თავი 133
იესოს სხეულს დასაკრძალად ამზადებენ
მათე 27:57—28:2; მარკოზი 15:42—16:4; ლუკა 23:50—24:3; იოანე 19:31—20:1
-
იესოს სხეულს ძელიდან ხსნიან
-
იესოს სხეულს დასაკრძალად ამზადებენ
-
ქალები ხედავენ, რომ სამარხი ცარიელია
14 ნისანია, ნაშუადღევი, პარასკევი დღე იწურება. მზის ჩასვლის შემდეგ 15 ნისანი, შაბათი დღე დადგება. იესო უკვე მკვდარია, მაგრამ მის გვერდით ბოძებზე გაკრული ორი ყაჩაღი ჯერ კიდევ ცოცხალია. კანონის თანახმად, „გვამი არ უნდა დარჩეს ძელზე მთელი ღამე“, გარდაცვლილი „იმ დღესვე“ უნდა დაიმარხოს (კანონი 21:22, 23).
აღსანიშნავია, რომ პარასკევ ნაშუადღევს სამზადისი იწყება, რადგან ამ დროს ხალხი საჭმელს ამზადებს და ცდილობს, ყველა ის საქმე გააკეთოს, რაც კვირამდე ვერ დაიცდის; ამას „სამზადისის დღე“ ეწოდება. მზის ჩასვლის შემდეგ „დიდი შაბათი“ დაიწყება (იოანე 19:31). 15 ნისანით შვიდდღიანი უფუარობის დღესასწაული იწყებოდა, რომელიც ყოველთვის შაბათ დღედ ითვლებოდა (ლევიანები 23:5, 6). ამჯერად ეს დღე კვირის მეშვიდე დღეს, ყოველკვირეულ შაბათს ემთხვევა და ამიტომ ეწოდება „დიდი შაბათი“.
ასე რომ, იუდეველები პილატეს სთხოვენ, დააჩქაროს იესოს და მასთან ერთად გაკრული ორი ყაჩაღის სიკვდილი. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მათ წვივებს გადაუმტვრევენ, რადგან ასეთ დროს ძელზე დაკიდებული ვეღარ ახერხებს, წვივებს დაეყრდნოს, რომ წამოიწიოს და ისუნთქოს. როცა ჯარისკაცები წამების ბოძებთან მიდიან, ორ ბოროტმოქმედს წვივებს უმტვრევენ, იესოს კი თავს ანებებენ, რადგან ხედავენ, რომ ის უკვე მკვდარია. ამგვარად სრულდება ფსალმუნის 34:20: „ის იცავს მის ძვლებს, არც ერთი მათგანი არ გადატყდება“.
იოანე 19:34). ამით წმინდა წერილებში ჩაწერილი კიდევ ერთი წინასწარმეტყველება სრულდება: „შეხედავენ მას, ვინც განგმირეს“ (ზაქარია 12:10).
იმაში დასარწმუნებლად, რომ იესო ნამდვილად მოკვდა, ჯარისკაცები შუბს გულმკერდის არეში, ფერდში უყრიან; მას მაშინვე სისხლი და წყალი მოსდის (ამ დროს იქ იმყოფება ერთი „მდიდარი კაცი“, სინედრიონის პატივცემული წევრი იოსები; ის ქალაქ არიმათეიდანაა (მათე 27:57). იგი კარგი და მართალი კაცის სახელითაა ცნობილი, რომელიც „ღვთის სამეფოს“ ელის. იოსებ არიმათეელი არ ეთანხმება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სასამართლომ იესოს წინააღმდეგ მიიღო, რადგან იგი მისი მოწაფეა, ოღონდ იუდეველების შიშით ფარულად (ლუკა 23:50; მარკოზი 15:43; იოანე 19:38). იოსები გაბედულებას იკრებს და პილატეს იესოს ცხედრის ჩამოხსნის ნებართვას სთხოვს. პილატე ასისთავს უხმობს, რომელიც ამ ყველაფერს მეთვალყურეობს და მისგან იგებს, რომ იესო ნამდვილად მკვდარია. ამის შემდეგ იოსებს ცხედრის ჩამოხსნის ნებას რთავს.
იოსები ყიდულობს საუკეთესო სელის სუფთა ტილოს, ცხედარს ძელიდან ხსნის და მასში ახვევს, რათა დაკრძალვისთვის მოამზადოს. ამ მოსამზადებელ საქმეებში ნიკოდემეც მონაწილეობს, რომელმაც „პირველად ღამით მიაკითხა“ იესოს (იოანე 19:39). მას დაახლოებით ოცდაათი კილო ძვირადღირებული შეხვეული სმირნა და ალოე მიაქვს, რის შემდეგაც, იუდეველთა ჩვეულების თანახმად, იესოს ცხედარს სახვევებში ახვევენ, რომელშიც სურნელოვანი მცენარეებია ჩატანებული.
იოსებს იქვე ახლოს კლდეში გამოკვეთილი სამარხი აქვს, რომელშიც მანამდე არავინ დაუსვენებიათ. იესოს სხეულს სწორედ იქ ასვენებენ და სამარხის შესასვლელთან დიდ ლოდს დებენ. ისინი ძალიან სწრაფად მოქმედებენ, რადგან ყველაფერი შაბათის დადგომამდე უნდა მოესწროს. როგორც ჩანს, მარიამ მაგდალელი და იაკობ მცირის დედა, მარიამიც ეხმარებიან სხვებს, რომ იესოს სხეული დასაკრძალად მოამზადონ. ახლა ისინი ჩქარი ნაბიჯით მიდიან სახლში, რათა „სურნელოვანი მცენარეები და ნელსაცხებლები“ მოამზადონ და შაბათის შემდეგ იესოს ცხედარს სცხონ (ლუკა 23:56).
მომდევნო დღეს, შაბათს, უფროსი მღვდლები და ფარისევლები პილატესთან მიდიან და ეუბნებიან: „გაგვახსენდა, იმ თვითმარქვიამ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თქვა, სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. ამიტომ ბრძანე, სამარხი მესამე დღემდე დაიცვან, რათა მისი მოწაფეები არ მივიდნენ, არ მოიპარონ იგი და ხალხს არ უთხრან, მკვდრეთით აღდგაო, თორემ ეს უკანასკნელი ტყუილი პირველზე უარესი იქნება“. ამაზე პილატე პასუხობს: „თქვენ გყავთ მცველები. წადით და როგორც იცით, ისე დაიცავით“ (მათე 27:63—65).
კვირას, სისხამ დილით მარიამ მაგდალელს, იაკობის დედა მარიამს და სხვა ქალებს სურნელოვანი მცენარეები მიაქვთ, რათა იესოს ცხედარს სცხონ. ისინი ერთმანეთს ეკითხებიან: „ლოდს ვინ გადაგვიგორებს სამარხის შესასვლელიდან?“ (მარკოზი 16:3). მაგრამ იქ მიწისძვრა მომხდარიყო. მეტიც, სამარხის შესასვლელში დადებული ქვა ღვთის ანგელოზს გადაეგორებინა, მცველებიც არსად ჩანდნენ, სამარხი კი ცარიელი იყო.