თავი 3
ის, ვინც ყველაფერი შექმნა
გინდა, სასწაული განახო? ~ დახედე შენს ხელს. აბა, თითები მოხარე. ახლა ხელით რაიმე აიღე. შენს ხელს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. იცი, ვინ შექმნა ჩვენი ხელები? ~
იმან, ვინც ჩვენი პირი, ცხვირი და თვალები შექმნა. ეს ყველაფერი ღმერთმა, დიდებული მასწავლებლის მამამ, შექმნა. განა არ გვიხარია, თვალები რომ გვაქვს? ~ თვალებით ბევრ რამეს ვხედავთ: ყვავილებს, მწვანე, ხასხასა ბალახსა და ლურჯ ცას. ჩვენ ჩიტების დანახვაც შეგვიძლია, აი ასეთების, საკენკს რომ კენკავენ. მართლა სასწაული არ არის, რომ ვხედავთ? ~
ვინ შექმნა ისინი? ადამიანმა? არა. ადამიანს სახლის აშენება შეუძლია, მაგრამ ბალახის შექმნას ვერასდროს შეძლებს. მას არ შეუძლია ბარტყების, ყვავილების ან სხვა ცოცხალი არსებების შექმნა. იცოდი ეს? ~
ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა. მან შექმნა ცა და დედამიწა. ადამიანებიც — პირველი მამაკაცი და ქალი — ღმერთმა შექმნა. ამას იესო, დიდებული მასწავლებელი, ასწავლიდა (მათე 19:4—6).
საიდან იცოდა იესომ, რომ მამაკაცი და ქალი ღმერთმა შექმნა? ხედავდა ის, როცა ღმერთი ამას აკეთებდა? ~ დიახ. იესო ღმერთთან იყო, როდესაც ის მამაკაცსა და ქალს ქმნიდა. სულ პირველად ღმერთმა იესო შექმნა. ის ანგელოზი იყო და ზეცაში მამასთან ცხოვრობდა.
ბიბლიაში ვკითხულობთ: «თქვა ღმერთმა: „შევქმნათ ადამიანი“» (დაბადება 1:26). იცი, ვის ეუბნებოდა ღმერთი ამას? ~ თავის შვილს, რომელიც შემდეგ დედამიწაზე მოვიდა. ეს იესო იყო.
რა საინტერესოა, არა? აბა, დაფიქრდი! თუ იესოს ვუსმენთ, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვსწავლობთ მისგან, ვინც ღმერთთან ცხოვრობდა? იესო ხომ ღმერთთან იყო, როდესაც ის ქმნიდა დედამიწას და იმ ყველაფერს, რაც მასზეა. იესომ მამისგან ბევრი ისწავლა ზეცაში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ის დიდებული მასწავლებელია!
შენ გგონია, ღმერთი მარტოობის გამო მოწყენილი იყო და იმიტომ შექმნა თავისი ძე? ~ არა, ეს არ იყო ასე. მაშ, რატომღა შექმნა სხვა ცოცხალი არსებები? ~ იმიტომ, რომ ის სიყვარულის ღმერთია. მას უნდოდა, სხვებსაც ეცხოვრათ და სიცოცხლით გაეხარათ. ჩვენ ყოველთვის მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ ღმერთს იმისათვის, რომ მან სიცოცხლე გვაჩუქა.
ღვთის შემოქმედებაში ჩანს, რომ მან ყველაფერი სიყვარულით შექმნა. მან შექმნა მზე, რომელიც სინათლეს გვაძლევს და გვათბობს. მზე რომ არ ყოფილიყო, ყველაფერი გაიყინებოდა და დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. განა არ გიხარია, ღმერთმა მზე რომ შექმნა? ~
წვიმაც ღმერთმა შექმნა. ხანდახან, ალბათ, არ გიხარია, როცა წვიმს, რადგან ამ დროს ეზოში სათამაშოდ ვერ გადიხარ. მაგრამ წვიმა რომ არ ყოფილიყო, ყვავილები ვერ გაიზრდებოდა. მაშ, როდესაც ლამაზ ყვავილებს ვხედავთ, ვის უნდა ვუმადლოდეთ მათი არსებობისთვის? ~ ღმერთს. ასევე, ვის უნდა ვუთხრათ მადლობა, როდესაც გემრიელ ხილსა და ბოსტნეულს ვჭამთ? ~ რა თქმა უნდა, ღმერთს, რადგან მან შექმნა მზე და წვიმა, რომ მცენარეები გაზრდილიყვნენ.
ვინმეს რომ ეკითხა შენთვის — ადამიანები და ცხოველები ვინღა შექმნაო, რას ეტყოდი? ~ ამ კითხვაზე სწორი პასუხი ასეთია: ადამიანებიც და ცხოველებიც ღმერთმა შექმნა. როგორ მოვიქცეთ, თუ ზოგიერთს არ სჯერა, რომ ადამიანი ნამდვილად ღმერთმა შექმნა? ან როდესაც ვინმე გვეუბნება, რომ ადამიანი ცხოველისგან წარმოიშვაო? ბიბლია არ გვასწავლის ამას. ის ამბობს, რომ ყველა ცოცხალი არსება ღმერთმა შექმნა (დაბადება 1:26—31).
ზოგმა შეიძლება გითხრას, რომ ღმერთი არა სწამს. რა უნდა უთხრა მას ამ დროს? ~ გაახედე რომელიმე სახლისკენ და ჰკითხე: „ვინ ააშენა ის სახლი?“ ყველამ იცის, რომ სახლი ადამიანმა ააშენა. ცხადია, სახლი თავისით არ აშენდებოდა! (ებრაელები 3:4).
შემდეგ ლამაზი ყვავილები დაანახე და ჰკითხე: „ვინ შექმნა ყვავილები?“ ისინი ადამიანს არ შეუქმნია. როგორც სახლი არ აშენებულა თავისით, ასევე ყვავილებიც ვერ გაჩნდებოდა თავისით. ისინი ღმერთმა შექმნა.
მერე ამ ადამიანს სთხოვე, ჩიტების ჭიკჭიკს მოუსმინოს. ჰკითხე: „ვინ შექმნა ჩიტები და ვინ ასწავლა მათ ჭიკჭიკი?“ ცა, დედამიწა და ყველა ცოცხალი არსება ღმერთმა შექმნა! სიცოცხლეს მხოლოდ ღმერთი იძლევა.
ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, რომ მხოლოდ ის სწამს, რასაც ხედავს. მან შეიძლება გითხრას: „ვერ დავიჯერებ იმის არსებობას, რასაც ვერ ვხედავ“. ასე რომ, ზოგიერთს ღმერთი იმიტომ არა სწამს, რომ მას ვერ ხედავს.
ის, რომ ღმერთს ვერ ვხედავთ, სიმართლეა. ბიბლია ამბობს: ‘არავის შეუძლია ღმერთის დანახვა’. დედამიწაზე არავის — არც კაცს, არც ქალს და არც ბავშვს — არ შეუძლია მისი დანახვა. ამიტომ არავინ უნდა ეცადოს, რომ ღმერთი დახატოს. ღმერთი გვეუბნება, რომ არ გავიკეთოთ მისი სურათი. ღმერთს არ მოეწონება, თუ სახლში ასეთი ნივთები გვექნება (გამოსვლა 20:4, 5; 33:20; იოანე 1:18).
საინტერესოა, თუ ღმერთს ვერ ვხედავთ, როგორ დავიჯეროთ, რომ ის ნამდვილად არსებობს? აბა, დაფიქრდი. გინახავს ქარი? ~ არა. ქარის დანახვა არავის შეუძლია, მაგრამ შენ ხედავ იმას, რასაც ქარი აკეთებს. როდესაც ქარი უბერავს, ხედავ, როგორ მოძრაობენ და შრიალებენ ფოთლები. ამიტომაც გჯერა, რომ ქარი არსებობს.
შენ იმის დანახვაც შეგიძლია, რაც ღმერთმა შექმნა, მაგალითად ყვავილის ან ჩიტის. ამიტომ გჯერა, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს.
ვინმემ შეიძლება გკითხოს: „ვინ შექმნა მზე და დედამიწა?“ ბიბლია ამბობს: „შექმნა ღმერთმა ცა და მიწა“ (დაბადება 1:1). დიახ, ეს მშვენიერი ციური სხეულები ღმერთმა შექმნა! რას ფიქრობ ამაზე? ~
ხომ კარგია, რომ ვარსებობთ? ჩვენ შეგვიძლია ჩიტების საამურ ჟღურტულს ვუსმინოთ, ვუყუროთ ღვთის შექმნილ ყვავილებსა და ლამაზ ბუნებას, მივირთვათ ღვთის მიერ შექმნილი გემრიელი საკვები.
ამ ყველაფრისთვის ღმერთს მადლობას უნდა ვუხდიდეთ. ყველაზე მეტად კი ღვთის მადლიერი იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ მან სიცოცხლე გვაჩუქა. თუ ნამდვილად მადლობლები ვართ, მაშინ ღვთისთვის რაღაცა უნდა გავაკეთოთ კიდეც. იცი, რა? ~ ღმერთს უნდა დავუჯეროთ და ის ვაკეთოთ, რასაც ბიბლიაში გვეუბნება. თუ ასე მოვიქცევით, დავამტკიცებთ, რომ გვიყვარს ის, ვინც ყველაფერი შექმნა.
ღმერთს მადლობას უნდა ვეუბნებოდეთ იმ ყველაფრისთვის, რაც მან შექმნა. როგორ? წაიკითხე ფსალმუნების 138:14; იოანეს 4:23, 24; 1 იოანეს 5:21 და გამოცხადების 4:11.