, რომ ცოლი მისთვის ძვირფასია (იგავები 31:28). ასეთი ქმარი არა მარტო ცოლის სიყვარულსა და პატივისცემას მოიპოვებს, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღვთის მოწონებას დაიმსახურებს.

ცოლ-ქმარი მათთვის მინიჭებულ ძალაუფლებას მაშინ იყენებს მართებულად, როცა ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით ექცევიან.

9. ა) რა ძალაუფლება აქვს ცოლს ოჯახში? ბ) რა დაეხმარება ცოლს, თავისი უნარიანობა ქმრის მხარდასაჭერად გამოიყენოს და რა შედეგს მოიტანს ეს?

9 ერთგვარი ძალაუფლება ცოლსაც აქვს ოჯახში. ბიბლიაში მოთხრობილია ღვთისმოსავი ქალების შესახებ, რომლებიც ქმრებზე სასიკეთო გავლენას ახდენდნენ და საღი აზროვნების შენარჩუნებაში ეხმარებოდნენ ისე, რომ მეთაურობის პრინციპს არ არღვევდნენ (დაბადება 21:9—12; 27:46—28:2). ცოლი შეიძლება ქმარზე გონებამახვილი და ზოგიერთ საქმეში უფრო მოხერხებული იყოს, მაგრამ მაინც უნდა ჰქონდეს ქმრისადმი დიდი პატივისცემა და უნდა ემორჩილებოდეს მას, „როგორც უფალს“ (ეფესოელები 5:22, 33). როცა იმაზე ფიქრობს, როგორ ასიამოვნოს ღმერთს, ცოლი თავის უნარიანობას ქმრის მხარდასაჭერად გამოიყენებს და არა დასამცირებლად ან თავის ჭკუაზე სატარებლად. ასეთი „ბრძენი ქალი“ ქმრის გულმოდგინე თანამშრომელია ოჯახის საკეთილდღეოდ. იგი ამით ღმერთთან მშვიდობასაც ინარჩუნებს (იგავები 14:1).

10. ა) რა ძალაუფლება უბოძა ღმერთმა მშობლებს? ბ) რას ნიშნავს „აღზრდად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა და როგორ უნდა აღზარდონ მშობლებმა შვილები? (იხილე სქოლიო).

10 მშობლებსაც აქვთ ძალაუფლება ოჯახში. ბიბლიაში ასეთი რჩევაა ჩაწერილი: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). ამ და ბიბლიის სხვა მუხლებში „აღზრდად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება „ წვრთნასა და სწავლებასაც“ ნიშნავდეს. ბავშვებს აღზრდა ესაჭიროებათ; მათზე სასიკეთოდ იმოქმედებს, თუ გასაგებად აუხსნიან, რის გაკეთება შეიძლება და რის — არა. ბიბლიაში ამგვარი აღზრდა და რჩევა-დარიგება სიყვარულთან არის დაკავშირებული (იგავები 13:24). მაშასადამე, იგავების 29:15-ში მოხსენიებული „ჯოხი და შეგონება“არასოდეს უნდა იყოს ემოციურად ან ფიზიკურად შეურაცხმყოფელი a (იგავები 22:15). მკაცრი ან უხეში აღზრდა, რომელიც სიყვარულით არ არის ნაკარნახები, მშობლის ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა, რამაც შეიძლება შვილი ემოციურად გაანადგუროს (კოლოსელები 3:21). მეორე მხრივ, მართებული შეგონება შვილებს მშობლების სიყვარულში დაარწმუნებს და აგრძნობინებს, რომ მშობლები მათი პიროვნებებად ჩამოყალიბების საკითხს უდარდელად არ ეკიდებიან.

11. როგორ შეუძლიათ შვილებს თავიანთი ძალის მართებულად გამოყენება?

11 რა შეიძლება ითქვას შვილებზე? მათ როგორღა შეუძლიათ თავიანთი ძალის მართებულად გამოყენება? „ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა“, — ნათქვამია იგავების 20:29-ში. არაფერია იმაზე უკეთესი, როცა ახალგაზრდები თავიანთ ძალასა და მხნეობას ჩვენი დიდებული შემოქმედისადმი მსახურებაში იყენებენ (ეკლესიასტე 12:1). შვილებს არ უნდა გამორჩეთ მხედველობიდან, რომ თავიანთი ყოფაქცევით მშობლების გრძნობებზე ახდენენ გავლენას (იგავები 23:24, 25). ასე რომ, როცა შვილები ღვთისმოშიშ მშობლებს ემორჩილებიან, მათ გულს უხარებენ (ეფესოელები 6:1). ასეთი ქცევა „მოსაწონია უფლისათვის“ (კოლოსელები 3:20).

კრებაში

12, 13. ა) როგორი შეხედულება უნდა ჰქონდეთ უხუცესებს თავიანთ უფლებამოსილებაზე კრებაში? ბ) მოიყვანე მაგალითი, თუ რატომ უნდა ეპყრობოდნენ უხუცესები სათუთად სამწყსოს.

12 იეჰოვამ ქრისტიანულ კრებას ხელმძღვანელებად ზედამხედველები დაუყენა (ებრაელები 13:17). ამ გამოცდილმა მამაკაცებმა ღვთისგან ბოძებული ძალაუფლება ისე უნდა გამოიყენონ, რომ სამწყსო საჭირო დახმარებით უზრუნველყონ და სულიერადაც აღაშენონ. აძლევს ასეთი მოვალეობები უხუცესებს თანამორწმუნეებზე ბატონობის უფლებას? რა თქმა უნდა, არა! უხუცესები ზომიერად და თავმდაბლად უნდა უყურებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას კრებაში (1 პეტრე 5:2, 3). ზედამხედველებს ასეთი ბიბლიური რჩევა ეძლევათ: მწყემსეთ „ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლის ფასად შეიძინა“ (საქმეები 20:28). ზედამხედველები სწორედ ამიტომ უნდა მოექცნენ სათუთად სამწყსოს თითოეულ წევრს.

13 მაგალითად, ახლო მეგობარს თავისი ძვირფასი ქონების მოვლა-პატრონობა რომ მოენდო შენთვის, განა თვალისჩინივით არ გაუფრთხილდებოდი? მსგავსად, ღმერთმაც მიანდო პასუხისმგებლობა უხუცესებს, რომ თვალისჩინივით გაუფრთხილდნენ ფასდაუდებელ ქონებას ანუ კრებას, რომელიც ბიბლიაში ცხვრის ფარასთანაა შედარებული (იოანე 21:16, 17). იეჰოვასთვის თავისი ცხვრები დიდად ღირებულია — იმდენად ღირებული, რომ მათ შესაძენად თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს, ძვირფასი სისხლი გაიღო. ამაზე მეტი ღმერთს რა უნდა გაემეტებინა? თავმდაბალი უხუცესები ღვთის ასეთ დამოკიდებულებას წამითაც არ ივიწყებენ და უვლიან იეჰოვას ცხვრებს.

ენის ძალა

14. რა ძალა აქვს ენას?

14 „სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 18:21). რაღა თქმა უნდა, ენას დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. რომელი ჩვენგანი არ გაუმწარებია დაუფიქრებელ ან თუნდაც დამამცირებელ შენიშვნას? თუმცა ენას გამოჯანსაღების ძალაც შესწევს. ბრძენის ენა მკურნალივითაა (იგავები 12:18). დიახ, გამამხნევებელი, სასიკეთო სიტყვები გულს მალამოსავით ედება. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი.

15, 16. როგორ შეგვიძლია ენის ძალით ხალხი გავამხნეოთ?

15 „ანუგეშეთ გულდამძიმებულნი“ — ვკითხულობთ 1 თესალონიკელების 5:14-ში. დიახ, იეჰოვას ერთგული მსახურებიც კი შეიძლება დროდადრო თავს დათრგუნულად გრძნობდნენ. როგორ დავეხმაროთ ასეთებს? გულწრფელად შევაქოთ და დავანახვოთ, რომ ძვირფასნი არიან იეჰოვას თვალში. ამოვუკითხოთ ბიბლიური მუხლები იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა ნამდვილად ზრუნავს მათზე და უყვარს ისინი, ვინც გულგატეხილი და სულგამწარებულია (ფსალმუნი 34:18). როცა ენის ძალას სხვების სანუგეშებლად ვიყენებთ, ჩვენს თანამგრძნობ ღმერთს ვბაძავთ, რომელიც „გულდამძიმებულებს ანუგეშებს“ (2 კორინთელები 7:6).

16 ენის ძალით ხალხის გამხნევებაც შეგვიძლია. ვთქვათ, ახალგაზრდა თანამორწმუნეს საყვარელი ადამიანი მოუკვდა. თუ სიტყვებით თანაგრძნობასა და მზრუნველობას გამოვხატავთ, ვანუგეშებთ მგლოვიარეს. თუ ხნიერი, სულიერი ძმა ან და თავს ზედმეტ ადამიანად თვლის, თბილი სიტყვებით შეგვიძლია გულნაკლულობის გრძნობა შევუვსოთ და თავი ღირებულ და ყველასგან დაფასებულ ადამიანად ვაგრძნობინოთ. თუ ვინმეს ქრონიკული სნეულება აწუხებს, შეიძლება ტელეფონით, წერილით ან პირისპირ თბილად საუბრით გავამხნეოთ. როგორ გაიხარებს ჩვენი შემოქმედი, თუ მეტყველების უნარს, როგორც ეფესოელების 4:29-შია ნათქვამი, სხვების განსამტკიცებლად და გასამხნევებლად გამოვიყენებთ!

17. როდის ვიყენებთ ენის ძალას საუკეთესოდ და რატომ უნდა განვაგრძოთ ასე მოქმედება?

17 ენის ძალას საუკეთესოდ მაშინ ვიყენებთ, როცა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ. „ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვისაც ეკუთვნის, როცა დახმარების გაწევა შეგიძლია“ — ნათქვამია იგავების 3:27-ში. ხალხისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასიხარულო ცნობის გაზიარება ხომ ჩვენი ვალდებულებაა. არასწორი იქნებოდა, საიდუმლოდ შეგვენახა ჰაერივით საჭირო ცნობა, რომლის ქადაგების უფლებაც იეჰოვამ დიდსულოვნად მოგვანიჭა (1 კორინთელები 9:16, 22). მაგრამ, როგორ მსახურებას მოელის ჩვენგან იეჰოვა?

როცა ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას, საუკეთესოდ ვიყენებთ ძალას.

ემსახურე იეჰოვას „მთელი ძალით“

18. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან?

18 ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად იეჰოვასადმი სიყვარული აღგვძრავს. რას მოელის იეჰოვა ჩვენგან? იმას, რისი კეთებაც, ცხოვრებისეული მდგომარეობის მიუხედავად, ყოველ ჩვენგანს შეუძლია: „რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ, თითქოს იეჰოვასთვის აკეთებდეთ და არა ადამიანებისთვის“ (კოლოსელები 3:23). იესომ უდიდეს მცნებაშიც ამაზე გაამახვილა ყურადღება: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“ (მარკოზი 12:30). დიახ, იეჰოვა თითოეული ჩვენგანისგან მოელის მთელი სულით სიყვარულსა და მსახურებას.

19, 20. ა) თუკი სული მოიცავს გულს, გონებასა და ძალას, რატომღა მოიხსენიება ისინი ერთად მარკოზის 12:30-ში? ბ) რას ნიშნავს იეჰოვასთვის მთელი სულით მსახურება?

19 რას ნიშნავს ღვთისათვის მთელი სულით მსახურება? სულში იგულისხმება ადამიანი თავისი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობებით. თუკი სული თავისთავად მოიცავს გულს, გონებასა და ძალას, რისთვისღა მოიხსენიება მარკოზის 12:30-ში ერთად? მაგალითად, ბიბლიურ დროში ადამიანს შეეძლო მონად გაეყიდა საკუთარი თავი (თავისი სული). ეს იმის აუცილებელ წინაპირობას როდი წარმოადგენდა, რომ იგი ბატონს მთელი გულით მოემსახურებოდა; შეიძლებოდა პატრონის ნება-სურვილის შესასრულებლად მთელი ძალითა და გონებით არ ემსახურა (კოლოსელები 3:22). ასე რომ, იესომ ალბათ გულიც, გონებაც და ძალაც იმის ხაზგასასმელად მოიხსენია, რომ ღვთისათვის მსახურებაში არაფერი დავიშუროთ. ესე იგი, იეჰოვასთვის მთელი სულით მსახურება იმას ნიშნავს, რომ მუხლჩაუხრელად, ძალ-ღონის დაუშურებლად ვემსახუროთ ღმერთს.

20 მაგრამ ხომ არ ნიშნავს მთელი სულით მსახურება იმას, რომ ყველა თანაბარ დროსა და ენერგიას უნდა ვუძღვნიდეთ მსახურებას? ასეთი რამ შეუძლებელია. ადამიანები მდგომარეობითა და უნარით განსხვავდებიან. მაგალითად, ჯანმრთელი და ამტანი ახალგაზრდა ქადაგებას მეტ დროს დაუთმობს, ვიდრე ფიზიკურად დასუსტებული ხანდაზმული; დაუქორწინებელს უფრო მეტი დროის გამოყოფა შეუძლია, ვიდრე დაოჯახებულს. და თუ ჩვენი ძალ-ღონე და პირობები იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ბევრი ვიმსახუროთ, რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ იეჰოვასი! ჩვენი მიზანი არ არის, სხვებს შევადაროთ საკუთარი თავი ან ვაკრიტიკოთ ისინი (რომაელები 14:10—12). პირიქით, ძალის გამოყენება სხვების გასამხნევებლად გვსურს.

21. რა არის ძალის გამოყენების საუკეთესო საშუალება?

21 იეჰოვა საკუთარი ძალის მართებულად გამოყენების სრულყოფილ მაგალითს გვაძლევს და მიუხედავად არასრულყოფილებისა, გვინდა, რომ შეძლებისდაგვარად საუკეთესოდ მივბაძოთ. პატივისცემით მოვეკიდოთ ადამიანთა გრძნობებს, რომლებსაც ჩვენზე ნაკლები ძალაუფლება აქვთ. გარდა ამისა, მთელი სულით გვსურს ღვთივმომადლებულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება (რომაელები 10:13, 14). გახსოვდეს, იეჰოვა კმაყოფილია, როცა მთელი სულით საუკეთესოს გასცემ. განა გულიც იმას არ გკარნახობს, რომ ემსახურო ასეთ თანამგრძნობ და მოსიყვარულე ღმერთს?! განა არსებობს საკუთარი ძალის ამაზე უკეთ გამოყენების შესაძლებლობა?!

a ბიბლიურ დროში სიტყვა, რომელიც „ჯოხად“ ან „კეტად“ არის ნათარგმნი, ისეთ ჯოხს ან კომბალს ნიშნავდა, რომელსაც მწყემსი ცხვრების დასამწყემსად იყენებდა (ფსალმუნი 23:4). ამგვარად, მშობლის ძალაუფლების „ჯოხი“ სიყვარულით ნაკარნახები ხელმძღვანელობის აზრს ატარებს და არა — მკაცრი ან სასტიკი დასჯის.