თავი 42
რატომ უნდა ვიშრომოთ?
რა უფრო ძალიან გიყვარს: მუშაობა თუ თამაში? ~ თამაშში ცუდი არაფერია. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იერუსალიმი ‘სავსე იქნებოდა ბიჭებითა და გოგონებით, რომლებიც მის მოედნებზე ითამაშებდნენ’ (ზაქარია 8:5).
დიდებულ მასწავლებელს სიამოვნებდა მოთამაშე ბავშვების ყურება. დედამიწაზე ჩამოსვლამდე მან თქვა: „მე გვერდით ვყავდი [ღმერთს], როგორც ოსტატი ... ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი“. ყურადღება მიაქციე იმას, რომ იესო ოსტატად მსახურობდა იეჰოვასთან ზეცაში, ანუ ის შრომობდა მასთან ერთად. ზეცაში ყოფნისას იესომ თქვა: „ადამის მოდგმაში იყო ჩემი სიხარული“. დიახ, როგორც უკვე ვისწავლეთ, დიდებული მასწავლებელი ნამდვილ ინტერესს ავლენდა ადამიანებისადმი, მათ შორის ბავშვებისადმიც (იგავები 8:30, 31).
~ როგორც ჩანს, თამაშობდა. რადგან იესო ზეცაში შრომობდა, მუშაობდა ის დედამიწაზეც? ~ მას „დურგლის ვაჟს“, ხანდახან კი „დურგალს“ ეძახდნენ. რას ვიგებთ აქედან? ~ იმას, რომ იოსებმა, რომელმაც საკუთარი შვილივით აღზარდა იესო, დურგლობა ასწავლა მას. ასე რომ, იესო დურგალიც გახდა (მათე 13:55; მარკოზი 6:3).
როგორ ფიქრობ, თამაშობდა იესო, როცა პატარა იყო?როგორი დურგალი იყო იესო? ~ როგორ ფიქრობ, თუ ზეცაში იყო იესო ოსტატი, განა დედამიწაზე კარგი დურგალი არ იქნებოდა? ~ გაითვალისწინე, რომ დურგლობა იმ დროს რთული პროფესია იყო. იესოს, ალბათ, ტყეში წასვლა, ხის მოჭრა და მისი დაჭრა უწევდა. მასალა სახლში მოჰქონდა, შემდეგ მას ფორმას აძლევდა და მაგიდებს, სკამებსა და სხვა ნივთებს აკეთებდა.
კმაყოფილი იყო იესო ამ სამუშაოთი? ~ გაგიხარდებოდა მაგიდების, სკამებისა და სხვა ნივთების გაკეთება რომ შეგძლებოდა? ~ ბიბლია ამბობს, რომ ‘კარგია კაცისთვის იხაროს თავისი ნაღვაწით’. მუშაობას ისეთი კმაყოფილება მოაქვს, რასაც თამაშის დროს ვერ განიცდი (ეკლესიასტე 3:22).
მუშაობა გონებისთვისაც კარგია და სხეულისთვისაც. ბევრი ბავშვი მხოლოდ ტელევიზორს უყურებს ან ვიდეო თამაშებით ერთობა. ასეთები ძალიან სუქდებიან და ფიზიკურად სუსტდებიან. ისინი ნამდვილად არ არიან ბედნიერები. მათ არც სხვების გახარება შეუძლიათ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ? ~
ამ წიგნის მე-17 თავიდან გავიგეთ, რომ გაცემას და სხვების დახმარებას ბედნიერება მოაქვს (საქმეები 20:35). ბიბლია იეჰოვას „ბედნიერ ღმერთს“ უწოდებს (1 ტიმოთე 1:11). როგორც იგავებში ვკითხულობთ, იესოც ‘მუდამ მის წინაშე ლაღობდა’, ანუ ხარობდა; იესო ბედნიერი იყო. რატომ იყო იესო ბედნიერი? ~ ამის ერთ-ერთი მიზეზი მან ასე ახსნა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოანე 5:17).
დედამიწაზე ყოფნისას იესო მხოლოდ დურგალი არ ყოფილა. იეჰოვამ მას მისცა განსაკუთრებული დავალება, რომელიც დედამიწაზე უნდა შეესრულებინა. იცი, რა დავალება? ~ იესომ თქვა: „უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკა 4:43). როცა იესო ქადაგებდა, ზოგს სჯეროდა მისი. შემდეგ ისინი მიდიოდნენ და სხვებს უყვებოდნენ იესოს შესახებ. მაგალითად, ასე მოიქცა სამარიელი ქალი, რომელსაც ამ სურათზე ხედავ (იოანე 4:7—15, 27—30).
რას ფიქრობდა იესო ამ საქმეზე? შენი აზრით, უნდოდა მას ამის გაკეთება? ~ იესომ თქვა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება-სურვილი და დავასრულო მისი საქმე“ (იოანე 4:34). გიხარია, როცა შენს საყვარელ საჭმელს მიირთმევ? ~ ალბათ, ახლა ხვდები, როგორ ძალიან მოსწონდა იესოს ღვთისგან მიცემული დავალების შესრულება.
ღმერთმა ისე შეგვქმნა, რომ შრომას სიხარული მოაქვს ჩვენთვის. მან თქვა, რომ ადამიანისთვის ღვთის ძღვენია „იხაროს თავისი შრომით“. ამიტომ, თუ შრომას ბავშვობიდანვე მიეჩვევი, უფრო სასიამოვნო ცხოვრება გექნება (ეკლესიასტე 5:19).
ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვები იმის გაკეთებას შეძლებენ, რასაც უფროსები აკეთებენ. თუმცა რაღაცის გაკეთება ყველას შეგვიძლია. შეიძლება შენი მშობლები დილიდან საღამომდე მუშაობენ, რომ საჭმელი იყიდონ და ბინის ქირა გადაიხადონ. როგორც იცი, სახლში ბევრი საქმეა გასაკეთებელი, რათა სისუფთავე და წესრიგი იყოს.
რისი გაკეთება შეგიძლია ოჯახის წევრების დასახმარებლად? ~ შეგიძლია მაგიდის გაწყობაში ან ჭურჭლის გარეცხვაში მიეხმარო, ნაგავი გადაყარო, შენი ოთახი დაალაგო, ან მიმოფანტული სათამაშოები აკრიფო. შეიძლება აკეთებ კიდეც ამას, რითაც დიდად ეხმარები ოჯახს.
როგორ? მოდი ვნახოთ. თამაშის შემდეგ სათამაშოები თავის ადგილზე უნდა დაალაგო. შენი აზრით, რატომაა ამის გაკეთება საჭირო? ~ სახლი არეული რომ არ იყოს. თანაც უბედური შემთხვევაც არ მოხდება. თუ სათამაშოებს არ აკრეფ, შინ დაბრუნებულმა დედამ, რომელსაც ხელში ჩანთები უჭირავს, შეიძლება რომელიმე მათგანს ფეხი წამოკრას, დავარდეს და რამე იტკინოს. შეიძლება საავადმყოფოშიც კი წაიყვანონ. განა ეს ცუდი არ იქნება? ~ ახლა, ხომ ხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია თამაშის შემდეგ სათამაშოების თავ-თავის ადგილზე დალაგება.
ბავშვებმა სხვა სამუშაოც უნდა შეასრულონ. მათ კარგად უნდა ისწავლონ სკოლაში, სადაც კითხვასაც ასწავლიან. ზოგიერთი ~
სიამოვნებით კითხულობს, მაგრამ სხვებს უჭირთ ამის გაკეთება. თავიდან შეიძლება შენც გაგიჭირდეს, მაგრამ როცა კითხვას კარგად ისწავლი, წაკითხვა სიხარულს მოგანიჭებს, ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავ და გაიგებ. მაშინ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, წაკითხვასაც პირადად შეძლებ. მაშ, განა კარგი არაა სკოლაში კარგად სწავლა?ზოგიერთი თავს არიდებს მუშაობას. შეიძლება იცნობ კიდეც ასეთებს. ღმერთმა იმიტომ შეგვქმნა, რომ ვიშრომოთ; საჭიროა ვისწავლოთ, როგორ შეიძლება საქმის სიამოვნებით კეთება. რამდენად სიამოვნებდა დიდებულ მასწავლებელს თავისი სამუშაო? ~ მან ის საყვარელ საჭმელს შეადარა. რა იყო იესოს საქმე? ~ ის ხალხს ელაპარაკებოდა იეჰოვა ღმერთისა და იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა მარადიული სიცოცხლის მიღება.
აი, რა დაგვეხმარება იმაში, რომ შრომა შევიყვაროთ. ჰკითხე საკუთარ თავს: რისთვის არის საჭირო ამ საქმის შესრულება? როცა იცი, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, უფრო ადვილად გააკეთებ. იმისდა მიუხედავად, სამუშაო მნიშვნელოვანია თუ არა, ეცადე კეთილსინდისიერად შეასრულო. თუ ასე მოიქცევი, ჩვენი დიდებული მასწავლებლის მსგავსად, შეიძლება შენი ნაშრომით გაიხარო.
ბიბლია ეხმარება ადამიანს, გახდეს გულმოდგინე მშრომელი. წავიკითხოთ იგავების 10:4; 22:29; ეკლესიასტეს 3:12, 13 და კოლოსელების 3:23.